Accessibility links

logo-print

მობილური ტელეფონის ზემოქმედება ჩვენს ჯანმრთელობაზე


თუკი ახალი მობილური ტელეფონის შეძენა გადაწყვიტეთ,

გარდა დიზაინის, ელემენტის სიმძლავრის და ფუნქციათა სიუხვისა, მომავალში აუცილებლად იკითხეთ ხოლმე, როგორი გამოსხივება აქვს აპარატს. გარკვეული დოზა დასაშვებია, მასზე უფრო ინტენსიურმა გამოსხივებამ კი შეიძლება ცვლილებები გამოიწვოს თქვენს ორგანიზმში. ამ რჩევას გერმანიის გამოსხივებისგან დაცვის ფედერალური სამმართველო იძლევა. არის თუ არა ჯანმრთელობისთვის საზიანო მობილური ტელეფონით სარგებლობა, ეს ოფიციალური უწყებების მიერ ჯერ კატეგორიულად არც დადასტურებულია და არც უარყოფილი. ერთნი ფიქრობენ, რომ საზიანოა, სხვანი კი ამის დამამტკიცებელს ვერაფერს ხედავენ, თუმცა ცვლილებებსაც ვერ უარყოფენ. ერთია ფიზიკური ჯანმრთელობა, - ამაზე უფრო მეტს ქვემოთ გეტყვით, - მეორეა სოციალური მხარე, ადამიანების ურთიერთობაზე მობილური ტელეფონის გავლენა. ფრანგმა ფსიქოანალიტიკოსმა დელფინ მირმონმა ამ სფეროს მიუძღვნა გამოკვლევა და დაასკვნა, რომ მობილური ტელეფონი ადამიანისთვის დედის შემცვლელივითაა. მომხმარებელს ისეთი გრძნობა აქვს, თითქოს ეს ტელეფონი ჭიპლარი იყოს, რომელიც მუდმივ კავშირსა და დამოკიდებულებას უზრუნველყოფს სხვა ადამიანთან: მშობელთან, მეგობართან, პარტნიორთან, მეუღლესთან. ეს, ფრანგი მეცნიერის აზრით, ადამიანს დამოუკიდებლობას უკარგავს. ადამიანს, მირმონის თანახმად, სიმარტოვის მარადიული შიში აქვს. ეს შიში მობილურის მეოხებით მცირდება. მას ყოველთვის შეუძლია ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს დაურეკოს სასურველ პირს და კონტაქტი დაამყაროს მასთან, ანუ მას მუდმივად აქვს ილუზია, რომ მარტო არ არის. ეს მობილურის მომხმარებელს ხშირად საკუთარი გადაწყვეტილების მიღების უნარსაც ართმევს. შეყვარებულების ურთიერობა მობილურის გარეშე წარმოუდგენელია. ეჭვიან ტიპებს ეგრეთ წოდებული Finder-service-ი პარტნიორის მუდმივი ზედამხედველობის საშუალებას აძლევს. ეს სამსახური, ძირითადად, გულმავიწყებისთვისაა, მათთვის, ვისაც მუდმივად ავიწყდება, სად დატოვა საკუთარი ტელეფონი. მაგრამ ამ სამსახურს ეჭვიანებიც იყენებენ. თუკი გაქვთ მობილურის პინ-კოდი, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ზუსტად დაადგინოთ, სად არის აპარატი, ანუ ის, ვისაც ტელეფონი ჩანთაში ან ჯიბეში უდევს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
რაც შეეხება ჯანმრთელობას. ორი დღის წინ ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს შედეგები კვლევისა, თუ როგორ ზემოქმედებს მობილური ტელეფონი ტვინის კიბოს წარმოქმნაზე. მათი დასკვნით, - ჩვენი “რადიო” “კიბოს კვლევის ბრიტანეთის ინსტიტუტის” ხელმძღვანელს ენტონი სვერდლოუს ესაუბრა, - შეგიძლიათ მობილურზე ილაპარაკოთ, რამდენიც გსურთ, ეს მხოლოდ თქვენს ჯიბეს ავნებს. ბრიტანელი მკვლევრების მიზანი იყო დაედგინათ, რამდენად უწყობს ხელს მობილურის მოხმარება შიდა ყურისა და ტვინის შემაერთებელი ნერვის სიმსივნის განვითარებას. ცნობილია, რომ ამ ტიპის სიმსივნის გამოწვევა შეუძლია რენტგენის სხივებს, ხოლო ტელეფონი, მართალია, მცირე დოზით, ამგვარ ტალღებს ავრცელებს. ენტონი სვერდლოუ განმარტავს, თუ რატომ იკვლევდნენ კონკრეტულად ამ არეალის სიმსივნის წარმოშობის პირობებს.

(სვერდლოუს ხმა)

“იმიტომ, რომ ნერვული სისტემის სიმსივნეთა წარმოქმნა იქ ხდება, სადაც ტელეფონის აპარატი გვიჭირავს და, შესაბამისად, სადაც რადიოტალღებით დასხივება ხდება. სიმსივნის ამ ტიპის და ნერვული სისტემის ამ ნაწილის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გვქონდა, რადგან მობილურის გზით ამ ადგილის დასხივება ხდება ინტენსიურად”. მეცნიერები ესაუბრნენ მობილური ტელეფონის 678 მომხმარებელს, რომლებსაც ამ ნერვის კიბო უკვე დაუდგინდათ და კიდევ სხვა 3500 ჯანმრთელ ადამიანს ბრიტანეთში, ფინეთში, შვეციასა და ნორვეგიაში. ამ ქვეყნების მოქალაქეები მობილურებს ყველაზე დიდი ხანია რაც იყენებენ. ეს მკვლევართ საშუალებას აძლევდა დაედგინათ, იყო თუ არა რაიმე კავშირი ათი წლის მანძილზე მობილურის ხმარებასა და სიმსივნეს შორის. სვერდლოუს თქმით (შესაბამისი ანგარიში “ბრიტანეთის კიბოს კვლევის ჟურნალშიც” გამოქვეყნდა), ამ დროის განმავლობაში ამგვარი კავშირი ვერ დადგინდა.
(სვერდლოუს ხმა)
“მათ შემთხვევაში, ვინც ათი წელიწადი და უფრო ნაკლები ხანია სარგებლობს მობილურით, ვერ დავადგინეთ კავშირი მობილურის ხმარებასა და კიბოს რისკს შორის. ჩვენი მონაცემები არ არის ფართო, ამიტომ მათ შესახებ, ვინც ათ წელიწადზე მეტი ხანია სარგებლობს მობილურით, კატეგორიულად ვერაფერს ვამბობთ.”
ენტონი სვერდლოუს თქმით, მათი მდგომარეობა, ვინც უფრო ხშირად ლაპარაკობს ტელეფონით, შეადარეს იმათ მდგომარეობას, ვინც იშვიათად მოიხმარს მობილურს. ასევე - ახალგაზრდები და ხანში შესულები, ძველი და ახალი აპარატები. ბრიტანელი მეცნიერები აცხადებენ, რომ ვერ დაადგინეს ურთიერთკავშირი მობილურის ხმარებასა და სიმსივნეს შორის. რა შედეგი აქვს მობილურის უფრო ხანგძლივად მოხმარებას, - 20, 30 თუ 40 წლის განმავლობაში, - ჯერ უცნობია.
შვეიცარიის, კერძოდ, ციურიხის უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიისა და ტოქსიკოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა დაკვირვება აწარმოეს ჯანმრთელ ახალგაზრდებზე. მათი დასკვნით, მობილური ცვლის ტვინის აქტიურობას. ცდა ჩაატარეს ძილის დროს და დაადგინეს, რომ ტვინის აქტიურობა არა მხოლოდ იმ მხარეს იზრდება, სადაც აპარატი იყო მიმაგრებული, არამედ მეორე მხარესაც. ვარაუდობენ, რომ მობილური ტელეფონი მეხსირებაზეც მოქმედებს. ხელთა გვაქს იმავე ბრიტანეთის “გამოსხივებისგან დაცვის სახელმწიფო კომიტეტის” რჩევა მშობელთა მიმართ, არავითარ შემთხვევაში 9 წლის ასაკამდე ბავშვებს არ მისცენ მობილური ტელეფონი. ევროპის კავშირმა დააფინანსა ეგრეთ წოდებული “რეფლექსების კვლევა”, რომელშიც 7 ქვეყნის მკვლევრები მონაწილეობდნენ. ვენელი მედიკოსი, პროფესორი ჰუგო რიუდიგერი ამბობს, რომ ამ გამოკვლევის დასკვნა დღემდე ყველაზე დამაჯერებელია. მისი თქმით, მობილური ტელეფონის ელექტრომაგნიტური ტალღები უჯრედის გენეტიკურ სუბსტანციას ანადგურებს ბევრად იმაზე ნაკლები დოზით, რასაც დღემდე ვარაუდობდნენ. ავსტრიელი მედიკოსის თანახმად, გენეტიკური სუბსტანციის შეცვლა კიბოს რისკს ზრდის. ეს ლაბორატიული დასკვნებია, განაგრძობს პროფესორი რიუდიგერი. როგორ მოქმედებს ეს ტალღები ცოცხალ ორგანიზმში, ამისთვის დამატებითი კვლევაა საჭირო, მაგრამ ბრიუსლი ჯერ დუმსო, ამბობს ის.
ბოლოს, კვლავ პრაქტიკული ცნობა: მობილური ტელეფონის გამოსხივება ერთ კილოგრამზე სამ მეათედ ვატს არ უნდა აღემატებოდეს. დღესდღეობით ოფიციალურად დაშვებულია 2 ვატი ერთ კილოგრამზე, ანუ თითქმის 7-ჯერ მეტი იმ დოზაზე, რომლის მოქმედების შედეგადაც უჯრედში გენეტიკური სუბსტანციის დაშლა მკვლევართა მიერ უკვე დადასტურებულია.
XS
SM
MD
LG