Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პარლამენტი განაგრძობს ახალი კონსტიტუციის პროექტის განხილვას


ანდრო ეული, პრაღა ერაყის ლიდერები ვერა და ვერ შეთანხმებულან ახალი კონსტიტუციის პროექტის თაობაზე.

გადაწყდა, რომ პარლამენტში, სულ ცოტა კიდევ ერთ დღეს გაგრძელდება კონსულტაციები წამყვან ფრაქციებს შორის არსებულ უთანხმოებათა მოსაგვარებლად. ამასობაში, ახალმა უთანხმოებებმა იჩინა თავი კონსტიტუციის პროექტის მიღების პროცედურასთან დაკავშირებით, ვიდრე დოკუმენტი ეროვნულ რეფერენდუმზე იქნება გამოტანილი ოქტომბრის შუა რიცხვებში.


იმის შესახებ, რომ დეპუტატები კიდევ ერთ დღეს გააგრძელებენ კონსულტაციებს კონსტიტუციის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით პარასკევს დილით გამოაცხადა ერაყის პარლამენტის თავმჯდომარემ ჰაჯიმ ჰასანიმ. მან თქვა, რომ თუ კომპრომისი ვერ იქნა მიღწეული, ქვეყნის ძირითადი კანონის პროექტი ამჟამინდელი სახით, პარლამენტის გვერდზე ავლით, 15 ოქტომბრისათვის დანიშნულ რეფერენდუმზე იქნება გამოტანილი.

ერაყის პრემიერ-მინისტრის იბრაჰიმ ჯაფარის წარმომადგენელმა ლაით კუბამ განაცხადა, რომ ქვეყნის ეროვნულ ასამბლეას ისღა დარჩენია უყოყმანოდ მიიღოს ახალი კონსტიტუციის პროექტი.

საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, შიიტმა ალი დაბაღმა "რეიტერის" სააგენტოსათვის მიცემულ ინტერვიუში პესიმისტურად შეაფასა კონსტიტუციის პროექტის თაობაზე მხარეებს შორის კომპრომისული შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა {ალი დაბაღის ხმა}: "ფედერალიზმის საკითხი კვლავაც მოუგვარებელია. ჩვენი სუნიტი ძმები არ იძლევიან არანაირ ნიშანს, რომ ჭეშმარიტი თანამშრომლობისა და სხვებთან თანხმობისთვის არიან მზად. თანხმობა არ გულისხმობს კონსენსუსს. პრობლემა იმაშია, რომ ამ ადამიანებს ერთობ ურყევი პოზიცია უკავიათ, რაც გაუგებარია ჩვენთვის. საკითხი მოუგვარებელი რჩება", - განაცხადა ალი დაბაღმა.

სუნიტების წარმომადგენლებმა დადასტურეს, რომ მოლაპარაკება კონსტიტუციის პროექტის თაობაზე ჩიხშია მოქცეული. "განვიხილეთ ყველა საკამათო საკითხი, მაგრამ ვერ ვერანაირი გამოსავალი ვერ ვნახეთ", - განაცხადა გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსისათვის" მიცემულ ინტერვიუში სუნიტმა ჰასებ არეფმა.

აზრთა ყველაზე ცხარე დაპირისპირებას იწვევს შიიტი უმრავლესობის მოთხოვნა, რომ ფედერაციული მოწყობის პირობებში მათ ავტონომიის უფლება მიანიჭონ.
XS
SM
MD
LG