Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავთობპროდუქტების ფასების ზრდა საქართველოს ეკონომიკას კოლაფსით ემუქრება


მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში - მათ შორის, საქართველოში - ამაოდ ელიან ნავთობპროდუქტების გაიაფებას. მექსიკის ყურეში მომხდარმა სტიქიურმა უბედურებამ

მკვეთრად შეამცირა ნავთობის მოპოვებისა და გადამუშავების მასშტაბები, რის გამოც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა კიდევ უფრო მეტად მოიმატა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ის ქვეყნები, რომლებიც მთლიანად იმპორტირებულ საწვავს მოიხმარენ. ასეთ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება საქართველო, სადაც 2005 წლის დასაწყისიდან დღემდე ბენზინი 53 პროცენტით, ხოლო დიზელის საწვავი და ნავთი 40-40 პროცენტით გაძვირდა. ეკონომიკის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ფასების შემდგომი ზრდა კატასტროფულად იმოქმედებს საქართველოს ეკონომიკაზე.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველო წლის განმავლობაში 420 ათას ტონა ბენზინსა და 300 ათასამდე ტონა დიზელის საწვავს მოიხმარს. ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის ინფორმაციით, საქართველოში გაყიდული საწვავის თითქმის 100 პროცენტი საზღვარგარეთიდანაა შემოტანილი. ამ ფაქტის გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ მსოფლიოში არსებული სიტუაცია ადეკვატურ ასახვას პოვებს ადგილობრივ ბაზარზე, სადაც ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 20-30 თეთრით გაიზარდა. თუმცა დიამეტრულად საწინააღმდეგო მოსაზრებას გამოთქვამს ეკონომიკის ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე, რომლის თქმითაც, ნავთობის იმპორტიორები ფასებს ხელოვნურად ზრდიან:

[სანდრო თვალჭრელიძის ხმა] „ფასები არის გაზრდილი ხელოვნურად დიდი მოგების მისაღებად და ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ამოქმედდეს ანტიმონოპოლური სამსახურები.”

ექსპერტის ამ მოსაზრებას არ იზიარებს ვახტანგ კიკნაძე, კომპანია „საქნავთობტრანსის“ გენერალური დირექტორი, რომლის თქმითაც, შიდა ბაზარზე ფასების ზრდას გლობალური პროცესები განაპირობებს. ცნობისათვის: ქართველი იმპორტიორები საწვავს გენუის ბირჟაზე დაფიქსირებულ ფასებში იძენენ.

[ვახტანგ კიკნაძის ხმა] „1 სექტემბერს ბენზინის ფასი, 1 აგვისტოსთან შედარებით, გაიზარდა 224 დოლარით, ანუ 40 პროცენტით, და, წლის დასაწყისთან შედარებით, გაიზარდა 448 დოლარით, ანუ 135 პროცენტით. ამ ციფრების გათვალისწინებით, რა გასაკვირია, რომ საწვავის ფასი იზრდება. ყველაფერი ეს ხომ იქიდან ამოდის, თუ როგორია საწვავის ფასი ბირჟაზე.“

ბირჟაზე ნავთობის ფასი კი განუხრელად იზრდება. ბენზინისა და დიზელის საწვავის გაძვირებას ყველაზე მტკივნეულად განიცდიან მძღოლები, რომლებიც, სიძვირის გარდა, ბენზინის დაბალი ხარისხითაც არიან აღშფოთებულნი.

[მამაკაცის ხმა] „ძაან ძვირია, კატასტროფულად დიდი ფასია. არ გვაქვს იმხელა ანაზღაურება, რომ ჩავასხათ 10 და 20 ლიტრი ბენზინი. და კიდევ: ხარისხიც არ ვარგა.“(სტილი დაცულია)

[მამაკაცის ხმა] „რანაირად ჩავასხამთ, ვერ ჩავასხამთ! ლარი და სამოცი ღირს „რეგულარი“ და თან არ ვარგა. თან ყველაფერზე იმოქმედებს ეს სიძვირე, ყველაფერი გაძვირდება.“

და მართლაც: იმის გათვალისწინებით, რომ ტრანსპორტის სფეროს, მრეწველობის, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარება პირდაპირ კავშირშია საწვავის ფასებთან, ეკონომიკის ექსპერტები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ნავთობის შემდგომი გაძვირება კატასტროფულად იმოქმედებს საქართველოს ეკონომიკაზე. ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი ხელისუფლებას მოსალოდნელი კრიზისის თავიდან აცილების გზას სთავაზობს:

[ვანო მთვრალაშვილის ხმა] „ამ შემთხვევაში, როცა დიზელის ფასი 1,50 ლარზე ადის და, შესაბამისად, მან შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს მთლიანად საქართველოს ეკონომიკაზე, ალბათ, უპრიანი იქნება კრიზისის გადავლამდე, დროებით, აქციზის მოხსნა და ეს ღონისძიება 15-20 თეთრით შეამცირებს საცალო ქსელში საწვავის ფასს, რაც, თავისთავად, არ არის პატარა ნიშნული. ბენზინზე აქციზის განახევრებით ათი თეთრით შემცირდება ფასი.“

აქციზის გადასახადით, რომელიც ტონა დიზელის საწვავზე 150 ლარი, ხოლო ტონა ბენზინზე 250 ლარია, საქართველოს ბიუჯეტი ყოველწლიურად საშუალოდ 150 მილიონი ლარით ივსება. ძნელი წარმოსადგენია, რომ რაიმე მოტივით ზურაბ ნოღაიდელის მთავრობამ ამ თანხაზე უარი თქვას. მით უმეტეს, რომ აქციზის გადასახადის გაუქმებითა და შემცირებით ნავთობროდუქტების ფასების ზრდა, რომელიც გლობალური კრიზისის შედეგია, არ შეჩერდება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG