Accessibility links

ირანი განაგრძობს თავის ბირთვულ პროგრამას


ანდრო ეული, პრაღა სამშაბათს 30 აგვისტოს, ირანის ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ ბიოტექნოლოგიის გამოყენებით ქვეყანაში წარმატებით განხორციელდა ექსპერიმენტი,

როცა ირანის ცენტრალურ ნაწილში მოპოვებული ურანის მადნიდან მიიღეს ურანის კონცენტრატი, რომელიც ბირთვული საწვავის წარმოების საკმაოდ რთული პროცესის საწყის ეტაპზე გამოიყენება.

როგორც შვეციის სამშვიდობო კვლევის ინსტიტუტის ექსპერტს შენონ კაილს მიაჩნია, ახალი ტექნოლოგიის გამოყენება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თეირანს დამოუკიდებლად შეუძლია უკვე აწარმოოს ურანის გამდიდრების არც თუ ადვილი პროცესი. თუმცა შვედი ექსპერტი აღნიშნავს ამასთანავე, რომ თავად ის ფაქტი, რომ ირანელმა სპეციალისტებმა ბიოტექნოლოგიის მეთოდი გამოიყენეს იმაზე მეტყველებს, რომ თეირანი, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მხრიდან ზეწოლის მიუხედავად, არ აპირებს ბირთვული პროგრამის შეწყვეტას {შენონ კაილის ხმა}: "ვფიქრობ მნიშვნელოვანია ირანელების განცხადება, როგორც იმის მანიშნებელი, რომ ისინი გააგრძელებენ სამოქალაქო დანიშნულების ბირთვული საწვავის მიღების ციკლს და არ აპირებენ ამ პროგრამასთან დაკავშირებული საქმიანობის შეწყვეტას, რასაც ევროპელები და ამერიკელები ითხოვენ".

საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა ორშაბათს გააფრთხილა ირანი, რომ დასავლეთის ქვეყნები გაეროს უშიშროების საბჭოში დააყენებენ განსახილველად ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ კრიზისს, თუ თეირანი არ განაახლებს ამას წინათ შეწყვეტილ მოლაპარაკებას ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და გერმანიასთან {ჟაკ შირაკის ხმა}: "დიალოგი ირანთან შესაძლებელია. ჩვენ მოვუწოდებთ თეირანს გამოიჩინოს პასუხისმგებლობა თანამშრომლობისა და ნდობის აღსადგენად, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში უშიშროების საბჭოს მოუხდება ამ საკითხის განხილვა".

სამშაბათს, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა ირანს - განაახლოს ევროკავშირთან მოლაპარაკება და მიიღოს ამასთანავე შემოთავაზებული წინადადება. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა შინ მაკკორმაკმა ევროპელთა
წინადადებას "სარფიანი გარიგება" უწოდა. ევროპელებმა ეკონომიკური დახმარება და ტექნოლოგიის მიწოდება აღუთქვეს ირანს, თუ ეს უკანასკნელი განუსაზღვრელი ვადით შეწყვეტს ბირთვული საწვავის წარმოებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს.

ირანმა კვირას განაცხადა, რომ აღარ მიაჩნია ევროკავშირის სამი წევრი: ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია თავის ერთადერთ პარტნიორებად, რომლებთანაც მოლაპარაკება უნდა გაიმართოს თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. ოფიციალურმა პირებმა მიანიშნეს, რომ თეირანი მიუმხრობელი ქვეყნების მონაწილეობას მოითხოვს მომავალ მოლაპარაკებებში.
XS
SM
MD
LG