Accessibility links

logo-print

თბილისის მერია სატრანსპორტო სქემის შეცვლას არ აპირებს


სამარშრუტო ტაქსის მძღოლების, მგზავრებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა წინააღმდეგობის მიუხედავად,

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური არ აპირებს შეცვალოს ტრანსპორტის ახალი სქემა, რომლის თანახმადაც, რუსთაველის, კოსტავას, მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე სამარშრუტო ტაქსებს მოძრაობა ეკრძალებათ. სამსახურის მესვეურთა თქმით, უახლოესი დღეების განმავლობაში ყველა გაჩერებაზე გამოიკვრება ტრანსპორტის მოძრაობის სქემა, რომელიც დაბნეულ თბილისელებს ოპტიმალური მარშრუტის არჩევაში დაეხმარება. როგორ შეეგუვნენ თბილისელები ახალ წესრიგს?


რა საჭიროა სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც მგზავრები დანიშნულების პუნქტამდე არ მიჰყავს? ამ ერთი შეხედვით გულუბრყვილო კითხვას ბევრი თბილისელი სვამს. საქმე ის არის, რომ სიახლის დანერგვიდან ერთი კვირის თავზე მგზავრების უმეტესობა ახალ სატრანსპორტო სქემაში გარკვევას ვერ ახერხებს.

[ქალბატონის ხმა] „შორი გზიდან, გარეუბნებიდან ვინც მოდის, მაგალითად, ვაზისუბნიდან მოვდივარ მე... ადრე 35 ნომერი „მარშრუტკით“ პირდაპირ მივდიოდი ვაკეში, ახლა ნურას უკაცრავად.“(სტილი დაცულია)

[ქალბატონის ხმა] „პერესიადკით“ მივდივარ, ესე იგი, გამოდის, სამოცი თეთრი უნდა მივცე, მაშინ როცა ადრე 40 თეთრი მყოფნიდა.“(სტილი დაცულია)

ახალ სატრანსპორტო სქემას ვერც სამარშრუტო ტაქსის მძღოლები ეგუებიან. ისინი დროდადრო საპროტესტო აქციებს მართავენ და მერიის ხელმძღვანელობას ქალაქის პარალიზებით ემუქრებიან. მძღოლების გამოსვლებში ბოლო დროს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებმა იძალა.

[მძღოლის ხმა] „არც ერთი სამარშრუტო ტაქსი და არც ერთი ავტობუსი ქალაქში არ გავა სამუშაოდ. მთელი ქალაქი, მთელი მძღოლები დადგებიან ფეხზე. აი, ეს გაითვალისწინეთ!“

[მძღოლის ხმა] „ჩვენ ახლა ვსვამთ, ძირითადად, სოციალურ მოთხოვნებს, არადა, ისედაც აქტუალურია მერის საკითხი. თბილისელები მერს უნდა ირჩევდნენ. მე ამ აქციას გადავზრდი პოლიტიკურში და მოვითხოვთ არჩევითი თანამდებობის შემოღებას, რომ ხვალ და ზეგ მსგავს სიტუაციაში არ აღმოვჩნდეთ და ისეთ მერს ავირჩევთ, რომელიც თავისი პროგრამით მისაღები იქნება თბილისელებისთვის.“(სტილი დაცულია)

მერიის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ დედაქალაქის საკრებულოში წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ფრაქცია „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე გიორგი მოსიძე ამბობს, რომ მერმა გადაწყვეტილება სპონტანურად, საკითხის შესწავლის გარეშე, მიიღო.

[გიორგი მოსიძის ხმა] „საკრებულოს ამ საკითხზე არ უმსჯელია. ეს იყო მერის ერთპიროვნული, გაუთვლელი და იმპულსური გადაწყვეტილება. შესაბამისად, მან ამაზე პასუხი უნდა აგოს, იმიტომ რომ მოსახლეობა ძალიან დიდ დისკომფორტს განიცდის.“(სტილი დაცულია)

ახალი მემარჯვენეები ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებასაც ითხოვენ, თუმცა თავად ზურაბ ჩიკვილაძე დარწმუნებულია, რომ თბილისელების აბსოლუტური უმრავლესობა დედაქალაქის ცენტრში სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის აკრძალვით კმაყოფილია.

[ზურაბ ჩიკვილაძის ხმა] „შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ ერთი-ორ ადამიანს თუ გადაჯდომა უწევს, ეს არ არის მთელი მოსახლეობა. არსებობს გამოკითხვები, რის მიხედვითაც მოსახლეობის 70 პროცენტი უჭერს მხარს ამ ცვლილებებს. ტრაფარეტები დავამზადეთ. დილით უკვე დავიწყეთ დამაგრება. ყველა მარშრუტი თავისი ნომრითა და მიმართულებით გაჩერებებზე იქნება გამოკრული. მოსახლეობა უკეთესად გაერკვევა.“

ზურაბ ჩიკვილაძის თქმით, უახლოეს მომავალში მუნიციპალური ავტობუსების პარკი კიდევ რამდენიმე ათეული სატრანსპორტო საშუალებით გამდიდრდება. პარალელურად არ შემცირდება სამარშრუტო ტაქსების რაოდენობა. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ, ახალი სატრანსპორტო სქემის წყალობით, თბილისელები სწრაფად, იაფად და კომფორტულად იმგზავრებენ.


XS
SM
MD
LG