Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრაგედია ჯაპანასთან. რესპუბლიკური პარტიის ლიდერი სიკვდილს გადაურჩა


დღეს გაირკვა ოთხშაბათ საღამოს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯაპანასთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაღუპული ორი ადამიანის ვინაობა.

ქობულეთში მცხოვრები ძმები ლევან და გიორგი მოისწრაფიშვილები შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალნენ მაშინ, როცა მანქანა, რომლითაც ისინი მოძრაობდნენ, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მანქანას დაეჯახა. საჭეს თავად ცნობილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მართავდა, მანქანაში კი მისი ცოლი და შვილი იმყოფებოდნენ, რომლებმაც, ავარიის შედეგად, სხეულის მცირე დაზიანება მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ უბედური შემთხვევა ეჭვს არ იწვევს, ყველა ელოდა, რა დასკვნას გააკეთებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, მისი ცოლი თინა ხიდაშელი, ცნობილი იურისტი, და მათი შვილი დაღუპვისგან იხსნა მანქანაში დამონტაჟებულმა უსაფრთხოების საჰაერო ბალიშებმა, რომლებიც ამოქმედდა მას შემდეგ, რაც “ჰიუნდაი ჯიპს”, რომლის საჭესაც დავით უსუფაშვილი მართავდა, დიდი სისწრაფით მომავალი “ჰონდას” ტიპის ავტომანქანა დაეჯახა. ავარია წუხელ საღამოს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯაპანასთან მოხდა. რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ასე აღწერს ავარიის დეტალებს:

[დავით უსუფაშვილის ხმა] “ეს მანქანა შემობზრიალდა და დაჯახების მომენტში აღმოჩნდა ჩემს გზაზე, პერპენდიკულარული მიმართულებით. ანუ მე ვაგრძელებდი მუშაობას ჩემს სავალ ნაწილზე და ჩემს წინ აღმოჩნდა მანქანა, რომელსაც მე მარჯვენა მხრიდან შევეჯახე. ანუ მთლიანად გზა მქონდა გადაკეტილი ამ მანქანით. შეჯახების შედეგად, მანქანა გადავარდა გზის სავალი ნაწილიდან და ორ წუთში გაუჩნდა ხანძარი.”

ხანძრის შედეგად, “ჰონდაში” მჯდომი მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა, თანამგზავრი კი - საავადმყოფოში მისვლამდე. დაღუპულთა ვინაობის დადგენა მხოლოდ ხუთშაბათ დილისთვის მოხერხდა. ისინი აღმოჩნდნენ ქობულეთში მცხოვრები 24 და 11 წლის ძმები ლევან და გიორგი მოისწრაფიშვილები.

[დავით უსუფაშვილის ხმა] “უშუალოდ შეჯახების მომენტში გვერდით მესხდნენ თინა და სანდრო. მათ გადმოყვანას ვცდილობდი, იმიტომ რომ თინა გაჭედილი იყო სავარძელსა და მანქანის სხვა ნაწილებს შორის. და როდესაც ესენი გადმოვიყვანე და გზის ნაპირას დავრჩი, ამასობაში იქ ხალხიც შეგროვებული იყო და მეორე მანქანასაც უტრიალებდნენ, მაგრამ იქ უკვე აღარაფრის გაკეთება არ შეიძლებოდა.”

რესპუბლიკური პარტია ოპოზიციაში იმყოფება და დემოკრატიული ნორმების დარღვევისათვის მკაცრად აკრიტიკებს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას. ერთი თვის წინ შავნიღბიანმა უცნობებმა სასტიკად სცემეს რესპუბლიკური პარტიის წევრს, ცნობილ ბიზნესმენ ვალერი გელაშვილს. მაგრამ რესპუბლიკური პარტიის ლიდერისა და მისი მეუღლის ავარიაში მოყოლის შემდეგ ეჭვი არავის შეჰპარვია, რომ სოფელ ჯაპანასთან სწორედ უბედური შემთხვევა მოხდა. თუმცა საზოგადოება მაინც ელოდება, რა დასკვნას გამოიტანს იმერეთის სამხარეო პროკურატურა, რომელიც ამ საქმეს იძიებს. როგორც რესპუბლიკის საპატრულო პოლიციაში გვითხრეს, ასეთი სირთულის საგზაო შემთხვევის გამოძიების ვადის ზუსტი განსაზღვრა ხშირად შეუძლებელია.

[საპატრულო პოლიციის მორიგის ხმა] “ შეიძლება რეგიონში ექსპერტიზა არ იყოს და ქალაქში მოუწიოს ან საქმე გადმოიგზავნოს. ასე რომ, ზუსტად ვერ განსაზღვრავ დროს და იმას, თუ როდის მორჩება.” (სტილი დაცულია)

მომხდარ ავტოავარიასთან დაკავშირებით რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა გუშინვე მისცა ჩვენება გამომძიებლებს. არიან თვითმხილველებიც, რომელთა ჩვენებაშიც აღნიშნულია, რომ მოძრაობის წესები სწორედ შემხვედრმა ავტომანქანამ დაარღვია. დავით უსუფაშვილი, თინა ხიდაშელი და მათი შვილი თბილისში იმყოფებიან და ამბულატორიულ მკურნალობას გადიან.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG