Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“სოლიდარობის” დაარსების 25-წლიანი იუბილე: როგორ აფასებს ლეგენდარულ პროფკავშირს მისი ერთ-ერთი სულისჩამდგმელი...


პოლონეთის ქალაქი გდანსკი დღეს, შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში დგას: გდანსკში ჩასული არიან რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტები, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები და ექსპერტები,

სულ 28 ქვეყნის დელეგაციები, რათა აღნიშნონ ერთი, ბევრის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი - “სოლიდარობის” დაარსების 25-წლიანი იუბილე. ლაპარაკია პროფკავშირ “სოლიდარობაზე” - პირველ დამოუკიდებელ პროფკავშირზე პოლონეთში და მთელს მაშინდელ სოციალისტურ ბლოკში.

25 წლის წინ პოლონეთს ცხელი ზაფხული დაუდგა. პოლიტიკური ტემპერატურა ზაფხულის მიწურულს რომ საშიშ ზღვარს მიუახლოვდებოდა, ამის ნიშნები კომუნისტმა მმართველებმა ჯერ კიდევ ივლისში იხილეს, როცა ორ ქალაქს, სვიდნიკსა და ლუბლინს მოედო მუშების გაფიცვა. გაფიცულებმა ეფექტიანი ტაქტიკა აირჩიეს: იმის ნაცვლად, რომ პროტესტი ქუჩაში გამოეხატათ, სადაც დარბევის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდნენ, გადაწყვიტეს, ქარხნების ტერიტორიებზევე დარჩენილიყვნენ და მჯდომარე გაფიცვა მოეწყოთ. ორ კვირაში მთავრობა დათმობაზე წავიდა - დააკმაყოფილა გაფიცულების მოთხოვნები, რომლებიც ეკონომიკის სფეროს არ გასცილებია. გაფიცულებიც დაიშალნენ, მაგრამ პრეცედენტი შეიქმნა.

მომდევნო თვეში, 1980 წლის აგვისტოში, მჯდომარე გაფიცვა გდანსკში დაიწყო - ლენინის სახელობის გემთმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე. გაფიცულებს სათავეში მოექცა რიგითი მუშა, ელექტრიკოსი - თუმცა, იმ პერიოდში უმუშევარი ლეხ ვალენსა.

და თუ მანამდე გაფიცვები და სხვა საპროტესტო აქციები პოლონეთში მუშების მონაწილეობით ეწყობოდა, გდანსკის ამბებმა ვარშაველი ინტელექტუალების ყურადღებაც მიიპყრო. ისინი ხედავდნენ ერთი მხრივ სუსტ მთავრობას, მეორე მხრივ - მტკიცე ნებით შეპყრობილ მუშებს და ხედავდნენ რეალურ საფრთხეს: პოლონეთში შეტაკების, სისხლისღვრისა და საბჭოთა არმიის ინტერვენციის საშიშროებას.

ასეთ ვითარებაში, 1980 წლის 18 აგვისტოს დაიწერა წერილი, რომლითაც მუშებსა და მთავრობას მათს შორის შუამავლობას სთავაზობდნენ ინტელიგენციის წარმომადგენლები: 64 ხელისმომწერი - საზოგადო მოღვაწეები, ხელოვანები, მეცნიერები. მათს შორის იყო ბრონისლავ გერემეკიც: ცნობილი ისტორიკოსი, რომელიც მოგვიანებით, პოსტკომუნისტურ პოლონეთში, საგარეო საქმეთა მინისტრიც გახდა, ახლა კი ევროპარლამენტის დეპუტატია.

მაგრამ დავუბრუნდეთ 25 წლის წინანდელ ამბებს - იმ პერიოდს, როცა ინტელექტუალებმა გადაწყვიტეს, მხარში ამოდგომოდნენ გდანსკელ მუშებს. გერემეკი იხსენებს, რა მოხდა ინტელიგენციის წარმომადგენლების მიერ საშუამავლო წერილის დაწერის შემდეგ. [ბრონისლავ გერემეკის ხმა] “მე და ტადეუშ მაზოვიეცკიმ გადვწყვიტეთ, გდანსკში წავსულიყავით და, ინტელექტუალების სახელით, ეს წერილი ლეხ ვალესასთვის გადაგვეცა. გდანსკში ჩავედით 22 აგვისტოს საღამოს და იმავე საღამოს შევხვდით ლეხ ვალესას. ლეხ ვალესაზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ბარათმა, მასზე ხელის მომწერი ინტელექტუალების რაოდენობამ. მაგრამ მანვე გვითხრა - “იცით, აქ ბევრი წერილი მოგვდის. წერილები აღარ გვჭირდება, ახლა მეტი დახმარება გვჭირდება. შეგიძლიათ, დაგვეხმაროთო?”

ამ შეკითხვაზე გერემეკ/სა და მაზოვიეცკის დადებითი პასუხის შემდეგ მართლაც დაიწყო ერთობლივი მუშაობა - მუშებისა და ინტელექტუალური ელიტის ერთობლივი მუშაობა ახალი ორგანიზაციის დასაარსებლად. როგორ მოხდა ეს და რატომ ეწოდა ორგანიზაციას მაინცდამაინც “სოლიდარობა”, ისევ ბრონისლავ გერემეკისაგან მოისმენთ...

[ბრონისლავ გერემეკის ხმა] “მოვამზადეთ მთავრობასთან შეთანხმების ტექსტი გაფიცულთა კომიტეტთან და მუშებთან ერთად. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ინტელიგენციასა და მუშებს შორის ნდობა - შესაძლოა, ასეთი რამ, საერთოდ, პირველად მოხდა. იგივე შეიძლება ითქვას სოფლის მოსახლეობასა და ქალაქელებს შორის დამოკიდებულებაზე. გლეხებმა, როგორც გდანსკში ჩავსლისთანავე შევიტყვეთ, გადაწყვიტეს გაფიცული მუშების უფასოდ მომარაგება სურსათით და ამით - გაფიცვისადმი სოლიდარობის გამოხატვა. მოგვიანებით ამიტომაც ეწოდა “სოლიდარობა” პროფკავშირს, აგრეთვე გაზეთს, რომელსაც გაფიცულები უშვებდნენ. ეს იყო სრულიად განსაკუთრებული ადამიანური ურთიერთობა, რომელიც გდანსკში გაფიცვის დაწყებისთანავე იგრძნობოდა”.

“სრულიად განსაკუთრებული ადამიანური ურთიერთობა”, გერემეკი რომ ახსენებს, მალე პრაქტიკულად მთელს პოლონეთს მოედო. ეს შეიძლება, პათეტიკურად ჟღერდეს, შესაძლოა, ძნელი დასაჯერებელიც იყოს, მაგრამ იმ პერიოდის მომსწრე უამრავი ადამიანი ადასტურებს, რომ პოლონელები არნახულმა ერთსულოვნებამ მოიცვა... ამას, თუნდაც, სტატისტიკა აჩვენებს - “სოლიდარობის” დაარსებიდან, დაახლოებით, ერთ წელიწადში, მისი წევრების რიცხვი 9 მილიონს აღემატებოდა: და ეს სოციალისტურ ქვეყანაში, რომლის მაშინდელი მოსახლეობაც 36 მილიონს შეადგენდა.

საყოველთაო ეიფორიის სულისჩამდგმელად, უწინარეს ყოვლისა, პოლონელი პაპი ითლვებოდა - კათოლიკური ეკლესიის თავკაცად 1978 წელს არჩეული იოანე პავლე მეორე, რომელიც მომდევნო წელსვე ეწვია სამშობლოს...

თუმცა, გულზე ხელდაკრეფილი არც კომუნისტები ისხდნენ: 1981 წლის 13 დეკემბერს პოლონეთის მაშინდელმა ლიდერმა, გენერალმა ვოიჩეხ იარუზელსკიმ სამხედრო მდგომარეობა შემოიღო, რასაც თან ახლდა “სოლიდარობის” აკრძალვა და “სოლიდარობის” ლიდერების, მათს შორის ლეხ ვალესასა და ბრონისლავ გერემეკის დაპატიმრება.

იარუზელსკი დღემდე ირწმუნება, რომ სამხედრო მდგომარეობის შემოღებით პოლონეთი გადაარჩინა - კერძოდ, გადაარჩინა საბჭოთა ინტერვენციისაგან. მაგრამ გერემეკი ამ შეფასებას არ იზიარებს: [ბრონისლავ გერემეკის ხმა] “ჩემი აზრით, სოლიდარობამ პირნათლად გაართვა თავი პასუხისმგებლობას დაარსებიდან აკრძალვამდე 500 დღის განმავლობაში: ჩვენს მხარეს, პროფკავშირს, არასოდეს დაუშვია ძალადობა. ეს იყო არაძალადობრივი მოძრაობა არა მარტო თეორიულად, არამედ პრაქტიკულადაც! რასაკვირველია, იყო ზოგჯერ ვერბალური აგრესია მთავრობის წინააღმდეგ, კომუნისტური იდეების წინააღმდეგ, მაგრამ ხალხმა იცოდა, რომ არის რაღაც საზღვარი, რომლის გადალახვაც დაუშვებელია”.

“სოლიდარობა” მიუხედავად იმისა, რომ საზღვარი არ გადაულახავს, აკრძალვას ვერ გადაურჩა და მძიმე, რეპრესიებით სავსე 7 წელი გამოიარა... [ბრონისლავ გერემეკის ხმა] “ეს იყო დაკარგული დრო, დაკარგული 7-წლიანი პერიოდი, რომლის დასაწყისშიც სამხედრო მმმართველობის მეშვეობით მთავრობამ გარკვეულ წარმატებას მიაღწია ეკონომიკის რეორგანიზების მხრივ, შეძლო ეკონიმკური ვითარების ზედაპირული გაუმჯობესება. მაგრამ 2-3 წელიწადში ნათელი გახდა, რომ ვერ შეძლებდა ამ კურსის გაგრძელებას და თავს ვერ აარიდებდა დიალოგის დაწყებას. ვფიქრობ, მთავარი მაინც პოლონელი ხალხის მტკიცე ნება იყო: ხალხმა, რეპრესიების მიუხედავად, “სოლიდარობა” გადაარჩინა - სოლიდარობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეა არ გამქრალა. მეორე მხრივ, აშკარა იყო ეკონიმკური კრიზისი და ხელისუფლებას არ შესწევდა ამ კრიზისის მოგვარების უნარი”.

1989 წლის დასაწყისში ხელისუფლება “სოლიდარობასთან” დიალოგს დაყაბულდა და დაიწყო ისტორიული მოლაპარაკება, რომელზეც ოპოზიციის დელეგაციას ბრონისლავ გერემეკი ხელმძღვანელობდა. ამავე წლის ივნისში გაიმართა პირველი თავისუფალი არჩევნები პოლონეთში და მთელს სოციალისტურ ბანაკში და მათში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა “სოლიდარობამ”. მანვე შექმნა მმართველი კოალიცია - პირველი არაკომუნისტური მთავრობა მაშინდელ სოციალისტურ ბანაკში.

1980 წლის ცხელი აგვისტოს შემდეგ 25 წელი გავიდა. კომუნისტური რეჟიმი ევროპაში - ისტორიის კუთვნილებაა, ხოლო პოლონეთი, რომლის “სოლიდარობამაც” მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენა რეჟიმს - ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყანა...
[სოლიდარობის ჰიმნი]
XS
SM
MD
LG