Accessibility links

logo-print

ბესლანის ტრაგედიის პირველი წლისთავი


ანდრო ეული, პრაღა ერთი წელი შესრულდა ბესლანის ტრაგედიიდან, და ჩრდილოეთ ოსეთის ამ პატარა ქალაქის ნომერ პირველი სკოლის შენობასთან,






რომელიც 2004 წლის 1 სექტემბერს დაიკავეს ჩეჩენმა ექსტრემისტებმა, მგლოვიარე ნათესავებსა და ბესლანში ჩასულ სტუმრებს, ყვავილების თაიგულები მიაქვთ.
მაგრამ ამ საყოველთაო გლოვის ფონზე, ერთი კითხვა კვლავაც უპასუხოდ რჩება: რატომ მოხდა ისე, რომ მძევალთა გათავისუფლების ოპერაციას 330-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა?

ბესლანის შემოგარენში საგანგებოდ მოწყობილ სასაფლაოზე, სადაც ტერაქტის დროს დაღუპული 330-ზე მეტი ადამიანი განისვენებს, გალინა დაგუევამ თავისი ქალიშვილის, კარიმას საფლავზე მინერალური წყლით სავსე ბოთლები მიიტანა, რათა ამ სიმბოლური ჟესტით მოეკლა ის წყურვილი, სამი დღის მანძილზე რომ სტანჯავდა მძევლებს.

ხვეულთმიანი კარიმა 16 წლის იყო, როცა ბესლანის სკოლაში სამხედროების მიერ განხორციელებული ოპერაციის დროს დაიღუპა. ერთმა წელმა განვლო მას შემდეგ, თუმცა გალინა კვლავინდებურად გლოვობს ქალიშვილის უდროვოდ დაღუპვას {გალინა დაგუევას ხმა}: "უკვე ერთმა წელმა განვლო, მაგრამ თითქოს ყველაფერი გუშინ მოხდა. ტკივილი არ განელებულა", - უთხრა ჩვენს კორესპონდენტს გალინა დაგუევამ.

ალექსანდრ ვენგერი მოსკოველი ფსიქოლოგია და ერთი წლის წინ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ყოფილ მძევლებსა და მათ ოჯახებს კონსულტაციებსა და რჩევა-დარიგებას აძლევს. მისი თქმით, ბესლანი კვლავაც ტრავმირებულია მომხდარი ტერაქტის გამო {ალექსანდრ ვენგერის ხმა}: "თავად ის ადამიანები, ვისი ნათესავი ან ახლობელი არ ყოფილა მძევალთა შორის, ეგრედ წოდებული "მეორადი ტრავმის" მდგომარეობაში არიან, მათზე საერთო ატმოსფერო მოქმედებს. ქალაქი განუწყვეტელ გლოვაშია. ყველა შავებშია გამოწყობილი; დაკრძალვებია გამუდმებით: ამას, თავის მხრივ, მძლავრი ეფექტი აქვს".

იმ ბავშვებიდან, ვინც ცოცხალი გადარჩა ამ ტრაგედიის შემდეგ, მხოლოდ რამდენიმე თუ შესძლო სწავლის გაგრძელება. როგორც ვენგერი ამბობს, ამ ბავშვებს სულ ცოტა სამი წელი მაინც დასჭირდებათ ფსიქოლოგის კონსულტაციები, რათა ფსიქოლოგიური ტრავმისაგან განიკურნონ.

მაგრამ ბესლანის მკვიდრნი მოითხოვენ ამასთანავე, რომ ხელისუფლებამ მათ სრული სიმართლე უთხრას იმის შესახებ, თუ რატომ მოხდა ეს ტრაგედია, რამ გამოიწვია ხანძარი, რომლის შედეგადაც სკოლის სპორტულ დარბაზში ჭერი ჩამოინგრა და მრავალი მძევალი გაჭყლიტა და მოკლა, და როგორ მოხდა, რომ შეიარაღებული ექსტრემისტები უმტკივნეულოდ ჩავიდნენ ბესლანში?

იზრაილ ტორონტი ცრემლს ვერ იკავებს, როცა იხსენებს, როგორ გამოჰყავდა ცეცხლის ალში გახვეული სკოლის შენობიდან დაღუპული მძევლები. სხვების მსგავსად ტორონტი აღშფოთებას ვერ მალავს იმის გამო, რუსეთის ხელისუფლებამ არ მოისურვა მოლაპარაკება სეპარატისტებთან, რომლებიც მძევალთა გათავისუფლების სანაცვლოდ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ {იზრაილ ტორონტის ხმა}: "ისინი, ვინც სკოლაში მივიდა ნაძირალები, კაციჭამიები იყვნენ. მაგრამ ბავშვების გადასარჩენად ნებისმიერ დათმობაზე, ყველაფერზე შეიძლებოდა წასვლა. ჩვენ კი ეს ვერ შევძელით. და რაც უფრო მეტი ძალაუფლება აქვს ადამიანს, მით უფრო დიდია მისი დანაშაული. ყველა ვართ დამნაშავე. ბავშვები აქ აღარ არიან, ჩვენი კი ვცოცხლობთ".

იზრაილ ტორონტი სხვა არაერთი თვითმხილველის მსგავსად დარწმუნებულია იმაში, რომ რუსეთის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებმა აალებადი ყუმბარებით და ტანკებით მიიტანეს იერიში სკოლის შენობაზე "სამაშველო ოპერაციის" დროს, და ეს მაშინ, როცა შენობაში მყოფი მძევლები ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ. რუსეთის მთავრობა ჯიუტად უარყოფს ამგვარ მტკიცებას.

"ბესლანელი დედების" კომიტეტის წევრმა ზალინა გუბუროვამ, რომელსაც დედა ზინაიდა და 8 წლის შვილი სოსლანი დაეღუპა ტერაქტის დროს, ბესლანში ჩასულ ჩვენს კორესპონდენტს უთხრა, ციტატა: "არასოდეს დამავიწყდება პუტინის ნათქვამი სატელევიზიო ინტერვიუში 1999 წელს: "ჩვენ საპირფარეშოში დავასველებთ ტერორისტებსო. ამჯერად პუტინს საპირფარეშო სკოლაში აერია", - ციტატის დასასრული.

"ბესლანელი დედების" კომიტეტის რამდენიმე წევრი მოსკოვში აპირებს ჩასვლას. მათ განზრახული აქვთ განუცხადონ პუტინს, რომ პირადად მას მიუძღვის ბრალი ბესლანელი ბავშვების დახოცვაში.
XS
SM
MD
LG