Accessibility links

logo-print

საქართველოში ჩეჩენი ლტოლვილების მორიგი რეგისტრაცია დაიწყო


30 აგვისტოს ჩეჩენ ლტოლვილთა რეგისტრაციის პროცესი დაიწყო. ამჯერად ლტოლვილთა აღრიცხვა პანკისის ხეობის გარეთ, სოფელ ალვანში, მიმდინარეობს.

ოფიციალური პირების განცხადებით, ეს ჩეჩენ ლტოლვილთა ყოველწლიური გეგმიური რეგისტრაციაა და მისი საფუძველი მხოლოდ კანონის მოთხოვნაა და არა პოლიტიკური დაკვეთა. მიუხედავად ამისა, ჩეჩენ ლტოლვილთა ნაწილი პროტესტის ნიშნად უარს აცხადებს გეგმიურ რეგისტრაციაზე . რატომ?

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ფინანსური დახმარებით, 30 აგვისტოდან პანკისის ხეობაში კომპაქტურად განსახლებულ ჩეჩნეთიდან ლტოლვილთა რეგისტრაცია დაიწყო. აღწერა 12 დღეს გაგრძელდება. როგორც ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი ეთერ ასტემიროვა ამბობს, ეს არაა დაკავშირებული პოლიტიკასთან:

[ეთერ ასტემიროვას ხმა] ”99 წლიდან მოყოლებული, ყოველ წელს მიმდინარეობს ჩეჩენ ლტოლვილთა ახალი რეგისტრაცია. იმიტომ რომ ნაწილი ბრუნდება სამშობლოში, ნაწილი ორგანიზებულად, გაეროს მეშვეობით, მესამე ქვეყნებში არის გადაყვანილი. ამიტომ ეს არის გეგმიური და ყველას რატომღაც გაუკვირდა. შარშან არავის გაჰკვირვებია, არც შარშანწინ, იმიტომ რომ, ალბათ, ასეთი აჟიოტაჟი არ იყო.”(სტილი დაცულია)

აჟიოტაჟი სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული. პირველი ისაა, რომ ეთერ ასტემიროვა რამდენიმე დღის წინ აფხაზეთიდან დევნილთა რაოდენობის ხელოვნურად გაზრდაში დაადანაშაულეს, ხოლო მეორე უშუალოდ ჩეჩენ ლტოლვილებთანაა დაკავშირებული. საქმე ისაა, რომ პანკისის ხეობაში განსახლებულმა ჩეჩენმა ლტოლვილებმა რამდენჯერმე მოაწყვეს საპროტესტო აქცია, მათი მესამე ქვეყანაში გადაყვანის მოთხოვნით. სოფელ დუისის გამგებლის ჯარაფ ხანგოშვილის განცხადებით, სწორედ ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის გამო, ლტოლვილთა ნაწილი უარს ამბობს გეგმიური რეგისტრაცია გაიაროს:

[ჯარაფ ხანგოშვილის ხმა] ”ესენი იძახიან, ჩვენ გვეყო ადგილობრივი სტატუსი, ჩვენ გვინდა საერთაშორისო სტატუსიო. ესე იგი ისეთი, რომელიც საზღვარგარეთ გასვლის უფლებას მისცემს. აქამდე, ძველი სტატუსით, არ ჰქონდათ უფლება. მოითხოვენ, მოგვეცით საერთაშორისო სტატუსი და ჩვენ თვითონ მოვუვლით ჩვენს თავსო.”(სტილი დაცულია)


ამჯერად საქართველოში განსახლებულ ჩეჩენ ლტოლვილებზე გაეროს ლტოლვილთა კომისარიატი, წითელი ჯვარი და კიდევ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ზრუნავენ. მაგრამ დახმარება იმდენად მცირეა, რომ ლტოლვილები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. ჯარაფ ხანგოშვილის ინფორმაცით, ამჟამად ჰუმანიტარული დახმარება საგრძნობლად შემცირდა და ლტოლვილები 2 თვეში ერთხელ იღებენ 27 კილოგრამ ფქვილს, ცოტაოდენ ლობიოს, შაქარს და სხვა პროდუქტებს. ამ მდგომარეობის შეცვლა ზოგიერთმა სამშობლოში, ჩეჩნეთში, დაბრუნებით სცადა. როგორც ცნობილია, რამდენიმე თვის წინ, რუსეთის ფედერაციის მთავრობის დახმარებით, საქართველოდან ჩეჩნეთში 20 ოჯახი გადავიდა.

[ჯარაფ ხანგოშვილის ხმა] ”აი, ვინც დაბრუნდა, ძალიან ნანობენ. შევხვდი ერთ თვითმხილველს და მითხრა, რომ იმ ღამესვე მამაკაცები აუყვანიათ. ვინც დარჩ,ა თაგვის სოროებში შეჰყარეს, სტატუსი ჩამოართვეს, ვეღარც უკან ბრუნდებიან და ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიანო, იძახიან.”

ჩეჩენ ლტოლვილთა კიდევ ერთმა მნიშვნელოვანმა ნაწილმა მესამე ქვეყნებში გასვლა მოახერხა, რის შედეგადაც საქართველოში მათი რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. ლტოლვილთა რიცხვის შემცირებას აღრიცხვის მოწესრიგებამაც შეუწყო ხელი. შედეგად კი, თუ 2000 წელს საქართველოში 7868 ჩეჩენი ლტოლვილი იყო, 2004 წელს 2548 ლტოლვილი აღირიცხა. აქედან უმეტესობა -1610 ადამიანი - ახმეტის რაიონის სოფელ დუისშია განსახლებული, ჯოყოლაში- 766, ხალაწანში-92, ახმეტაში-47 და თბილისში კი 33 ჩეჩნეთიდან ლტოლვილი ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG