Accessibility links

logo-print

სადამ ჰუსეინს 19 ოქტომბერს გაასამართლებენ


ანდრო ეული, პრაღა ერაყის მთავრობის წარმომადგენელმა ლაით კუბამ კვირას ბაღდადში გამოაცხადა, რომ ქვეყნის დამხობილი დიქტატორის, სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესი 19 ოქტომბერს დაიწყება.






სადამ ჰუსეინს 1982 წელს შიიტების მასობრივ დახოცვაში ედება ბრალი, როცა მასზე განხორციელებული თავდასხმა წარუმატებლად დამთავრდა. თუ სასამართლომ სცნო იგი დამნაშავედ, ერაყის ყოფილ დიქტატორს სიკვდილით დასჯა ემუქრება.


მთავრობა თვეების მანძილზე აგროვებდა სამხილს სადამის წინააღმდეგ და ოფიციალურმა პირებმა ადრე განაცხადეს, რომ სურთ სასამართლო პროცესი სამართლიანად, მაგრამ სწრაფად წარიმართოს. ერაყის პრემიერ-მინისტრმა იბრაჰიმ ჯაფარიმ ამასთან დაკავშირებით ივლისში განაცხადა {იბრაჰიმ ჯაფარის ხმა}: "ჩვენ სამართლიან პროცესს ვუჭერთ მხარს. სასამართლო - ხელისუფლების აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოებისაგან დამოუკიდებელია. თუმცა ხელისუფლების სამივე შტომ უნდა გააცნობიეროს, რომ ლეგიტიმურობა მათ - ერაყელმა ხალხმა მიანიჭა. კანონი უნდა შესრულდეს და ჩვენ მოვუწოდებთ სასამართლოს - დააჩქაროს გამოძიება და სამართლიანი განაჩენი გამოიტანოს".

სასამართლო პროცესზე ყურადღების ცენტრში იქნება შიიტების მასობრივი დახოცვა ერაყის უშიშროების ძალების მიერ, რაც პირადად სადამ ჰუსეინმა ბრძანა. უშიშროების ძალები შეიჭრნენ ბაღდადის ჩრდილოეთით 50 კილომეტრში მდებარე ქალაქ დუჯაილში, სადაც 1982 წლის 8 ივლისს შიიტებმა თავდასხმა განახორციელეს სადამ ჰუსეინზე, მისი მოკვლის მიზნით, რაც წარუმატებლად დამთავრდა.

ერაყის უშიშროების ძალებმა დუჯაილში 143 მამაკაცი და ყმაწვილი სიკვდილით დასაჯეს, ხოლო ქალაქის კიდევ 1,500 მკვიდრი - საუდის არაბეთის საზღვართან უდაბნოში მდებარე ციხეში მოათავსეს.

თუ სასამართლო სცნობს მას დამნაშავედ, 68 წლის სადამს,
რომელიც 2003 წლის დეკემბერში შეიპყრეს ამერიკელებმა, სიკდილით დასჯა ემუქრება. სასამართლოს წინაშე წარსდგება სადამ ჰუსეინის 7 თანამებრძოლიც; მათ შორის ბერზან იბრაჰიმი, რომელიც სადამის ნახევარი ძმაა და საიდუმლო პოლიციის მაღალჩინოსანი იყო თავის დროზე, და თაჰა იასინი, რომელიც ბაათის პარტიის რევოლუციური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. დანარჩენ ოთხ ბრალდებულს - აბდულა ხალემ რუვეიდს, მეჟარ აბდულა რუვეიდს, ალი დაე ალისა და მოჰამად აზამ ალის - ხელმძღვანელი თანამდებობები ეკავათ ბაათის პარტიაში და დუჯაილის რეგიონს კურირებდნენ.

მთავრობის წარმომადგენელმა ლაით კუბამ ივნისში განაცხადა, რომ გამოძიებას შეუძლია 500-დე ბრალდება წაუყენოს სადამ ჰუსეინს ნებისმიერ სასამართლოზე, თუმცა ეს გააჭიანურებს სასამართლო პროცესს და უბრალოდ, "დროის დაკარგვა" იქნებოდა.

დოკუმენტურადაა დასაბუთებული სადამის რეჟიმის მიერ ჩადენილი არაერთი სამხედრო დანაშაული და დანაშაული კაცობრიობის წინაშე, რაც უწინარესად გულისხმობს ქურთების მასობრივ დახოცვას 80-იანი წლების დამლევს მოწყობილი ამბოხების შემდეგ, ასევე შიიტების დახოცვას 1991 წლის აჯანყების შემდეგ, ქუვეითის ოკუპაციას 1990 წელს, და რამდენიმე თვალსაჩინო ერაყელი პოლიტიკოსისა და ოპოზიციური დაჯგუფების წევრთა სიკვდილით დასჯას.

თქმა არ უნდა, რომ სადამის გასამართლება ვნებათა ღელვას გამოიწვევს ერაყში. ამის დასტურად საკმარისია გავიხსენოთ სადამ ჰუსეინის გამოცხადება სასამართლოში, როცა მას ოფიციალურად წაუყენეს ბრალდება. როცა სადამი წამოდგა, დარბაზში მყოფი ერთ-ერთი პირი მიუახლოვდა ყოფილ დიქტატორს და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა. ამდენად 19 ოქტომბერს, როცა სასამართლო პროცესი დაიწყება, უშიშროების საგანგებო ზომების მიღება გახდება საჭირო, ვინაიდან არაა გამორიცხული ვინმემ ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენოს ერაყის დამხობილ დიქტატორს, ან უბრალოდ მისი მოკვლა სცადოს. თუმცა უშიშროების საგანგებო ზომების მიღება იმისთვისაცაა საჭირო, რომ მეამბოხეთა დაჯგუფებებმა სასამართლოს შენობაზე არ განახორციელონ თავდასხმა.
XS
SM
MD
LG