Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მნიშვნელობა ექნება ნატოს საინფორმაციო ცენტრის გახსნას საქართველოსთვის


საქართველო იქნება მესამე პოსტსაბჭოთა ქვეყანა, უკრაინისა და რუსეთის გარდა, სადაც ნატოს საკუთარი საინფორმაციო ცენტრები ექნება. ამის შესახებ ქართული საინფორმაციო

სააგენტოები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყებიან. ცნობილია საინფორმაციო ცენტრების ზუსტი ხარჯთაღრიცხვა და ადგილმდებარეობაც, ხოლო რაც შეეხება მათ დანიშნულებას, ამაზე მინდა უფრო ვრცლად გესაუბროთ.

ბათუმი, თელავი,თბილისი - ეს არის საქართველოს სამი ქალაქი, სადაც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, ნატოს, საინფორმაციო ოფისები უნდა გაიხსნას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური ოფისი თბილისში დაიდებს ბინას, თუმცა გადაწყვეტილია, რომ პირველად ალიანსის საინფორმაციო ცენტრი რამდენიმე დღეში ქალაქ ბათუმში გაიხსნება. როგორც რადიო “თავისუფლებასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ნატოში საქართველოს ელჩმა დავით დონდუამ განაცხადა, ალიანსის საინფორმაციო ცენტრები ამჟამად ორ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში - რუსეთსა და უკრაინაში - ფუნქციონირებს და მათ მთავარ მიზანს მოსახლეობაში ჩრდილოატლანტიკური ბლოკის იდეის პოპულარიზება წარმოადგენს:

[დავით დონდუას ხმა] “საერთოდ გააცნოს მოსახლეობას, თუ როგორ მუშაობს ეს ორგანიზაცია, რა არის მისი პრინციპები და, რაც განსაკუთრებით მნშვნელოვანი არის, რას უნდა ელოდეს მოსახლეობა ნატოსაგან.”(სტილი დაცულია)

ნატოს საინფორმაციო ცენტრებამდე საქართველოში გაიხსნა ალიანსის წარმომადგენლის ოფისი, რომელსაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობა ევალება. ნატოს ოფისისგან განსხვავებით, საინფორმაციო ცენტრების ამოცანა იქნება უშუალოდ საქართველოს მოსახლეობის ფართო ფენებთან მუშაობა, ამბობს საქართველოს ელჩი ნატოში დავით დონდუა:

[დავით დონდუას ხმა] “რა თქმა უნდა, ხალხშიც ივლიან და ეს არ იქნება მარტო ოფისი, სადაც იდგება ერთი კომპიუტერი, ვიღაცეები მივლენ, რაღაცას წაიკითხავენ და წავლენ. ამას ექნება ძალიან ფართო საქმიანობა, როგორც ლექციების, სემინარების, ბრიფინგების ჩატარება, ასევე მისი მეშვეობით დაფინანსდება სხვადასხვა პროგრამები, პროექტები და კონფერენციები.”(სტილი დაცულია)

საქართველოში ნატოს საინფორმაციო ცენტრების გახსნას დადებით მოვლენად აფასებს დამოუკიდებელი ექსპერტი კახა კაციტაძე და ვარაუდობს, რომ ამ ნაბიჯით ალიანსი შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას იმ იდეალებს, რისთვისაც ეს გაერთიანება ნახევარი საუკუნის წინ შეიქმნა. განსაკუთრებით ეხება ეს სამხედრო უწყების ტრანსპარანტულობას და სამოქალაქო კონტროლს:

[კახა კაციტაძის ხმა] “ჰოდა, ეს იდეალები, უპირველეს ყოვლისა, არის ორი: აქ არ არის, რამდენი ტანკი და რა კალიბრის იარაღი გაქვს. ჩეხეთში, უნგრეთში და რუმინეთში ისევ უამრავი საბჭოთა იარაღია , მაგრამ არ შეუშლია ხელი ნატოში შესვლისათვის. მაგრამ იყო სხვა რამე, რის გამოც მიიღეს. იყო ტრანსპარანტულობა და იყო რეალური სამოქალაქო- დემოკრატიული კონტროლი ძალებზე. ეს არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მინისტრი სამხედრო არ არის, ეს გაცილებით უფრო გლობალური რამაა.”(სტილი დაცულია)

ისევე, როგორც არმიაზე დემოკრატიული სამოქალაქო კონტროლი და გამჭვირვალობა, საქართველოში ნატოს საინფორმაციო ოფისების გახსნა ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო პროგრამის, ე.წ. “აი-პა-პის”, საინფორმაციო სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია. პარტნიორობის ამ პროგრამის ხელმოწერიდან კი სულ მალე ერთი წელი სრულდება. და თუ როგორ ასრულებს საქართველოს ხელისუფლება ნატოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს, ამის შესახებ დაწვრილებით ჩვენ 4 სექტემბერს ყოველკვირეულ სამხედრო პროგრამაში ვისაუბრებთ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG