Accessibility links

logo-print

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სიტუაციის გამწვავებასთან დაკავშირებით საქართველოს მხარე ინიციატივით გამოდის


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სიტუაციის გამწვავების გამო საქართველოს მხარე თბილისში შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის გამართვის ინიციატივით გამოდის.

სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ სპეციალური წერილით მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა უფრო აქტიურად ჩაერთონ კონფლიქტის ზონაში ადამიანთა გატაცების ფაქტების გამოძიებაში, ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეებს კი კომისიის სხდომის მოწვევა 2 სექტემბრისთვის მოსთხოვა. კონფლიქტის ზონაში ვითარება კვლავ დაძაბულია, თუმცა არა ისე, როგორც ახლახან სოფელ ქურთასთან 5 ოსის მძევლად აყვანის გამო იყო.

სოფელ ქურთასთან დატყვევებული ოსები - მათ შორის, ქალი და ბავშვი - ამა წლის 6 ივნისს ცხინვალიდან გატაცებული ქართველების ახლობლებმა ნებაყოფლობით გაათავისუფლეს. ამ ფაქტმა კონფლიქტის ზონაში შექმნილი მორიგი დაძაბულობა ასე თუ ისე განმუხტა, თუმცა არავინ იცის შურისძიების სურვილი ხვალ და ზეგ რას მოამოქმედებინებს ადამიანებს, რომლებიც გატაცებული ახლობლების გამოჩენას თითქმის სამი თვეა უშედეგოდ ელიან.

შერეული სამშვიდობო ძალების მიერ კონტროლირებად, მაგრამ რეალურად უკონტროლო ტერიტორიაზე კრიმინალები სრულიად უდანაშაულო ადამიანებს იტაცებენ. ძმები ხაჭაპურიძეების გატაცება პირველი და უკანასკნელი შემთხვევა არ ყოფილა. ოსი კრიმინალების მიერ ქართველების გატაცებას 6 ივნისამდეც ჰქონდა ადგილი და მას შემდეგაც. რამდენიმე დღის წინ, 19 აგვისტოს, ფრონეს ხეობაში დაუდგენელმა პირებმა 11 წლის გენო პეტრიაშვილი გაიტაცეს და უბიათა-გვერევის მიმართულებით წაიყვანეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ოსურმა მხარემ იგნორირება მოახდინა ქართველ სამართალდამცველთა მოთხოვნისა, ოსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ერთობლივი სამძებრო ღონისძიება ჩატარებულიყო. 24 აგვისტოს სოფელ ქურთასთან უკვე ქართველების მიერ შურისძიების მოტივით გატაცებული ოსების გათავისუფლების შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ოსურ მხარეს მოუწოდა ასეთივე ოპერატიულობით მიაღწიოს გატაცებული ქართველების გათავისუფლებას. საპასუხო ნაბიჯები არ ჩანს. ეს არის, რომ ედუარდ კოკოითის პირადი წარმომადგენელი ვაჟა ხაჭაპურიძე კონფლიქტის ზონაში არსებული პრობლემების გამო ქართველებსა და ოსებს ერთნაირად ადანაშაულებს:

[ვაჟა ხაჭაპურიძის ხმა] ”ორივე მხარეა დამნაშავე, მარტო განცხადებებით და რეზოლუციების მიღებით კი არ უნდა კმაყოფილდებოდნენ, ამას უნდა განხორციელება, დემილიტარიზაცია, გზების გახსნა, სოციალური პირობების შექმნა. სადა ხართ? რას აკეთებენ?”

საქართველოს მხარეს სურს ამ და სხვა პრეტენზიებზე მორიგი მსჯელობა 2 სექტემბერს გამართოს თბილისში. როგორც უკვე ვთქვით, სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა თბილისში ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის გამართვის ინიციატივით გამოვიდა, რასთან დაკავშირებითაც მისმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში აღნიშნა:

[გიორგი ვოლსკის ხმა] ” რეგიონის ტერიტორია იქცა კრიმინალების თავშესაფრად. როგორც ჩანს, ადგილობრივ ხელისუფლებას არ ძალუძს ამასთან სრულფასოვნად ბრძოლა. ამიტომ უნდა შევიკრიბოთ და ვთქვათ, რომელ მხარეს რისი გაკეთება შეუძლია იმისათვის, რომ სამშვიდობო პროცესმა არ შეიძინოს რეგრესული ხასიათი. ”

მხარეებში რუსეთიც იგულისხმება. ამიტომ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეებისთვის გაგზავნილ მიმართვაში სახელმწიფო მინისტრი რუსეთს ურჩევს, უბრალო რიტორიკის ნაცვლად კონკრეტული ქმედებებით დაამტკიცოს მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციის მნიშვნელობა.

25 აგვისტოსთვის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალებს უწინდებურად ჩაკეტილი ჰქონდათ შემოვლითი გზა, რადგან ტყის პირას გამავალი ეს გზა განსაკუთრებით საშიშია მგზავრებისთვის. მოძრაობა გაიხსნა ცხინვალი-ჯავის მაგისტრალზე, თუმცა სამშვიდობოების კონტროლქვეშ.
XS
SM
MD
LG