Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ომმა ბევრი მოწინააღმდეგე გაუჩინა პრეზიდენტ ბუშს


ანდრო ეული, პრაღა საზოგადოებრივი აზრის უკანასკნელმა გამოკითხვებმა ცხადყო, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის რეიტინგი ყველაზე დაბალ დონეზეა დღეს,

თეთრ სახლში მისი მოღვაწეობის მთელი ამ ხნის მანძილზე. კანონმდებლები, როგორც დემოკრატები, ასევე ბუშის თანაპარტიელი რესპუბლიკელები კვლავაც ეჭვქვეშ აყენებენ ერაყის მიმართ პრეზიდენტის მიერ არჩეული სტრატეგიის მართებულებას. ჯორჯ ბუშმა თავის უკანასკნელ გამოსვლებში ხაზგასმით აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების უშიშროებისთვის ვითარების სტაბილიზაცია ერაყში.


"მეტი დრო, მეტი მსხვერპლის გაღება და შემდგომი შემართებაა საჭირო იმისთვის, რათა ტერორის წინააღმდეგ მიმდინარე ომში შენს მოკავშირედ, თავისუფალ სახელმწიფოდ გარდაქმნა ქვეყანა, რომელსაც ათეული წლების მანძილზე ტერორის ხელისშემწყობი მჩაგვრელი დიქტატორი მართავდა", - განაცხადა ჯორჯ ბუშმა ეროვნული გვარდიის წევრებისა და მათი ოჯახების წინაშე გამოსვლისას აიდაჰოს შტატში.

ამ ზაფხულს ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ ერაყის ომთან დაკავშირებით დაგვანახა, რომ მკვეთრად შემცირდა შეერთებულ შტატებში პრეზიდეტ ბუშის მომხრეთა რიცხვი. ამერიკელთა უმრავლესობას კვლავინდებურად მიაჩნია, რომ ამერიკელი სამხედროები უნდა დარჩნენ ერაყში, ვიდრე იქ არ მოხდება ვითარების სტაბილიზაცია, თუმცა სულ უფრო მატულობს იმათი რიცხვი, ვისაც გაუმართლებლად მიაჩნია, საერთოდ, ერაყში სამხედრო ოპერაციის დაწყება.

ჯორჯ ბუშმა გასულ კვირაში ხაზგასმით აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ტერორის წინააღმდეგ მიმდინარე გლობალურ ომში წარმატებისთვის ერაყში განხორციელებული სამხედრო ოპერაცია, რასაც უცილობლად მოსდევს მსხვერპლი. ბუშმა მოიხსენია აიდაჰოელი ქალიც, რომლის 5 ვაჟი და მეუღლე ერაყში მსახურობდნენ სხვადასხვა დროს.

ეს ერთგვარი პასუხი იყო იმ ომისსაწინააღმდეგო კამპანიაზე, რომელიც სინდი შიჰანმა წამოიწყო მას შემდეგ, რაც მისი ვაჟი ერაყში დაიღუპა გასულ წელს. შიჰანმა კარავი გაშალა პრეზიდენტ ბუშის რანჩოსთან ტეხასის შტატში და დაჟინებით მოითხოვს ერაყიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანას. სინდი შიჰანმა განაცხადა, რომ არ ლაპარაკობს ყველა იმ ოჯახის სახელით, რომელთა შვილები ერაყში მსახურობენ {სინდი შიჰანის ხმა}: "მაგრამ ვიცი, რომ ჩემს ხმას უერთდება ათასობით ოჯახი, ვიცი, რომ ვლაპარაკობთ ათასობით ოჯახის სახელით, როცა გვინდა შევიტყოთ, რა არის ის გმირული საქმე, რისთვისაც ჩვენი შვილები იხოცებიან, რა არის ის საქმე, რისთვისაც ჩვენი შვილები განაგრძობენ ბრძოლას და იღუპებიან?".

გელოპის ინსტიტუტის მიერ ახლახან ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად ამერიკელთა 40 პროცენტი დადებით აფასებს ჯორჯ ბუშის მოღვაწეობას თეთრ სახლში, ხოლო 56 პროცენტი - პირიქით.

რესპუბლიკელმა სენატორმა ჩაკ ჰაგელმა, რომელიც ვიეტნამის ომის ვეტერანია, ერაყში მიმდინარე კამპანია ვიეტნამში წაგებულ ომს შეადარა. ხოლო ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველი, ვაშინგტონელი ჩარლს კუკი, საზოგადოებრივი აზრის რამდენიმე გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ პრეზიდენტ ბუშს კვლავაც მის თანაპარტიელ რესპუბლიკელთა უმრავლესობა უჭერს მხარს.

თუმცა, ზოგიერთი რესპუბლიკელი მიიჩნევს, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციამ უკეთ უნდა განუმარტოს მოსახლეობას და თანაც დაიცვას თავისი პოლიტიკა ერაყთან მიმართებაში.

ერთი პრობლემა, როგორც შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარეს რიჩარდ მაიერსს მიაჩნია, იმაშია, რომ ამერიკელებს დღეს არა აქვთ ისე ფართოდ გაცნობიერებული ამ ომის სერიოზულობა, როგორც ამას მეორე მსოფლიო ომის დროს ჰქონდა ადგილი. როგორც რიჩარდ მაიერსმა აღნიშნა ჟურნალისტებს შეხვედრისას გასულ კვირაში, მისი სურვილია, რომ მთავრობის უფრო მეტმა წარმომადგენელმა განუმარტოს მოსახლეობას ერაყში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის მნიშვნელობა {რიჩარდ მაიერსის ხმა}: "იმ ადამიანებისთვის, რომელთა ახლობლებიც არ არიან პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩართულნი ამ სამხედრო ოპერაციაში, ვფიქრობ ადვილია იმის დავიწყება, რომ ჩვენი ქვეყანა ომობს. ამდენად, ჩვენ უნდა განვაგრძოთ საუბარი ამ თემაზე ისეთნაირად, რომ ყველასთვის ნათელი გახდეს, რომ ესაა მეტად სერიოზული პერიოდი".

რიჩარდ კუკის აზრით, პირველ რიგში პრეზიდენტს მართებს მოსახლეობასთან პირდაპირი დიალოგი ერაყის საკითხზე. ჯორჯ ბუში, კალიფორნიის ერთ-ერთ საზღვაო ბაზაზე სტუმრობისას სამშაბათს აპირებს მორიგ საჯარო გამოსვლას, რომლის დროსაც იგი შეეცდება გაამართლოს თავისი პოლიტიკა ერაყთან მიმართებაში.

სინდი შიჰანმა, რომელმაც შვილი დაკარგა გასულ წელს ერაყში და ომისსაწინააღმდეგო დემონსტრაციას მართავდა ამ ბოლო დროს პრეზიდენტ ბუშის რანჩოსთან ტეხასის შტატში, განაცხადა, რომ ხუთშაბათს ტეხასიდან ვაშინგტონს გაემგზავრება ავტობუსით და თეთრ სახლთან გააგრძელებს საპროტესტო გამოსვლას მოთხოვნით, რომ ამერიკელმა ჯარსიკაცებმა დატოვონ ერაყი.
XS
SM
MD
LG