Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მძღოლების აქცია თავისუფლების მოედანზე


მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ დამტკიცებული ახალი სატრანსპორტო სქემის წყალობით, შემოსავლის გარეშე დარჩენილი მძღოლები დროდადრო

თავისუფლების მოედანზე, დედაქალაქის მერიის წინ, იკრიბებიან და საპროტესტო აქციებს მართავენ. აქციის მონაწილეთა თქმით, ქალაქის ცენტრში მოძრაობის
აკრძალვით მერიის ხელმძღვანელობამ სამარშრუტო ტაქსების მძღოლები, ფაქტობრივად, შემოსავლის გარეშე დატოვა. თუმცა 31 აგვისტოს მერიის წინ შეკრებილ მძღოლებთან მერიისა და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები არ გამოსულან.


ბატონი იუზა მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში შემავალ ერთ-ერთ ლაბორატორიას ხელმძღვანელობს, მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოში მეცნიერ-თანამშრომლის მწირი შემოსავალი ოჯახის რჩენის საშუალებას არ იძლევა, იძულებულია შემოსავლის დამატებითი წყარო ეძებოს. ბატონმა იუზამ, როგორც თვითონ ამბობს, გაყიდა ბინა, ხოლო აღებული თანხით მიკროავტობუსი შეიძინა.

[ბატონ იუზას ხმა] „თავის დროზე გავყიდე სახლი, სხვა შემოსავალი რომ არ იყო. ერთ-ერთი ბიზნესი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მუშაობდა, სხვა რაღაცებთან ერთად, ეს იყო ტრანსპორტის სფერო, კერძოდ, სამარშრუტო ტაქსები. ჩავდე ფული. 5 ათასი დოლარი „რაფ“-ში მივეცი. ახლა მტოვებენ შემოსავლის გარეშე, არადა, ოჯახში ჩემს მეტი არავინ მუშაობს.“

ბატონ იუზას მსგავსად, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ დამტკიცებული ახალი სატრანსპორტო სქემა შემოსავლის გარეშე ტოვებს რამდენიმე ასეულ მძღოლს, რომლებსაც დედაქალაქის ცენტრში მოძრაობა ეკრძალებათ. მერიის წინ შეკრებილი მძღოლები ქალაქის ხელმძღვანელობას საბაზრო ეკონომიკის მთავარი პრინციპის დაცვას სთხოვენ:

[მამაკაცის ხმა] „საბაზრო ეკონომიკის პრინციპის თანახმად, უნდა იყოს ჯანსაღი კონკურენცია. მგზავრმა თვითონ აირჩიოს, რა უნდა: ავტობუსი თუ სამარშრუტო ტაქსი. მაგრამ ეს პრინციპი დარღვეულია. ამუშავებენ მარტო ავტობუსებს და ნაცნობობით - რამდენიმე სამარშრუტო ხაზსს. მაქინაციებით გაუშვეს რამდენიმე ხაზი ვაკეში - ისეთები, რომლებიც საერთოდ არ დადიოდნენ ვაკეში.“

საპროტესტო აქციაში მონაწილე მძღოლების თქმით, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა ცალკეულ სამარშრუტო ტაქსებს დედაქალაქის ცენტრში მუშაობის ნება დართო. რა პრინციპით იხელმძღვანელა სამსახურის ხელმძღვანელობამ, ძნელი სათქმელია. მერიაში კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებენ, თუმცა მძღოლებს საკუთარი ვერსიაც აქვთ:

[მამაკაცის ხმა] „რა ხდება? ისო ჩიკვილაძის არისო, ნათესავი არისო 4 ნომერზეო... ჩვენთვის თუ არ შეიძლება ბარნოვზე, მაგათთვის შეიძლება? 4 და 195 ნომერმა იარონ დატენილებმა და დღეში ასი ლარი აკეთონ და ჩვენ ათიც ვერ გავაკეთოთ? თუ კანონი იყო, ხო შეასრულა 14 და 15 ნომერმა. რატომ არ შეასრულა 4-მა და 195-მა?“(სტილი დაცულია)

მაგრამ მძღოლებთან თავის მართლებას არავინ აპირებს. მერიის ხელმძღვანელობამ სამარშრუტო ტაქსებს განაჩენი, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ჯერ კიდევ გასულ კვირაში გამოუტანა. ბატონი იუზა ხელისუფლების სიჯიუტითა და უგუნური ეკონომიკური პოლიტიკით არის აღშფოთებული:

[ბატონ იუზას ხმა] „რითი ფიქრობს ეს ხალხი? ეკონომიკას ანადგურებენ, თან ყოველ დღე სამსახურიდან ათავისუფლებენ ადამიანებს და უმუშევართა არმიას ზრდიან. გაივსო ქალაქი მათხოვრებით. გაიარეთ ქალაქში და ნახავთ.“

საპროტესტო აქციების მიუხედავად, მერიის ხელმძღვანელობა დამტკიცებული სატრანსპორტო სქემის შეცვლას არ აპირებს. მეტიც, არაა გამორიცხული, უახლოეს მომავალში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა სამარშრუტო ტაქსები მთელი დედაქალაქის მასშტაბითაც შეავიწროოს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG