Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებელი კომპანია კიდევ ერთხელ შეიცვალა


6 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, თბილისის აეროპორტის ხელმძღვანელობამ, თურქეთის კომპანიების ”ტავისა” და ”ურბანის” წარმომადგენლე

ბმა ხელი უნდა მოაწერონ ხელშეკრულებას თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის შესახებ. ”ტავთან” და ”ურბანთან” მოლაპარაკების წარმოება საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც თურქეთის კომპანია ”ჩელებმა” აეროპორტის მშენებლობის დასაწყებად საჭირო საბანკო გარანტია ვერ წარმოადგინა. სხვაგვარად ფიქრობენ ”ჩელების” წარმომადგენლები, ისევე როგორც ლუქსემბურგის კომპანია ”ჯი-თი-ესის” მენეჯერები, და საქართველოს მთავრობას აკრიტიკებენ. მე შევეცადე ამ რთულ კონფლიქტში გავრკვეულიყავი.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირობა დადო, რომ 2006 წლის 26 მაისისთვის თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნებოდა. მაგრამ, როგორც ირკვევა, აეროპორტის მშენებარე კომპანიის გამოვლენასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, პრეზიდენტის დანაპირები ვერ შესრულდება, - ეს სახელმწიფო მინისტრმა კახა ბენდუქიძემ აღიარა:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”26 მაისს არ გვექნება აეროპორტი, გამორიცხულია. ახლა რომ დაიწყონ და 26 მაისისთვის აშენდეს, მე იქ არ შევიდოდი, საშიში იქნებოდა...”(სტილი დაცულია)

არადა, ორი თვის წინ - მაშინ, როდესაც აეროპორტის მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერის პირველი შედეგები გაუქმდა და მშენებლობის გაგრძელება ”ჩელებს” დაეკისრა - ახალი აეროპორტის 26 მაისს ამოქმედების პირობა დადო აეროპორტის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ მანჯგალაძემ:

[ნიკოლოზ მანჯგალაძის ხმა] ”26 მაისისთვის შეგიძლიათ დაჯავშნოთ ბილეთები ახალი აეროპორტიდან.”

მანჯგალაძის ეს დანაპირები უნდა შეესრულებინა კომპანია ”ჩელებს”, რომელთანაც 2 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ ხელშეკრულება შეწყვიტა იმის გამო, რომ მან ფინანსური გარანტია ვერ წარმოადგინა. მანამდე, ამავე მიზეზით, აეროპორტის მშენებლობას გამოეთიშა ტენდერში გამარჯვებული კონსორციუმი, რომელშიც ”ამერიკული კომპანია ეი ენდ ჯეი”, ლუქსემბურგის ”ჯი-თი-ესი” და თავად ”ჩელები” შედიოდა.

თუმცა ”ჩელებთან” ხელშეკრულება მაინც გაგრძელდა, რითაც უკმაყოფილო დარჩა ”ჯი-თი-ესი”. მან ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში იჩივლა. სარჩელში აღნიშნულია, რომ ”საქართველოს ხელისუფლება არღვევს სამართლიანი ბიზნესის ყველა ნორმას და ხელყოფს მათ კანონიერ უფლებებს, რაც კონკურსში გამარჯვების გზით მიიღეს.”

საქართველოს ხელისუფლება თავს იმით იმართლებს, რომ კონსორციუმი შიდა უთანხმოების გამო დაიშალა და ამას საქართველოს მთავრობასთან საერთო არაფერი აქვს.

მე შევეცადე საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობა გამერკვია ზედიზედ ორჯერ მიღებული მცდარი გადაწყვეტილების გამო. ეკონომიკის მინისტრი სატელეფონო ზარს არ პასუხობდა, როგორც ჩანს, იმ მიზეზით, რომ ”ჩელებთან” მოლაპარაკებას აწარმოებდა. ნიკოლოზ მანჯგალაძემ კი, რომელმაც უკვე ორჯერ უშედეგოდ მოაწერა ხელი აეროპორტის მშენებლობის ხელშეკრულებას, აი, ასეთი პასუხი გამცა:

[ნიკოლოზ მანჯგალაძის ხმა] ”სხვათა შორის, არ არის მცდარი არჩევანი, იმიტომ რომ, ჩვენ თუ შევხედავთ იმ ფინანსურ კაპიტალს, რომელიც მათ გააჩნიათ, მაგის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს გარანტიის წარმოდგენა. პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ და არა ჩვენ.” (სტილი დაცულია)

არადა, არჩევანის გაკეთების დროს გადაწყვეტილების მიღება სულ სხვა კრიტერიუმებით ხდებოდა. აი, მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის ლექსო ალექსიშვილის ერთ-ერთი არგუმენტი, რის გამოც ”ტავის” პროექტი დაიწუნეს:

[ლექსო ალექსიშვილის ხმა] ”ჩვენი აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი არის ვიწრო, საჭიროა მისი გაფართოება, ეს არის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რაც ”ტავს” თავის პროექტში არ ჰქონდა. და ყველაზე მნიშვნელოვანი - ხელშეკრულების ვადა გახლდათ 18 წელი.”

ახლა საქართველოს მთავრობა ”ტავის” და ”ურბანის” პროექტისკენ მიბრუნებას “ტავის” დიდი გამოცდილებით ამართლებს. სამაგალითოდ ვიტყვი, რომ მისი აშენებულია სტამბულის საერთაშორისო აეროპორტი.

”ტავის” და ”ურბანის” კონსორციუმის არჩევის სხვა მიზეზები უფრო მოგვიანებით, ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, გამჟღავნდება. ამჟამად მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ეგრეთ წოდებული ”ბიოთის” ხელშეკრულების ვადა 18-დან 15 წლამდე შემცირდა. ამაში შედის, თბილისის აეროპორტის მშენებლობასთან ერთად, ბათუმის აეროპორტის რეკონსტრუქციაც, რასაც სულ 95 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოხმარდება.
XS
SM
MD
LG