Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა საკითხები განიხილება საქართველოს მთავრობისა და ”გაზპრომის” მოლაპარაკებებზე


6 სექტემბერს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური მოსკოვს ესტუმრა ”გაზპრომის” ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების გასამართად.

”გაზპრომსა” და საქართველოს მთავრობას შორის მოქმედებს 25 წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, რომლის დეტალებს მხარეები ყოველწლიურად განიხილავენ ხოლმე. ამჯერად ყველაზე მთავარი საკითხი საქართველოსთვის მიწოდებული გაზის ტარიფია. როგორც ცნობილია, რუსეთს გადაწყვეტილი აქვს 60-დან 100 დოლარამდე გაზარდოს საქართველოში იმპორტირებული ბუნებრივი აირის საფასური.

საქართველოს მთავრობასა და რუსეთის სახელმწიფო კომპანია ”გაზპრომს” შორის 25 წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ხელი მოეწერა 2003 წლის ზაფხულში, შევარდნაძის ხელისუფლების დროს. მას შემდეგ ამ შეთანხმების დეტალები არაერთხელ გამხდარა მხარეთა უთანხმოების საგანი. ასე მაგალითად, საქართველოს ხელისუფლებამ “გაზპრომისთვის” მაგისტრალური მილსადენის მიყიდვა გადაიფიქრა, თუმცა კი ეს 2003 წლის შეთანხმებაშია გათვალისწინებული.

[ლიანა ჯერვალიძის ხმა] ”ხელშეკრულება ძალიან წამგებიანია იმ თვალსაზრისით, რომ აქ არის მხოლოდ “გაზპრომის” ინტერესი გათვალისწინებული და ჩვენი ინტერესი ამ ხელშეკრულებაში ნაკლებად იკითხება. და ყველაზე უარესი რაც არის, დავების წარმოშობის შემთხვევაში ამოსავალ სამართლად აღებული არის რუსული კანონმდებლობა.” (სტილი დაცულია)

ეს არის ლიანა ჯერვალიძე, ნავთობისა და გაზის საკითხთა ექსპერტი. იგი “გაზპრომთან” თანამშრომლობას არ ეწინააღმდეგება, თუმცა კი გაუმართლებლად მიიჩნევს ამ თანამშრომლობის გაგრძელებას ძველი სახელშეკრულებო ბაზის საფუძველზე.

ჯერჯერობით ძნელია იმაზე ლაპარაკი, ქართული მხარე “გაზპრომს” რა ტიპის ახალ სტრატეგიას სთავაზობს. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკა გილაური თბილისიდან ისე წავიდა, რომ არაფერი უთქვამს ახალი სტრატეგიის შესახებ.



მე “გაზპრომის” საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს დავით მორჩილაძეს დავუკავშირდი მოსკოვში და ვკითხე, ქართულმა მხარემ “გაზპრომს” შესთავაზა თუ არა თანამშრომლობის ახალი პირობები. მორჩილაძის პასუხიდან ირკვევა, რომ მხარეები კონკრეტულ საკითხებზე მას შემდეგ იმსჯელებენ, რაც სტრატეგიული ხასიათის ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს:

[დავით მორჩილაძის ხმა] ”თუ მოეწერა ხელი ზოგად ხელშეკრულებას, სადაც “გაზპრომის” საინვესტიციო აქტივობაზე იქნება ლაპარაკი, და თუ დაიწერა, რომ საქართველო ხელს უწყობს ამ აქტივობას, მერე დაიწყება კონკრეტულ პროექტებზე საუბარი. მთავრობასთან როცაა ხელშეკრულება, ყოველთვის ზოგადია. მაგრამ შემდეგ ამ სტრატეგიას ყოველთვის მოჰყვება კონკრეტული ხელშეკრულებები.”

კონკრეტულ ხელშეკრულებებზე მოლაპარაკებისას, სავარაუდოა, რომ ყველაზე მტკივნეული და საკამათო მოწოდებული გაზის საფასური იქნება. როგორც ცნობილია, რუსეთს გადაწყვეტილი აქვს გააძვიროს საქართველოში იმპორტირებული ბუნებრივი აირი. ლიანა ჯერვალიძე “გაზპრომის” გაზის ღირებულების გაზრდას ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევს, რადგან გაზის ღირებულება თავად მომპოვებელმა ქვეყანამ, თურქმენეთმა, გაზარდა:

[ლიანა ჯერვალიძის ხმა] ”ეს დაახლოებით უნდა ჩაჯდეს 85 დოლარიდან 100 დოლარში 1000 კუბური მეტრი. მაგრამ ჩვენი ხელისუფლების მოლაპარაკების ნიჭსა და უნარზე იქნება დამოკიდებული, ეს იქნება 85 დოლარი, 90 თუ 100 დოლარი, ანუ ერთმანეთთან რა კომპრომისზე წავლენ მხარეები.” (სტილი დაცულია)

გაზის საკითხებზე მოლაპარაკების გარდა, მოსკოვში მყოფ საქართველოს დელეგაციას გადაწყვეტილი აქვს რუსულ მხარესთან ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის მოწოდების შეთანხმებასაც მიაღწიოს.
XS
SM
MD
LG