Accessibility links

როგორია საქართველოს საგარეო პრიორიტეტები ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ და მიღწევები საგარეო ასპარეზზე


”ვარდების რევოლუციამ” საქართველოში შეცვალა ხელისუფლება, ახალ ხელისუფლებას კი არ შეუცვლია კურსი, რომელმაც ჩამოყალიბება 1995 წლიდან დაიწყო და

რომელმაც საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეში ყველაზე პროდასავლური საგარეო კურსის ქვეყნის სტატუსი შესძინა. ”ვარდების რევოლუციამ” საქართველოს ეს სტატუსი კიდევ უფრო განუმტკიცა. დასავლეთის მიერ შექებული რევოლუციის გმირებს პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიული ცვლილებების ექსპორტიორობაზე გაუჩნდათ პრეტენზია, თუმცა ამასობაში დემოკრატიამ მათსავე ქვეყანაში წაიბორძიკა. თუ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში სწორ საგარეო პოლიტიკურ კურსს სათანადო შედეგები ვერ მოჰქონდა ქვეყნის შიგნით გამეფებული სრული სტაგნაციის გამო, სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში გამოკვეთილ ახალ საგარეო მიღწევებს დემოკრატიასთან ხელისუფლების დამოკიდებულება ჩრდილავს. როგორია საქართველოს საგარეო პრიორიტეტები ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ და მიღწევები საგარეო ასპარეზზე?

საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელმაც ჩამოყალიბება 1995 წლიდან დაიწყო და რომელსაც ოდნავ მოგვიანებით პროდასავლური ეწოდა, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის წამყვანი ექსპერტის არჩილ გეგეშიძის თქმით, თავიდანვე რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავდა. პირველი გახლდათ კონფლიქტების მოგვარების პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო აქტიური ჩართვის მიღწევა და ამით ამ საქმეში რუსეთის დემონოპოლიზაცია, მეორე - დასავლეთის ინვესტიციების წახალისება საქართველოს ეკონომიკაში, მესამე - საქართველოდან რუსეთის სამხედრო შენაერთების გაყვანის პროცესის დაწყება, მეოთხე - აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნის მშენებლობა და, ბოლოს, რაღა თქმა უნდა, დასავლეთში საქართველოს ფიზიკური უსაფრთხოების გარანტიების ძიება, რაშიც ნატოსა და ევროკავშირისკენ საქართველოს წინსვლა იგულისხმებოდა. ”ეს ყველაფერი შეუთავსებელი იყო რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების ამოცანასთან, რადგან რუსეთი ყველაფერ დასავლურს ანტირუსულად განიხილავდა და განიხილავს,” - აღნიშნავს არჩილ გეგეშიძე და დასძენს :”ამავდროულად, შიდა პოლიტიკურ ასპარეზზე დაშვებული შეცდომები, სრული სტაგნაცია, რაც წინა ხელისუფლების არსებობისას იყო, აფერხებდა სწორად განსაზღვრულ საგარეო მიზნებთან მიახლოებას. ”

მიზნები დღესაც უცვლელია, მათკენ სვლაში კი ახალი პერსპექტივები ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დაწყებულმა ცვლილებებმა შექმნა. ისევ არჩილ გეგეშიძის სიტყვებით, პრაქტიკული შინაარსი შეიძინა ნატოსთან თანამშრომლობამ, საქართველო ჩაერთო ევროკავშირის ახალ სამეზობლო ინიციატივაში, დასრულების ფაზაშია აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო ენერგოდერეფნის მშენებლობა, დასავლეთის მხარდაჭერით, შესაძლებელი გახდა რუსეთთან შეთანხმება საქართველოდან ამ ქვეყნის სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე. რისი მიღწევაც ვერა და ვერ მოხერხდა, ეს არის კონფლიქტების მოწესრიგების პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო აქტიური ჩართვა.
მაგრამ დავუბრუნდეთ მთავარს, პოლიტოლოგ ალექსანდრე რონდელის სიტყვებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის გენერალურ ხაზს, რაც დასავლურ სტრუქტურებში - ნატოსა და ევროკავშირში - ქვეყნის ინტეგრაციას გულისხმობს. ამ მიზნების მიღწევა გადაჯაჭვულია შიდა პოლიტიკური პრობლემების მოგვარებასა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან. ამიტომ შეკითხვას, არის თუ არა ამ მიმართულებით მიღწევები, ალექსანდრე რონდელი უპასუხებს:

[ალექსანდრე რონდელის ხმა] ” ის პრობლემები, რომლებიც გვაქვს ინტეგრირებასთან დაკავშირებით, გადახლართულია იმ მძიმე პრობლემებთან, რომლებიც ამ ხელისუფლებას შემორჩა საბჭოთა კავშირისა და წინა ხელისუფლებისგან. უამრავი დიდი პრობლემაა გადასაჭრელი და თან, პარალელურად, დემოკრატიზაცია უნდა მოხდეს, ევროპასთან დაახლოება მოხდეს. ეს პოლიტიკურ აჯაფსანდალს იწვევს და ხშირად ჩვენს ხელისუფლებას არა აქვს მიღწევები ამ მიმართულებით. ”


”ის, რომ ხშირად არ არის მიღწევები, განპირობებულია სხვადასხვა მიამრთულებით არათანმიმდევრული გარღვევებით,” - დასძენს ნათქვამს ალექსანდე რონდელი.

აქვე შევნიშნავთ, რომ ბათუმში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საზღვარგარეთის ქვეყნებში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრებს მართავს. 2 სექტემბერს მოქმედების ერთ-ერთ პრიორიტეტად მან ელჩებს საქართველოში ინვესტიციების მოზიდვისთვის მუშაობა განუსაზღვრა.
XS
SM
MD
LG