Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის თუ არა ,,ბოლონიის პროცესი” ქართულად ინტერპრეტირებული


,,ბოლონიის პროცესს,” რომელიც უმაღლესი განათლების ერთიანი ევროპული სივრცის შექმნას ითვალისწინებს, საქართველო მაისში შეუერთდა. ეს ფაქტი ქვეყნის მთავრობამ

წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად გამოაცხადა. თუმცა ,,ბოლონიის პროცესთან” შეერთება არ ნიშნავს იმას, რომ 2010 წლისთვის, როდესაც საერთო ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ფორმირება უნდა დასრულდეს, საქართველო მის სრულფასოვან წევრობას შეძლებს.მინდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგალითზე, ,,ბოლონიის პროცესში” მონაწილეობის რამდენიმე ასპექტზე მოგითხროთ.


ევროპის ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის შექმნის პროცესს, რომელიც 6 წლის წინ ბოლონიიდან დაიწყო, 6 ძირითადი მიზანი აქვს. მათ შორისაა: უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება, მობილურობის გაფართოება და განათლების ევროპული სისტემის მიმზიდველობისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების უზრუნველყოფა. სამ თვეზე მეტია საქართველო ..ბოლონიის პროცესის” წევრია და აქვს უმაღლესი განათლების ახალი კანონი, რომელსაც კარგ კანონს უწოდებენ ის ადამიანებიც, რომლებიც განათლების რეფორმას აკრიტიკებენ. მათ შორისაა პარლამენტის წევრი დავით ზურაბიშვილი, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ პრესით გამოაქვეყნა სტატია, სათაურით ,,სიკვდილი ბოლონიაში”:


[დავით ზურაბიშვილის ხმა] ,,იმავე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რაც ხდება და ძალიან ბევრი რამ ხდებოდა ამ სფეროში ზუსტად იმაზე აპელირებით, რომ ეს არის ბოლონიის პროცესში მონაწილეობა, ევროინტეგრაცია და თითქოს იქაური სტანდარტებიდან გამომდინარე კეთდებოდა ეს ყველაფერი. მე იმ წერილში შევეცადე მეჩვენებინა, რომ ეს არის აბსოლუტურად ორი სხვადასხვა რამ. განათლების სამინისტროს ქმედებებს, დავუშვათ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმართებაში რაც ხდება, არანაირი კავშირი არა აქვს ბოლონიის პროცესთან.” (სტილი დაცულია)

დავით ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ანალოგიურ დასკვნას გამოიტანს ყველა, ვინც ბოლონიის პროცესით გათვალისწინებულ პრინციპებს და ვალდებულებებს გაეცნობა. მაგალითისთვის ის ასახელებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფაკულტეტების გაერთიანებას და მათი საერთო რაოდენობის შემცირებას:

[დავით ზურაბიშვილის ხმა] ,,ფაკულტეტები რამდენი იქნება, ბოლონიის პროცესს ეს არ აინტერესებს, საერთოდ. ვთქვათ, იქ 4 ფაკულტეტია, 6 თუ 35. იმავე ბოლონიის უნივერსიტეტში არის 23 ფაკულტეტი, მათ შორის -ეკონომიკური 2. ანუ ეს არის ის, რასაც განაპირობებს ტრადიცია.” (სტილი დაცულია)

დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში დაირღვა ბოლონიის პროცესის უმთავრესი პრინციპი - უნივერსიტეტის ავტონომიურობა, რადგან ფაკულტეტის დეკანის დანიშვნაც კი განათლების სამინისტროში წყდებოდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამჟამინდელი ხელმძღვანელები დამოუკიდებლობის შეზღუდვას არ უჩივიან. ბოლონიის პროცესის შესაბამისად, ისინი წლევანდელ პირველკურსელებს რამდენიმე სიახლეს, მაგალითად, სწავლების საკრედიტო სისტემას დაახვედრებენ:

[ლევან გორდეზიანის ხმა] ,,კრედიტი არის სამუშაო საათების ერთობლიობა, რომელშიც შედის სალექციო, პრაქტიკული უნივერსიტეტში და საშინაო საქმიანობა. ერთი კრედიტი არის 25 საათი და თვითონ საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე ნაწილდება უკვე ეს 25 საათი ლექციებზე, პრაქტიკულ სამუშაოებზე და საშინაო სამუშაოებზე.” (სტილი დაცულია)


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე ლევან გორდეზიანი განმარტავს, რომ სტუდენტმა მის მიერ შერჩეული ძირითადი სპეციალობისთვის 120 კრედიტი უნდა გამოიყენოს. ძირითადისთვის, რადგან, ბოლონიის პროცესის შესაბამისად, სტუდენტს დამატებითი სპეციალობის მიღების საშუალებაც აქვს. დეპუტატი დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეს, ანუ მობილობის პრინციპი, არა მხოლოდ ერთი ფაკულტეტიდან მეორეზე, არამედ ერთი სასწავლებლიდან მეორეში თავისუფლად გადაადგილებასაც გულისხმობს, მაშინ, როდესაც თბილისის უნივერსიტეტში ეს პრინციპი მხოლოდ ერთი ფაკულტეტის ფარგლებში საქმიანობას ითვალისწინებს. ამას ლევან გორდეზიანი გარკვეული სირთულეებით ხსნის:

[ლევან გორდეზიანის ხმა] ,,პირველ ეტაპზე, ალბათ, ეს იქნება ფაკულტეტის შიგნით, რახან ტექნიკურად შეიძლება გაჭირდეს, რომ გაფანტულია კორპუსები, პროგრამები ახლა დგინდება. თან, ჯერჯერობით ამ სისტემაზე მარტო პირველი კურსი გადადის, ამიტომ ტექნიკურად რთული იქნება, რომ სხვა ფაკულტეტიდან აიღონ. მაგრამ მომავალში თეორიულად ესეც შესაძლებელი იქნება.” (სტილი დაცულია)

ბოლონიის პროცესით გათვალისწინებული ორსაფეხურიანი სისტემით, ძირითადი და დამატებითი სპეციალობის დაუფლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს ექვს ფაკულტეტზეა შესაძლებელი. მათი გაერთიანების არჩეულ პრინციპს დავით ზურაბიშვილი არასწორს უწოდებს:

[დავით ზურაბიშვილის ხმა] ,,უნდა გარკვეულიყო ჯერ რა ტრადიციაა, რა სკოლაა შექმნილი, რამდენად ძლიერია ეს სკოლა. მერე, უნივერსიტეტი რითაც კოლეჯისგან განსხვავდება ყველა ქვეყანაში, ეს არის ის, რომ უნივერსიტეტში არის არა მარტო სწავლა, არამედ მეცნიერული კვლევაც. ჩვენ რასაც გვთავაზობენ, პირველი საფეხური, ეს არის პრაქტიკულად, კოლეჯის ტიპის სწავლება.(სტილი დაცულია)

უმაღლესი განათლების საერთო ევროპული სისტემის ფორმირება ხუთ წელიწადში უნდა დასრულდეს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ პერიოდისთვის საქართველოს, როგორც ბოლონიის პროცესის მონაწილე ქვეყნის, უმაღლესი სასწავლებლის დიპლომს ისეთივე ძალა ექნება, როგორიც, ვთქვათ, სორბონის ან თავად ბოლონიის უნივერსიტეტის დიპლომებს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG