Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგალმა ''კატრინამ'' აურაცხელი ზარალი მიაყენა შეერთებული შტატების მექსიკის ყურის სანაპიროს


ანდრო ეული, პრაღა მას შემდეგ, რაც ორშაბათს 29 აგვისტოს მექსიკის ყურის სანაპიროს თავს დაატყდა გამანადგურებელი გრიგალი "კატრინა",






ვითარება ლუიზიანის შტატის ქალაქ ახალ ორლეანში დღითიდღე უარესდება. ათეული ათასობით ადამიანი ამ ქალაქში ორშაბათიდან მოყოლებული სურსათის, სასმელი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ძალადობასა და ძარცვა-გლეჯას იქ ბოლო არ უჩანს. ახალი ორლეანი თითქმის მთლიანადაა დატბორილი. ამერიკის სენატმა ათ მილიარდზე მეტი დოლარი გამოყო ამერიკის 3 სამხრეთ შტატში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად.


ლუიზიანის შტატის გუბერნატორმა ქეთლინ ბლანკომ უბრძანა ჯარისკაცებს საჭიროების შემთხვევაში ცეცხლი გაუხსნან ბოროტმოქმედებს, რათა ახალ ორლეანში ბოლო მოეღოს ძალადობასა და ძარცვა-გლეჯას.

გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსს" მოჰყავს ახალი ორლეანის პოლიციის სამმართველოს უფროსის ედუარდ კომპასის ნათქვამი იმის შესახებ, რომ ხუთშაბათს შეიარაღებულმა ბოროტმოქმედებმა დაიკავეს ყრილობათა სასახლე, სადაც ქალაქის 25,000-დე მკვიდრმა ნახა თავშესაფარი. კომპასის თქმით, მიმდებარე ქუჩებში ხდება ქალების გაუპატიურება და მოქალაქეებზე თავდასხმა, ხოლო პოლიციელები ვერ აკონტროლებენ ვითარებას.

ხუთშაბათს ვერ მოხერხდა ახალი ორლეანის საავადმყოფოდან პაციენტების გადაყვანა, ვინაიდან სნაიპერმა ექიმებსა და ეროვნული გვარდიის მებრძოლებს გაუხსნა ცეცხლი. პარასკევს გავრცელდა ცნობა, რომ ახალი ორლეანის სანაპირო ძლიერმა აფეთქებებმა შეარყია. ამ აფეთქებათა მიზეზისა და შესაძლო ზარალის შესახებ ცნობებში არაფერია ნათქვამი.

ახალ ორლეანში გადაღებული ფოტოსურათებიდან ირკვევა, რომ თავშესაფარში, რომელიც რის ვაი ვაგლახით იტევს 25,000-დე ადამიანს, მრავლადაა გარდაცვლილთა გვამები, მაგრამ მათ გასატანად არავის სცალია.

ქალაქის მესვეურთა გამოანგარიშებით, ასი ათასამდე ადამიანი ახალ ორლეანში დარჩა მიუხედავად ხელისუფალთა დაჟინებული მოწოდებისა - დაეტოვებინათ ქალაქი, ვიდრე გრიგალი "კატრინა" მექსიკის ყურის სანაპიროს დაატყდებოდა თავს. უმრავლესობა ამ ადამიანებისა მოსახლეობის ყველაზე ღატაკი ფენის წარმომადგენლებია.

მაშველები განაგრძობენ ხალხის ევაკუაციას მათი დატბორილი სახლების სახურავებიდან, სადაც ისინი წყლისა და სურსათის გარეშე არიან შემორჩენილები. ახალი ორლეანის 80 პროცენტი დატბორილია, და ზოგიერთ ადგილებრში წყლის სიღრმე 3 მეტრს აღწევს. წყალდიდობა მას შემდეგ დაიწყო, რაც გრიგალმა წყლის დონე ასწია ახალი ორლეანის მიმდებარე ტბაში.

პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ გრიგალით მიყენებული ზარალის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება {ჯორჯ ბუშის ხმა}: "რგიონის აღდგენა შესალოა ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდეს. მძიმე შრომა, ძალისხმევა და მოთმინების გამოვლენაა საჭირო. საჭიროა ბევრი ფულიც. ფედერალური მთავრობა, თქმა არ უნდა, შეიტანს თავის წვლილს, თუმცა აუცილებელია, რომ კერძო სექტორმაც მიიღოს ამ ძალისხმევაში მონაწილეობა".

ამერიკის სენატმა ხუთშაბათს ათნახევარი მილიარდი დოლარი გამოყო ლუიზიანის, მისისიპისა და ალაბამის შტატებში სტიქიით გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად.

თეთრი სახლი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა სტიქიით დაზარალებულ რეგიონში ზოგიერთი ოფიციალური პირის მხრიდან იმის გამო, რომ ფედერალური მთავრობის რეაგირება მომხდარზე ერთობ პასიური იყო. აი რა განაცხადა რადიოინტერვიუში ახალი ორლეანის მერმა რეი ნეგინმა {რეი ნეგინის ხმა}: "ფედერალურ ხელისუფლებას წარმოდგენა არა აქვს აქ რა ხდება. ისინი ერთხელ ჩამოფრინდნენ აქ სატელევიზიო კამერებით, ასოშიეიტედ პრესის კორესპონდენტებითა და მთელი ამალით, ორი დღის შემდეგ, როცა ავადსახსენებელი მოვლენა უკვე დასრულებული იყო, და მე განრისხებული ვარ".

მოქალაქეობრივ უფლებათა მოძრაობის ცნობილმა აქტივისტმა ჯესი ჯექსონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს ნაკლებად ადარდებს ხალხის, უმეტესწილად აფრიკული წარმოშობის ამერიკელთა ბედი, რომლებსაც არ გააჩნიათ სახსრები იმისთვის, რათა დატოვონ ახალი ორლეანი. ზოგიერთმა გაზეთმა კრიტიკული წერილები გამოაქვეყნა თეთრი სახლის ადმინისტრაციის მისამართით, რომლის მთელი ყურადღება, მიმომხილველთა აზრით, ტერორის წინააღმდეგ მიმდინარე ომისა და ერაყისკენაა მიპყრობილი, მაშინ როცა თავად შეერთებული შტატები მოსალოდნელ სტიქიურ უბედურებებს მოუმზადებელი ხვდება.
XS
SM
MD
LG