Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზის სექტორიდან ისრაელის წასვლის შემდეგ არაბეთ-ისრაელის ურთიერთობაში პროგრესია მოსალოდნელი


ანდრო ეული, პრაღა მას შემდეგ, რაც ისრაელის ჯარმა ღაზის სექტორიდან და ნაწილობრივ იორდანეს დასავლეთი ნაპირიდან ებრაელ მოსახლეთა ევაკუაცია განახორციელა,

არაბეთ-ისრაელის ურთიერთობაში დაძაბულობის განმუხტვის იშვიათი შესაძლებლობა გამოჩნდა. ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაკმა ქებითაც კი მოიხსენია ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი, როგორც ისრაელის ერთადერთი ლიდერი, ვისაც ხელეწიფება მშვიდობის დამყარება. მაშ რას უნდა მოველოდეთ მორიგ ნაბიჯად პალესტინა-ისრაელის ურთიერთობაში?


ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ისრაელმა პალესტინელებს დაუბრუნა ოკუპირებული ტერიტორია, ხოლო ტელეეკრანზე, თავიანთი სახლებიდან გაძევებულ ებრაელ მოსახლეთა განრისხებული სახეები ვიხილეთ. მაგრამ ისრაელმა სამხედროებმა ბოლომდე მიიყვანეს დაწყებული საქმე, თუმცა არაერთი ჯარისკაცი ევაკუირებულ თანამემამულებსთან ერთად ტიროდა.

ჯარისკაცები ასრულებდნენ პრემიერ-მინისტრ არიელ შარონის ბრძანებას, ადამიანისა, რომელიც მკაცრი კურსის მომხრე ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკოსად იყო იმთავითვე მიჩნეული.

მაგრამ არა ებრაელმა მოსახლეებმა, არამედ სწორედ შარონმა გააცნობიერა ის პოლიტიკური და სამხედრო რეალობა, რომ შეუძლებელი იყო განუსაზღვრელი ვადით დაკავება ტერიტორიისა, სადაც მილიონზე მეტი განრისხებული პალესტინელი ბინადრობს.

ღაზის დათმობამ პირველად შარონი წარმოაჩინა ისრაელის ისეთ ლიდერად, რომელსაც მშვიდობის დამყარება შეუძლია ახლო აღმოსავლეთში. ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაკმა "სიტყვის კაცი" უწოდა შარონს, როგორც ისრაელის ერთადერთ ლიდერს, ვისაც მშვიდობის დამყარება ხელეწიფება.

პალესტინელთა ავტონომიის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა ქებით მოიხსენია ასევე არიელ შარონი, და მას პარტნიორი უწოდა სამშვიდობო პროცესში. შარონი და აბასი უახლოეს დღეებში შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

ხოლო შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებისკენ მოუწოდა ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირებულ მხარეებს {ჯორჯ ბუშის ხმა}: "მივესალმები პრემიერ-მინისტრ შარონს მიღებული გადაწყვეტილებისთვის, რამაც ნამდვილად შეცვალა რეგიონში არსებული დინამიკა და რეალური იმედი აღუძრა პალესტინელ ხალხს. მე ვჭვრეტ და ვიმედოვნებ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ ვიხილავთ ორ სახელმწიფოს, ორ დემოკრატიულ სახელმწიფოს, გვერდიგვერდ, მშვიდობიან თანაარსებობაში".

მაგრამ ყველას როდი სჯერა, რომ შარონი ბოლომდე დარჩება მშვიდობის ინიციატორად. ეს ადამიანები ამბობენ, რომ შარონმა შესაძლოა კიდევ უფრო აქტიურად დაუჭიროს მხარი ახალ ებრაულ დასახლებათა მშენებლობას მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში. აი რა განაცხადა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში პალესტინელთა ბირცეიტის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰიშამ აჰმედმა: "მართლაცდა არის შესაძლებლობა მშვიდობის დამყარებისა, რასაც იმედი მაქვს, არ უგულვებელყოფს თავად შარონი. თუ იგი კიდევ უფრო მეტი დასახლებეათა მშენებლობას დაიწყებს იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და იერუსალიმში, ეს საკუთარ ფეხში ტყვიის მოხვედრის ტოლფასი იქნება. ხოლო თუ შარონი ისრაელის საზოგადოებრივ აზრს გაუწევს ანგარიშს, მან რეგიონში სიმშვიდისა და სტაბილურობისაკენ უნდა მიმართოს მთელი ძალისხმევა".

მნიშვნელოვან მიღწევად მიაჩნიათ მიმომხილველებს რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისთვის ისრაელსა და ეგვიპტეს შორის მიღწეული შეთანხმება, რომლის ძალითაც საზღვარს ღაზის სექტორსა და ეგვიპტეს შორის ამიერიდან, ისრაელი სამხედროების ნაცვლად 750 ეგვიპტელი მესაზღვრე გააკონტროლებს. მათი უპირველესი ამოცანა იქნება - არ დაუშვან ეგვიპტის ტერიტორიიდან იარაღის კონტრაბანდა ღაზის სექტორში.
XS
SM
MD
LG