Accessibility links

logo-print

როგორ ეხმარება საქართველოს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი


როგორც ცნობილია, 30 აგვისტოს, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობის ფინანსური ხელშეწყობით, ჩეჩენ ლტოლვილთა გეგმიური

აღრიცხვა დაიწყო. აღრიცხვის გარდა, უმაღლესი კომისარიატი სხვა პროექტებსაც ახორციელებს, რომლებიც პანკისის ხეობაში კომპაქტურად განსახლებულ ლტოლვილთა ჰუმანიტარულ დახმარებასთანაა დაკავშირებული. ამგვარი დახმარების სიმწირის გამო ჩეჩენ ლტოლვილებს და მათ უფლებადამცველებს არაერთხელ გამოუთქვამთ კრიტიკა და საყვედური. რა არის ამის მიზეზი და რა პოზიცია აქვს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობას?

30 აგვისტოს ჩვენი გადაცემიდან რადიომსმენელმა იცის, რომ პანკისის ხეობაში კომპაქტურად განსახლებულ ჩეჩენ ლტოლვილთა ერთი ნაწილი უარს ამბობს გეგმიურ რეგისტრაციაზე და მესამე ქვეყანაში გადასახლებას მოითხოვს. ისინი აცხადებენ, რომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ გაწეული დახმარება საკმარისი არ არის. და თუ რატომ, ეს სოფელ დუისის გამგებლის ჯარაფ ხანგოშვილის განცხადებიდანაც ჩანს:

[ჯარაფ ხანგოშვილის ხმა] ”დღესდღეობით 2 თვეში ერთხელ იღებენ 27 კილო ფქვილს, 3 კილო ლობიოს, შაქარს და ასეთ რაღაცეებს. ამ ფქვილს ყიდიან და არსებობენ, მართლა კი არ ცხოვრობენ.”(სტილი დაცულია)

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი საქართველოში ნავიდ ჰუსეინი კი აცხადებს, რომ მისი ორგანიზაცია თითოეულ ჩეჩენ ლტოლვილს დღეში 2100 კილოკალორიის მოცულობის სურსათით ეხმარება. გარდა ამისა, უმაღლესი კომისარიატი საქართველოში მყოფ ჩეჩენ ლტოლვილებს სხვა სახის დახმარებასაც უწევს:

[ნავიდ ჰუსეინის ხმა] ”არასასურსათო დახმარებაში შედის ტანსაცმელი, საბნები, ჰიგიენური მოხმარების საშუალებები და სხვა. ამ დეტალებზე მე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ხშირად გამოითქმის კრიტიკა იმის შესახებ, რომ ჩეჩენი ლტოლვილების დახმარება არასაკმარისია. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ჯანდაცვის პროგრამა.”(სტილი დაცულია)

არის განათლების პროგრამაც და სხვა ჰუმანიტარული პროექტებიც, მაგრამ ყველას კარგად ესმის, რომ ეს არ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. ამიტომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი ჩეჩენ ლტოლვილთა განსახლებაზეც ზრუნავს.

თუმცა ცნობილია, რომ ჩეჩენი ლტოლვილები დიდი ენთუზიაზმით არ ხვდებიან ჩეჩნეთში დაბრუნების შეთავაზებას. მათ უმრავლესობას მესამე ქვეყანაში გადასახლება უნდა. ნავიდ ჰუსეინის კომენტარი:

[ნავიდ ჰუსეინის ხმა] ”მსოფლიოში თავშესაფრის ძებნა არის უფლება, მაგრამ მესამე ქვეყანაში გადასახლების მოთხოვნა უფლება არ არის. საქართველოს ხვედრის გაზიარების მიზნით, ჩვენ ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი რაოდენობის ლტოლვილი გადავასახლოთ მესამე ქვეყანაში. თუმცა შეუძლებელი იქნება საქართველოში მყოფი 2500 ჩეჩენი ლტოლვილიდან ყველას გადასახლება სხვა ქვეყანაში.”(სტილი დაცულია)

გაეროს ლტოლვილთა კომისარიატი მესამე ქვეყანაში გადასახლების მსურველ ლტოლვილებს გარკვეული პროცედურის გავლის შემდეგ რეკომენდაციებს აძლევს, თუმცა ეს მიმღები ქვეყნისთვის სავალდებულო სულაც არ არის. ამიტომ დღემდე მესამე ქვეყანაში გადასვლა მხოლოდ 240-მდე ჩეჩენმა ლტოლვილმა მოახერხა.

ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი კიდევ ერთი მიმართულებით მუშაობს - ესაა იმ ლტოლვილების საქართველოში დამკვიდრება-ინტეგრაცია, რომლებსაც საქართველოსთან ისტორიული ფესვები აკავშირებთ. ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ახლა ეს საკითხი შესწავლის პროცესშია. ცნობისთვის: ჩეჩენ ლტოლვილთა შორის 1570-მდე ეთნიკური ქისტია.
XS
SM
MD
LG