Accessibility links

რა იციან თბილისელებმა „სოლიდარობის“ შესახებ?


პოლონეთი და მთელი დანარჩენი ევროპა ლეგენდარული პროფკავშირული მოძრაობის, „სოლიდარობის“, 25 წლისთავს აღნიშნავს.

"სოლიდარნოშჩ“ - ასე ჟღერს პოლონურად იმ დამოუკიდებელი პროფკავშირის სახელწოდება, რომელიც 1980 წლის 31 აგვისტოს გდანსკის ლენინის სახელობის ნავსაშენის მუშებმა საპროტესტო აქციის მსვლელობისას დააფუძნეს და რომლის წარმატებულ საქმიანობას უკავშირდება აღმოსავლეთ ევროპაში კომუნიზმის დამხობა და საბჭოთა კავშირის რღვევის დაწყება. რა იციან თბილისელებმა „სოლიდარობის“ შესახებ?

„რომ არა „სოლიდარობა“ და მისი ლიდერი ლეხ ვალენსა, პოლონეთი ვერ იქნებოდა ძლიერი და დამოუკიდებელი ქვეყანა“ - ასე აფასებს „სოლიდარობის“ როლს საკუთარი ქვეყნის ისტორიაში პოლონეთის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ კვასნევსკი, რომლის თქმითაც, „სოლიდარობამ“ აჩვენა რომ შეუძლებელი არაფერია. სწორედ „სოლიდარობის“ წარმატებულ საქმიანობას უკავშირებენ პოლიტიკის ექსპერტები აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიული პროცესების დაწყებასა და საბჭოთა კავშირის დაშლას. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი ამბობს, რომ „სოლიდარობის“ საქმიანობამ მნიშვნელოვნად დააჩქარა საბჭოთა იმპერიაში შემავალი დაპყრობილი ხალხების გათავისუფლების პროცესი:

[კოტე გაბაშვილის ხმა] „ჩვენ სუყველა მადლობელი უნდა ვიყოთ იმის, რომ ოდესღაც იყო „სოლიდარობა“, რომელმაც დიდი ბიძგი მისცა ნგრევასა და სათავე დაუდო იმ პროცესს, რომელსაც მოჰყვა საბჭოთა კავშირის დაშლა.“

„სოლიდარობის“ საქმიანობის შესახებ კარგად არიან ინფორმირებული ის თბილისელები, რომლებსაც მე ქუჩაში გამოველაპარაკე. მათი თქმით, 25 წლის წინ პოლონეთის საპორტო ქალაქ გდანსკში დაფუძნებული “სოლიდარობა“, საბჭოთა პრფკავშირისაგან განსხვავებით, ხალხის ინტერესებს გამოხატავდა.

[მამაკაცის ხმა] „კი, მსმენია. მე მგონი, შედარება არ შეიძლება, რაც იმათ გააკეთეს... „

[მამაკაცის ხმა] „სოლიდარობამ“ დაამხო სოციალიზმი პოლონეთში, ჩვენთან კი ფიქტიურად არსებობდა პროფკავშირები, ეს ყველამ იცის.“

დაფუძნებიდან 9 წლის თავზე „სოლიდარობა“ პოლიტიკურ მოძრაობად გადაკეთდა. 1989 წელს პარტია „სოლიდარობა“, რომელიც პოლონელი ხალხის მხარდაჭერით სარგებლობდა, ხელისუფლების სათავეში მოვიდა. საქართველოში კი მოვლენები სულ სხვა სცენარით განვითარდა. პროფესიული კავშირები საქართველოში ხალხის მხარდაჭერით არასოდეს სარგებლობდა.

[მამაკაცის ხმა] „ჩვენთან პროფკავშირი კომუნისტური ხელისუფლების დანამატი იყო, ბიუროკრატიული სისტემის შემადგენელი ნაწილი იყო, როგორც ცეკა და ასე შემდეგ.“(სტილი დაცულია)

[მამაკაცის ხმა] „მარტო ფულს, საწევროს, ვიხდიდით. მე სხვა პრფკავშირებისგან არაფერი მახსოვს, ხალხისთვის არც არაფერს აკეთებდნენ.“

31 აგვისტოს გდანსკში სოლიდარობის 25 წლის იუბილეზე ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის ლიდერს ელიან. მიწვეულთა შორისაა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც, მართალია, დიდად არ სწყალობს საქართველოში მოქმედ პროფესიულ კავშირებს, მაგრამ, სამაგიეროდ, უყვარს ხავერდოვანი რევოლუციების მოწყობა, მოგზაურობა და ხალხმრავალი აუდიტორიების წინაშე სიტყვით გამოსვლა.
XS
SM
MD
LG