Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შეიცვალა თბილისის ელექტრომომარაგებაში ”ეი-ი-ესის” ”რაო ე-ესით” ჩანაცვლების შემდეგ


რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანია ”რაო ე-ესი” (РАО ЕЭС) საქართველოში 2 წლიანი საქმიანობის იუბილეს აღნიშნავს. როგორც ცნობილია, 2 წლის წინ ”რაო ე-ესმა”

შეერთებული შტატების კომპანია ”ეი-ი-ესისგან” 25 მილიონ ამერიკულ დოლარად თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია ”თელასი” შეიძინა. მე შევეცადე გამერკვია, რა შეიცვალა ამ გარიგების შემდეგ: გაუმჯობესდა თუ არა თბილისელების ელექტრომომარაგება და რა გავლენა მოახდინა რუსულმა ინვესტიციამ ქართულ-რუსულ ურთიერთობაზე.

თბილისის ელექტროგამანაწილებელ კომპანია ”თელასში” ორწლიანი საქმიანობისას რუსეთის სახელმწიფო კომპანია ”რაო ე-ესმა” 18 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. 4 მილიონი დაიხარჯა ხრამჰესის სარეაბილიტაციოდ და დაახლოებით ამდენივე დასჭირდება თბილისის თბოელექტროსადგურის მეცხრე ენერგობლოკის აღდგენას. “თელასის” ოფიციალური წარმომადგენელი ვალერი ფანცულაია 2 წლიანი საქმიანობის მთავარ შედეგს ასე აღწერს:

[ვალერი ფანცულაიას ხმა] ”თუ 2004 წელს ჩვენს საკაბელო მეურნეობაში 256 ავარია იყო, ეს დაყვანილია 156-ზე. ეს იმაზე მიუთითებს, რომ გაუმჯებესდა ქსელის საიმედოობა. გაუმჯობესდა მოხმარებული ენერგიის საფასურის მაჩვენებელი. კომერციული დანაკარგებიც შემცირდა. საშუალოდ ახლა ჩვენთან ამოღების მაჩვენებელი შეადგენს 85%-ს, მაშინ როდესაც რაოს შემოსვლისას ეს, ფაქტობრივად, 65% იყო.”(სტილი დაცულია)

2 წლის წინ თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანიის, ”თელასის”, რუსეთის კომპანია ”რაო ე-ესისთვის” მიყიდვას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა და ეს იყო ერთ-ერთი თემა შევარდნაძის ხელისუფლების კრიტიკისას. ჩვენს არქივში პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მაშინდელ განცხადებას მივაკვლიე:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”აქვს გარკვეული მნიშვნელობა მაქსიმალურად სწრაფად საკითხებში გარკვევას, თორემ მერე შეიძლება მართლა გვიან აღმოჩნდეს და მერე შეიძლება აღმასრულებელ ხელისუფლებასაც, პარლამენტსაც ბერკეტი არ დაგვრჩეს.”(სტილი დაცულია)

მიუხედავად ამ განცხადებისა, ამერიკულმა “ეი-ი-ესმა” “თელასი” ისე მიჰყიდა რუსულ “რაო ე-ესს”, რომ ოფიციალური თბილისი საქმის კურსში არ ჩაუყენებია. ქართულ ენერგოსისტემაში რუსეთის სახელმწიფო კომპანიის შემოსვლის წინააღმდეგი იყო იმ დროს დეპუტატი, ახლა კი ეკონომიკის ექსპერტი, დემურ გიორხელიძე. მე მას ვკითხე, რა შეიცვალა “რაო ე-ესის” “თელასში” შესვლის შემდეგ. მან განაცხადა, რომ ჯერჯერობით “რაოს” საქმიანობით რადიკალური ცვილებები არც ელექტროსისტემაში მომხდარა და არც პოლიტიკაში:

[დემურ გიორხელიძის ხმა] ”ამას “რაო ე-ესს” ვერ დავაბრალებთ, ეს სანახევროდ შეწყვეტილი რეფორმების შედეგი უფროა. რასაც რუსეთი ახორციელებს ენერგეტიკული პოლიტიკის თვალსაზრისით, ის კრიზისულ პირობებში აუცილებლად გადაიქცევა ბერკეტად.”

დემურ გიორხელიძე აცხადებს, რომ რუსეთის ელექტროგიგანტის საქართველოში საქმიანობა მას შემდეგ არ იქნება საშიში, რაც ის გამართულ საკანონმდებლო ჩარჩოებში მოექცევა და ხელისუფლებას სტრატეგიულ სფეროზე ზემოქმედების ბერკეტები გაუჩნდება. ერთ-ერთი ასეთი ბერკეტი მარეგულირებელი კომისიაა. მან ერთხელ უკვე გამოაჩინა კლანჭები “რაო ე-ესის” მიმართ და ამ კომპანიას უარი უთხრა გაწეული ინვესტიციის აღიარებაზე, რაც ტარიფის გაზრდას გამოიწვევდა. ექსპერტების აზრით, ეს არაეფექტური მექანიზმია მოახლოებული ზამთრის წინ, როდესაც ქართული ენერგოსისტემა განსაკუთრებით მგრძნობიარეა რუსეთთან დამაკავშირებელ ელექტროგადამცემ ხაზზე თუ მეცხრე ენერგობლოკზე მომხდარი ნებისმიერი ავარიის მიმართ.
XS
SM
MD
LG