Accessibility links

logo-print

ცემა-ტყეპა ელიტურ სამხედრო ნაწილში


გუშინ საღამოს თავდაცვის სამინისტროს მე-3 ბრიგადაში, რომელიც გორშია განლაგებული, ჯარისკაცებს შორის საშინელი ცემა-ტყეპა ატყდა.

თვითმხილველების თქმით, ჩხუბში დაახლოებით ასამდე ადამიანი მონაწილეობდა. ჩხუბის შედეგად რამდენიმე ჯარისკაცმა სხეულის დაზიანება მიიღო და ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა თავდაცვის სამინისტრომ, ბოლო ხანს გავრცელებული ტრადიციის თანახმად, ჟურნალისტებთან ამ ფაქტის კომენტირებაზე უარი თქვა. მე შევეცადე ჯარისკაცებს შორის მომხდარი ჩხუბის დეტალები გამერკვია.

თავდაცვის სამინისტროს ისტორიაში ყოფილა მასობრივი დეზერტირობის, მასობრივი პროტესტისა და დაუმორჩილებლობის შემთხვევები, მაგრამ გორში მომხდარი ინციდენტი ჯარისკაცებს შორის მომხდარი პირველი მასობრივი ცემა-ტყეპის მაგალითია. ყოველდღიურ გაზეთ “ალიას” კორესპონდენტი, ჟურნალისტი თეა რუსიტაშვილი, რომელმაც ამ ინციდენტს ვრცელი საგაზეთო მასალა მიუძღვნა, იუწყება, რომ ჩხუბი ორი ბატალიონის ჯარისკაცებს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა.

[თეა რუსიტაშვილის ხმა]

ამ ჩხუბს უამრავი თვითმხილველი ჰყავდა, რადგან გორის სამხედრო ბრიგადის ირგვლივ მდებარეობს მრავალსართულიანი სახლები, ოფიცერთა საერთო საცხოვრებელი, რომელიც საბჭოთა ნაწილის გაუქმების შემდეგ მოქალაქეებმა დაიკავეს. გარდა ამისა, ჩხუბის შედეგად დაჭრილი ჯარისკაცები ჯერ გორის საავადმყოფოში, იქიდან კი სასწრაფოდ თბილისში, სამხედრო ჰოსპიტალში, გადაიყვანეს. თუმცა თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია დაბლოკა და ყველა დაქვემდებარებულ სტრუქტურას აუკრძალა მომხდარი ფაქტის კომენტირება. არსებობს ინფორმაცია, რომ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებმა მოახდინეს ზეწოლა ტელევიზიებზე, რათა მასალა ჩხუბის შესახებ არ გასულიყო ეთერში. ზეწოლის ფაქტი ჩვენთან საუბარში უარყო ტელეკომპანია “რუსთავი 2-“ის ჟურნალისტმა თამარ რუხაძემ, თუმცა აღნიშნა, რომ სამხედრო უწყებამ მათ აუკრძალა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე შესვლა.

[თამარ რუხაძის ხმა]

გორში დისლოცირებული მე-3 ბრიგადა, სამხედრო კლასიფიკაციით, ოპერატიულ-სტრატეგიულია და მას, რეალური საფრთხის შემთხვევაში, ცხინვალის მიმართულებაზე მოქმედება ევალება.
XS
SM
MD
LG