Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეკომპანია ''202'' მუშაობის რეჟიმის შეცვლას არ აპირებს


უახლოეს ხანში ტელეკომპანია "202"-ის დამფუძნებლები აქციონერთა კრების მოწვევას აპირებენ. თუმცა, მათივე განმარტებით, მაუწყებლობის გაგრძელების გადაწყვეტილება უკვე არსებობს

და პოზიციის შეცვლას არავინ აპირებს. ტელეარხზე დარჩება გადაცემა "დებატები 202"-ზე, რომლის წამყვანი შალვა რამიშვილი და კომპანიის გენერალური დირექტორი დავით კოხრეიძე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

რას აპირებს "202", რომლის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ ერთი წევრით შეამცირა?

"საყოველთაოდ ცნობილი მოვლენების გამო ტელეკომპანია "202" საგანგებო რეჟიმში მუშაობს" - ეს წარწერა უკვე რამდენიმე დღეა პერიოდულად ჩნდება იმ სატელევიზიო სიხშირეზე, რომლის მეშვეობითაც ტელეარხი მაუწყებლობს.
საყოველთაოდ ცნობილ მოვლენებად მოიაზრება გამოძალვის ბრალდებით "202"-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ჟურნალისტ შალვა რამიშვილისა და ტელეარხის გენერალური დირექტორის დავით კოხრეიძის დაპატიმრება. საგანგებო რეჟიმი კი განვითარებულ მოვლენებზე გარკვეული პერიოდულობით საუბარს ითვალისწინებს. ამ ტიპის დისკუსიის პრაქტიკულად ყველა მონაწილე აუცილებლად მიიჩნევს ტელეკომპანიის შენარჩუნებას. "202"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, "ინვალიდთა ლიგის" წარმომადგენელი გიორგი კოხრეიძე ამბობს, რომ არხი მუშაობას ჩვეული რეჟიმით განაგრძობს:

[გიორგი კოხრეიძის ხმა] "ჩვენ არ ვაპირებთ არაფრის დათმობას და არხის შეწირვას ვიღაც-ვიღაცეების მოქმედებებზე." (სტილი დაცულია)

გიორგი კოხრეიძე აცხადებს, რომ პირველი სექტემბრიდან "202" კიდევ უფრო დაიხვეწება, ეთერში დარჩება გადაცემა "დებატებიც", რომელსაც შალვა რამიშვილის ნაცვლად ირაკლი კაკაბაძე გაუძღვება.
არხის დამფუძნებლების მიერ ტელეკომპანიის პერსპექტივის საბოლოოდ განსაზღვრას ელოდება პარლამენტის წევრი ვაჟა კილაძე, რომლის მიერ დაფუძნებული ,,ტევე-33”-ის კუთვნილ სიხშირეზე ამჟამად "202" მაუწყებლობს:

[ვაჟა კილაძის ხმა] "ველოდები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელსაც, ალბათ, შემატყობინებენ. თუ არ იქნა არავითარი გადაწყვეტილება მიღებული, მერე, ალბათ, მე თვითონ დავფიქრდები, რა გავაკეთო. როგორც არ ვერეოდი, ისე არ ვერევი ამ მოვლენებში.” (სტილი დაცულია)

მიუხედავად ამისა, ვაჟა კილაძე ამბობს, რომ ,,202”-ის მომავალი მისთვის სულერთი არ არის, თუნდაც იმიტომ, რომ ტელეკომპანიის აქციების მფლობელთა შორისაა. ამასთან, დეპუტატი განმარტავს, რომ დამფუძნებელია არა უშუალოდ არხის, არამედ იმ კომპანიის, რომლის სიხშირესაც ,,202” იყენებს. ვაჟა კილაძე ამბობს, რომ, კანონის შესაბამისად, დეპუტატად არჩევის შემდეგ ,,ტევე 33”-ის მართვის უფლება სხვას გადასცა.

"202"-ის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა გარკვეულწილად განაპირობა პარლამენტის კიდევ ერთი წევრის მოქმედება. სამშაბათს საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა დავით ზურაბიშვილმა, რომელმაც შალვა რამიშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულად მოხსენიებული კობა ბექაური ,,ოპერმუშაკს” შეადარა. მმართველი პარტიის იმ წევრებს, რომლებიც ბექაურის დასაცავად არ დაირაზმნენ, საქციელი დაუწუნა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ. მისმა განცხადებამ დავით ზურაბიშვილს საბოლოოდ გადააწყვეტინა საპარლამენტო უმრავლესობის დატოვება და, როგორც თავად ამბობს, გათავისუფლდა კიდეც.
რაც შეეხება წინასწარი წესითა და 3 თვით თავისუფლებააღკვეთილ შალვა რამიშვილსა და დავით კოხრეიძეს, მათი ადვოკატების სარჩელზე საოლქო სასამართლო იმსჯელებს, დაზარალებული კობა ბექაურის დაზარალების ხარისხზე კი - საპარლამენტო უმრავლესობა.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG