Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბესლანის ტრაგედიის პირველი წლისთავი


ანდრო ეული, პრაღა 2004 წლის 1 სექტემბერს შეიარაღებულმა მოიერიშეებმა ათასზე მეტი ადამიანი აიყვანეს მძევლად ჩრდილოეთ ოსეთის პატარა ქალაქ ბესლანის ნომერ 1 საშუალო სკოლაში.

კრიზისი 3 დღეს გაგრძელდა და 330-ზე მეტი ადამიანის დაღუპვით დასრულდა. მოსკოვი ჩეჩენ სეპარატისტებს ადანაშაულებს ამ ტრაგედიაში. თუმცა ერთი წლისთავზე, არაერთი უხერხული შეკითხვა იმის თაობაზე, თუ რა მოხდა სინამდვილეში ბესლანში, კვლავაც უპასუხოდ რჩება.


3 სექტემბერს, როცა ბესლანის საშუალო სკოლაში სისხლიანი შეტაკება რუსეთის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებსა და ჩეჩენ ექსტრემისტებს შორის დამთავრდა330-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 186 ბავშვი - მკვდარი იყო.

ტრაგედია ერთხმად დაგმო საერთაშორისო თანამეგობრობამ. გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა თქვა, რომ მძევლები ბესლანში დაატყვევეს "უსინდისო ტერორისტებმა, რომლებიც ადამიანების დახოცვით ცდილობენ თავიანთი პოლიტიკური მიზნის მიღწევას".

ბესლანში განხორციელებული თავდასხმა და მისი ორგანიზატორი, საველე მეთაური შამილ ბასაევი დაგმო ჩეჩენ სეპარატისტთა ლიდერმა ასლან მასხადოვმაც. მასხადოვმა, რომელიც მოგვიანებით რუსმა სამხედროებმა მოკლეს, განაცხადა, რომ როცა რუსეთთან ომი დამთავრდება ბასაევს გაასამართლებს. მრავალი ქვეყნის ლიდერებმა თანაგრძნობა გამოუთქვეს ბესლანის მოსახლეობასა და რუსეთის მთავრობას.

მაგრამ ზოგიერთმა, მაგალითად ევროკომისიის თავმჯდომარემ რომანო პროდიმ მოსკოვს მოუწოდა - ნათელი მოჰფინოს იმ გარემოებას, რამაც ბესლანის ტრაგედია განაპირობა. ბესლანის ტრაგედიას რუსეთის გენერალური პროკურატურა იძიებს. ასეთივე გამოძიებას აწარმოებს ორი საპარლამენტო კომისია, ერთი მოსკოვში, ხოლო მეორე ჩრდილოეთ ოსეთში.

დამოუკიდებლად იძიებენ ერთი წლის წინ მომხდარი ტრაგედიის მიზეზებს ბესლანის მკვიდრნიც. ადგილობრივ საპარლამენტო კომისიას ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სტანისლავ კესაევი ხელმძღვანელობს. ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ არ ეთანხმება ოფიციალურ ვერსიას იმის თაობაზე, თუ რა მოხდა 2004 წლის 1 სექტემბერს ბესლანში {სტანისლავ კესაევის ხმა}: "არ მსურს დეტალებზე საუბარი ერთი გარემოების გარდა, თუ მძევლების დამტყვევებელთა შორის მართლაცდა მხოლოდ 2 ქალი იყო, როგორც ამას გამოძიება ამტკიცებს, მაშ საიდანღა გაჩნდა იქ ფრაგმენტები მესამე გვამისა. და რაც მთავარია, დაზარალებულთა ჩვენებები. ერთმა მასწავლებელმა გამომძიებლებს უთხრა, რომ თავდამსხმელთა ჯგუფი სულ ცოტა 50 ადამიანს ითვლიდა. როცა მას ჰკითხეს, საიდან იცის ეს, ქალმა უპასუხა, რომ პედაგოგია, და თვალით შეჩვეულია ბავშვების სწრაფად დათვლას".

გამოძიების მტკიცებით, მძევლების აყვანაში 32 ექსტრემისტი მონაწილეობდა, და რომ ამათგან მხოლოდ ერთი გადარჩა ცოცხალი, რომელიც დაპატიმრებულია. 24 წლის ჩეჩენ დურგალს ნურფაში ყულაევს ჩრდილოეთ ოსეთის უზენაესი სასამართლო გამოუტანს განჩენს. მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

თავად ყულაევმა რამდენიმე ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება მისცა გამოძიებას, ხოლო მრავალმა მოწმემ მისი ამოცნობა ვერ შესძლო.

ინტერვიუში, რომელიც მან ტელეკომპანია ეიბისის მისცა გასულ თვეს, შამილ ბასაევმა აღიარა, რომ დაეხმარა ექსტრემისტებს მძევლების აყვანის დაგეგმვაში, მაგრამ აღნიშნა ამასთანავე, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს წერილობით გადასცა ჩეჩენი ხალხის მოთხოვნები, თავდამსხმელთა ჯგუფის ლიდერს უბრძანა - უპირობოდ გაეთავისუფლებინა ათწლამდე ასაკის ყველა ბავშვი.

კრიზისის დამთავრებისთანავე, რუსმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა და ადამიანის უფლებათა მოძრაობის აქტივისტებმა საზოგადოებრივი აზრის შემცდომაში შეყვანაში დაადანაშაულეს კრემლი, რომელიც ამტკიცებდა, რომ თითქოს ჩეჩნებს არ ჰქონდათ არანაირი მოთხოვნა და არც მოლაპარაკებაზე წამოსულან მძევალთა გასათავისუფლებლად.

თუმცა მოგვიანებით ყველამ შეიტყო, რომ მოსკოვმა უარი თქვა მოლაპარაკებაზე ჩეჩენ მოიერიშეებთან, რომლებიც ჩეჩნეთიდან ფედერალური ჯარის გაყვანას მოითხოვდნენ.

გაზეთ "იზვესტიისათვის" 25 აგვისტოს მიცემულ ინტერვიუში, ჩრდილოეთ ოსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ზასოხოვმა განაცხადა, რომ რუსეთის უშიშროების უწყების წარმომადგენლები დაპატიმრებით დაემუქრნენ, თუ იგი ბესლანის სკოლაში მივიდოდა და დაელაპარაკებოდა ჩეჩენ მოიერიშეებს.

კრემლმა ასლან მასხადოვის მიერ შეთავაზებული შუამავლობაც უარყო, ხოლო შემდეგ მისი რამდენიმე ნათესავი დააპატიმრა.
მაგრამ ყველაზე მეტად ხალხს ის აინტერესებს, ნუთუ არ შეიძლებოდა ამ კირიზისის მოგვარება ისე, რომ არ დაღუპულიყო ასობით უდანაშაულო ადამიანი.

რუსეთის ხელისუფალნი აცხადებენ, რომ არ ჰქონდათ დაგეგმილი სკოლის შენობის იერიშით აღება, და რომ იერიში მიტანილ იქნა დაახლოებით 13 საათზე ადგილობრივი დროით, მას შემდეგ, რაც ექსტრემისტებმა სკოლის სპორტულ დარბაზში შეტანილი ასაფეთქებელი მოწყობილობები აამოქმედეს.

ხოლო შაილ ბასაევმა ტელეკომპანია ეიბისისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პირველი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა მას შემდეგ, რაც რუსმა სნაიპერმა
ესროლა ექსტრემისტს, რომელსაც ფეხი ერთ-ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობის დეტონატორზე ჰქონდა დაჭერილი.

ყოფილი მძევლები და სხვა თვითმხილველნი დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ ესოდენ დიდი მსხვერპლი იმითაა გამოწვეული, რომ რუსებმა სკოლის შტურმის დროს მძიმე შეიარაღება გამოიყენეს. რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილე ნიკოლაი შეპელი ამგვარ მტკიცებას უსაფუძვლოს უწოდებს.
XS
SM
MD
LG