Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა


დავით პაიჭაძე, თბილისი მრავალი წინა კვირისაგან განსხვავებით, გასულ კვირაში ნამდვილად იყო 2-3 მოვლენა, რომელსაც ქართული პრესა გამუდმებით უთმობდა ყურადღებას.

ესაა შალვა რამიშვილის სასამართლო პროცესი და ამ საქმესთან დაკავშირებული გარემოებანი; დეპუტატ დავით ზურაბიშვილის გასვლა საპარლამენტო უმრავლესობიდან; მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლისათვის ფუნქციის ჩამორთმევა. ყველა ეს თემა გაშუქდა ჩვენი რადიოს ყოველდღიურ პრესის მიმოხილვებში. ამიტომაც ზოგიერთ სხვა საკითხსაც მივაპყრობთ თქვენს ყურადღებას.

მაგრამ ბოლომდე შეუძლებელია დავეხსნათ მიზეზებს, რამაც ტელეკომპანია "202"-ის დამფუძნებლის დაპატიმრება განსაზღვრა. კვირის დასაწყისში გაზეთმა “ახალმა ვერსიამ” გამოაქვეყნა სტატია “კობა ბექაურის გამდიდრების საიდუმლო”. ახალი ვერსიის მიხედვით, შარშანდელთან შედარებით, ბექაურის ქონება თითქმის 300 ათასი ლარით გაიზარდა. აქედან 150 ათასი დოლარი, დეპუტატის თქმით, მისთვის ისრაელის მოქალაქე მერაბ ფიჩხაძეს უსესხებია უპროცენტოდ. მანამდე ბექაურის წლიური შემოსავალი 11600 ლარი ყოფილა. გაზეთი იმოწმებს კანონს საჯარო სამსახურში კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ, “რომელიც სახელმწიფო მოხელეს, მათ შორის პარლამენტის წევრს, უკრძალავს უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გადაცემული ნებისმიერი ქონების მიღებას. ამ კანონის მიხედვით, საჯარო მოხელეს ერთი წლის განმავლობაში საარსებო მინიმუმის ოცმაგ ოდენობაზე მეტის მიღების უფლება არა აქვს. კობა ბექაურმა კი იმაზე ბევრად მაღალი ღირებულების საჩუქარი მიიღო, ვიდრე ამას კანონი ითვალისწინებს” - წერს “ახალი ვერსია”.

გასულ კვირაში ასობით აბიტურიენტი ითხოვდა პასუხს განათლების სამინისტროსგან, თუ რაომ ვერ გახდნენ სტუდენტები გამოცდებზე მიღებული მაღალი ქულების მიუხედავად. ამ საკითხის გარკვევა გაზეთმა “24 საათმა” სცადა. “აბიტურიენტებმა და მათმა მშობლებმა ვერ გაითვალისწინეს და ხუთივე ისეთი ფაკულტეტი შემოხაზეს, სადაც ძალიან მაღალი კონკურსი იყო. იყო შემთხვევა, როცა აბიტურიენტს ხუთივე ფაკულტეტი კავკასიის ბიზნეს სკოლაში ჰქონდა მითითებული. მიუხედავად მაღალი ქულებისა, ის გარეთ დარჩა. ეს ყველაფერი გამოცდიებაა. თუ სამი ფაკულტეტი ძალიან პრესტიჟულია, ბოლო ორი მაინც ცაწერე ისეთი, სადაც მეტ-ნაკლებად გარანტირებული იქნები. სწორედ ამ კატეგორიას ეძლევა შანსი მეორად კონკურსზე. თუ ძირითადი კონკურსი ხუთი არჩევანის საშუალებას აძლევს, მეორადი კონკურსი - 10 ვარიანტია. შესაბამისად, შანსი იზრდება, განსაკუთრებით მათთვის, ვისი სურვილია, ოღონდ ჩაირიცხოს” - წაიკითხავდით “24 საათში”.

ახლა შაბათის, 3 სექტემბრის პრესასაც გავეცნოთ: რეზონანსი ეხმიანება ბათუმში საქართველოს დიპლომატიური კორპუსის თავშეყრას და მკითხველს აცნობს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომ საქართველო სამხრეთ კავაკასიაში ლიდერის პოზიციის დაკავებას შეეცდება. გაზეთს მოჰყვას სხვადასხვა ექსპერტის კომენტარიც; სახელდობრ, საქარველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის ექსპერტი, კახა გოგოლაშვილი აღნიშნავს, რომ ეს პოზიტიური განაცხადია და შესაძლოა, იმას გულისხმობს, რომ საქართველო რეფორმების გატარებას მეზობლებზე სწრაფად შეეცდება, მაგრამ უბრალოდ მიზნის დასახვა, რომ რეგიონში ლიდერი გავხდეთ, შედეგს ვერ მოიტანს”. “თურქეთისა და ირანის გვერდით საქართველო ლიდერობაზე პრეტენზიას ვერ განაცხადებს” - წერს რეზონანსი.

გაზეთი “ალია” ცდილობს, დაინახოს ტელეკომპანია "202"-ის მომავალი შალვა რამიშვილის წინასწარ პატიმრობაში დატოვების შემდეგ. “რამიშვილი ღია ეთერში ყოველთვის მიმართავდა ბიზნესმენებს, რეკლამები მომიტანეთო, მაგრამ ამას ისეთი პირი უჩანს, სავარაუდოა, ხელისუფლების შიშით, თანაც ურამიშვილო ტელევიზიაში რეკლამების მიტანა საერთოდ შეწყდეს. დამძიმდება არხის ფინანსური მდგომარეობა და შესაძლოა, ტელევიზიაც გაჩერდეს. კითხვას, მოიმატა თუ მოიკლო რეკლამების რიცხვმა 202-ზე, ტელევიზიაში პასუხობენ, რომ საგანგებო რეჟიმის გამო რეკლამების გაშვება და, შესაბამისად, შემოდინებაც, შემცირებულია, მაგრამ ფიქრობენ, რომ ინციდენტის ამოწურვის შემდეგ მათი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება.”

3 სექტემბრის “ახალი თაობა” კი მკითხველს აუწყებს, რომ სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკური რეფორმების დარგში, კახა ბენდუქიძე მთავრობას და პარლამენტს დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიების რეფორმას სთავაზობს. მისი პროექტით, დღეს არსებული 6 მარეგულირებლიდან 2 დარჩება - ენერგეტიკისა და კომუნიკაციების კომისიები. "მარეგულირებელი კომისიები მთლიანად დაფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო რეგულირების მოსაკრებელი, რითაც კომისიები ადრე ფინანსდებოდნენ, მთლიანად ბიუჯეტში წარიმართება. ბენდუქიძეს მიაჩნია, რომ აქამდე რეგულირება უკონტროლო და გაუმჭვირვალე იყო" - წაიკითხავთ “ახალ თაობაში”.
XS
SM
MD
LG