Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ბუშმა დახმარება აღუთქვა სტიქიით დაზარალებულ შტატებს მექსიკის ყურის რაიონში


ანდრო ეული, პრაღა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უკანასკნელი 4 დღის განმავლობაში მეორედ ეწვია ორშაბათს ლუიზიანისა და მისისიპის შტატებს,

რომლებსაც უდიდესი ზარალი მიაყენა გამანადგურებელმა გრიგალმა "კატრინამ" და მის შედეგად გამოწვეულმა არნახულმა წყალდიდობამ. ამასობაში, მაშველები განაგრძობენ გადარჩენილთა ძებნას, ხოლო ქალაქ ახალ ორლეანში აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.


დაძაბულობა ეტყობოდა სახეზე ჯორჯ ბუშს, როცა თანამემამულეებს ხელს ართმევდა მისისიპისა და ლუიზიანის შტატებში. მაგრამ მისი კრიტიკოსები, და მათი რიცხვი არც თუ უმნიშვნელოა, აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა დააყოვნა ვაშინგტონში დაბრუნება, როცა ქვეყანაში კრიზისი დაიწყო, და თან ვერ გამოავლინა დამაიმედებელი ლიდერობა, როცა ამის საჭიროება დადგა. ხოლო ჯორჯ ბუშმა თვის ბოლომდე გააუქმა ყველა წინასწარ დაგეგმილი შეხვედრა, რათა მთელი ყურადღება მექსიკის ყურის რაიონში მომხდარ კრიზისს დაუთმოს {ჯორჯ ბუშის ხმა}: "ლორა და მე დავბრუნდით ლუიზიანაში, ხოლო შემდეგ ვეწვევით მისისიპის, რათა ვამცნოთ ამ რეგიონის კეთილ ადამიანებს, რომ აურაცხელი სამუშაოა შესასრულებელი. და ჩვენ განვაგრძობთ ამ მხრივ თანამშრომლობას ადგილობრივ ხელისუფლებასთან. უპირველესი ამოცანა, რაღა თქმა უნდა, ადამიანების გადარჩენაა. და ვიდრე თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლეა საფრთხეში, ჩვენ ქმედება გვმართებს", - განაცხადა პრეზიდენტმა ბუშმა.

ბუში თავის მეუღლესთან ერთად მივიდა ლუიზიანის შტატის დედაქალაქ ბატონ რუჟის ეკლესიაში, რომელიც ამჟამად თავშესაფრის ფუნქციას ასრულებს ახალი ორლეანიდან ჩასული ლტოლვილებისთვის.

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად ას მილიარდამდე დოლარი გახდება საჭირო, ყოფილმა პრეზიდენტმა, უფროსმა ჯორჯ ბუშმა გამოაცხადა, რომ მან და ბილ კლინტონმა დააარსეს ფონდი, რომელიც სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარება {უფროსი ჯორჯ ბუშის ხმა}: "ჩვენ ვეთათბირეთ ლუიზიანის, მისისიპისა და ალაბამის გუბერნატორებს და გადავწყვიტეთ დავაარსოთ ბუშ-კლინტონ კატრინის ფონდი. შემოსულ თანხას გადავცემთ გუბერნატორებს, რომლებიც შემდგომ გადაწყვეტენ, რაზე უნდა დაიხარჯოს ეს ფული. მიგვაჩნია, რომ უშუალოდ გუბერნატორებს ესაჭიროებათ ეს თანხა, ვინაიდან სწორედ მათ დაეკისრებათ თავიანთი შტატების აღდგენისთვის პასუხისმგებლობა".

თუმცა, ამ ინიციატივის მიუხედავად, კლინტონი და მისი მეუღლე, ნიუ-იორკელი სენატორი ჰილარი კლინტონი მოითხოვენ, რომ კონგრესის კომისიამ გამოიძიოს - როგორ გაართვა თავი მთავრობამ ამ კრიზისს.

იმ დროს, როცა ფედერალურ და ადგილობრივ დონეზე არ წყდება მთავრობის მისამართით გამოთქმული კრიტიკა სამაშველო ოპერაციის მსვლელობისას დაშვებულ ხარვეზებთან დაკავშირებით, ახალი ორლეანის პოოლიციის უფროსმა ედი კომპასმა პასუხი გასცა იმათ, ვინც პოლიციელთა უნიათობაზე ლაპარაკობს {ედი კომპასის ხმა}: "ჩვენ დავუპირისპირდით ისეთ პრობლემებს, რაც ძნელი წარმოსადგენია თქვენთვის. არ გვქონდა სურსათი, სასმელი წყალი, გამოგველია ტყვია-წამალი. არ გვქონდა სატრანსპორტო საშუალებები. გვიხდებოდა ბრძოლა წელამდე სიღრმის წყალში, რომელიც მოწამლული და დაბინძურებული იყო. მყავს პოლიციელები, რომლებსაც ჭრილობებში ინფექცია შეეჭრათ. ასეთია რეალური სურათი".

ქალაქი ახალი ორლეანი თითქმის მთლიანად დატოვა მოსახლეობამ. სამხედროების მონაცემებით, იქ მხოლოდ ათი ათასამდე ადამიანია შემორჩენილი და მათი ევაკუაცია დაჩქარებულად მიმდინარეობს. თუმცა ერთ პრობლემას მეორე ემატება. იმ დროს, როცა მექსიკის ყურის სანაპიროდან ასეული ათასობით ლტოლვილი გარბის, სხვა შტატები მათს მიღებას ვერ აუდიან.

სტიქიით დაზარალებული რეგიონიდან წასულ ლტოლვილთაგან ყველაზე მეტი ტეხასის შტატმა მიიღო. მარტო ქალაქ ჰიუსტონში 130,000-მა ადამიანმა ნახა თავშესაფარი. შტატის ხელმძღვანელობას ის ადარდებს, ვინ უნდა დააფინანსოს ამდენი დაუპატიჟებელი სტუმრის დაბინავებისა და ცხოვრების პირობები, ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ხარჯები და სხვა...
XS
SM
MD
LG