Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეგიონებში ჟურნალისტების ფიზიკური შეურაცხყოფის ტენდენცია გრძელდება


საქართველოში ჟურნალისტის ცემის ფაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო. ამჯერად საუბარია გაზეთ ,,ახალი ვერსიის” გორელ კორესპონდენტ საბა

წიწიკაშვილზე, რომელიც მომხდარს თავის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს. საქართველოში ჟურნალისტებზე თავდასხმების გამო არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, თუმცა გამოძიების კონკრეტული შედეგები ხშირ შემთხვევაში გაურკვეველია. ფიზიკური ზეწოლის გამო ჟურნალისტების ნაწილმა პროფესიული საქმიანობა შეწყვიტა.

ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი, რომელსაც გორში სცემეს, თავდასხმას საკუთარ პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს. ფიზიკურ შეურაცხყოფამდე გორელ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა ადგილობრივი გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსმა გოგიაშვილმა მიაყენა. თავდასხმასთან ამ კონკრეტული პიროვნების უშუალო კავშირზე საბა წიწიკაშვილი ვერაფერს ამბობს, რადგან მის მიერ გამოქვეყნებული სტატიები თანამდებობის სხვა პირებსაც - მათ შორის, შიდა ქართლის რწმუნებულსაც - შეეხებოდა:

[საბა წიწიკაშვილის ხმა] ,,ეს იყო წმინდა ანგარიშსწორება. სტატიები მიშა ქარელზეც იყო მიმართული.” (სტილი დაცულია)

თავად მიხეილ ქარელმა ჟურნალისტის ცემის ფაქტი დაგმო და ადგილობრივ სამართალდამცავებს საქმის გამოძიება მოსთხოვა. შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი ვლადიმერ ჯუღელი არ გამორიცხავს, რომ საბა წიწიკაშვილზე თავდასხმა მის მიერ გამოქვეყნებულ სტატიებს უკავშირდება და ამბობს, რომ ამ ფაქტს აუცილებლად გამოიძიებს:

[ვლადიმერ ჯუღელის ხმა] ,,ვნახოთ, რაღაცა ვიღაცას სადღაც წამოსცდება და ყველა შემთხვევაში დავიჭერ.” (სტილი დაცულია)

როგორც ჩანს, ჯერჯერობით არავის არაფერი წამოსცდენია კახეთში, კერძოდ, გურჯაანის რაიონში, სადაც ივნისში ადგილობრივი გაზეთის, ,,იმედის”, რედაქტორს, გელა მთივლიშვილს, სცემეს, ივლისში კი ჟურნალისტის სახლს ხელყუმბარა ესროლეს. მაშინ ადგილობრივმა სამართალდამცავებმა საქმე ბოროტი ხულიგნობის მუხლით აღძრეს და მოგვიანებით, თავად გელა მთივლიშვილის მოთხოვნით, საქმეს მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაცია მისცეს. მიუხედავად საკმაოდ სერიოზული მუხლისა, გამოძიების პროცესში არავითარი სიახლე არ ჩანს:

[გელა მთივლიშვილის ხმა] ,,არა ვარ პესიმისტი, მაგრამ, ალბათ, არც გაკეთდება, რადგან ეს არ მოხდებოდა ისე, რომ არ ერიოს ამაში ხელისუფლება და, ბუნებრივია, ხელისუფლებას არ სურს ამ საქმის გახსნა, თორემ საქმის გახსნა აქამდეც შეიძლებოდა. დაწერილი მაქვს საკმაოდ დეტალური ჩვენება, რომლითაც შეიძლება სამართალდამცავებმა იხელმძღვანელონ. 6 ჟურნალისტური გამოძიება მქონდა, სერიული წერილები, გაკეთებული გურჯაანის რაიონში განათლების განყოფილებაში არსებულ დარღვევებზე. დღეს იმ ადამიანს, რომელზეც მე ვწერდი, რომელიც არაერთმა პედაგოგმა ამხილა მაქინაციებში, აწინაურებენ და განათლების განყოფილების უფროსის მოადგილიდან უფროსად ნიშნავენ.” (სტილი დაცულია)

ძალადობის გამო გელა მთივლიშვილმა ჟურნალისტური გამოძიების პრაქტიკა შეწყვიტა და გარკვეული დროით არც საქართველოდან გამგზავრებას გამორიცხავს.
საკუთარი უფლებების დასაცავად რამდენიმე ხნის წინ პოლიციას მიმართეს გორში არსებული ტელეკომპანია ,,თრიალეთის” ჟურნალისტებმა, რომლებსაც ადგილობრივმა მოსახლეობამ ერთ-ერთ სოფელში სიუჟეტის მომზადებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ტელეკომპანიის რედაქტორი სოფიკო რეზრიჩენკო ამბობს, რომ მათ საჩივარს ჯერჯერობით არავითარი შედეგი არ მოჰყოლია:

[სოფიკო რეზრიჩენკოს ხმა] ,,თითქოს დაიწყო მოკვლევა, თითქოს გამომძიებელი იძიებდა ამ საქმეს, მაგრამ დღემდე მნიშვნელოვანი ამ კუთხით არაფერი მომხდარა. თავს ვერ ვგრძნობთ ჟურნალისტები დაცულად.” (სტილი დაცულია)

რეგიონული მედია საქართველოში პრაქტიკულად უპატრონოდაა დარჩენილი, - ამბობს რეგიონულ ტელემაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირინა ცინცაძე. ის ასახელებს რამდენიმე პრობლემას, მათ შორის, რეგიონებში არსებულ უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციას, დაფინანსების წყაროთა არარსებობას, თავად ჟურნალისტების არასათანადო კვალიფიკაციას და იმას, რომ ჯერჯერობით არ შეინიშნება მაუწყებლობის ახალი კანონის შესაბამისად მოქმედებისათვის მზადყოფნა. ყოველივე ამას ემატება რეგიონული მედიის წარმომადგენლებზე განსაკუთრებული ზეწოლა:

[ირინა ცინცაძის ხმა] ,,უჩივიან მაინც ხელისუფლებას, ყველა შტოს - პოლიცია, გამგებელი, რომელიც აქტიურად ერევა საკადრო პოლიტიკიდან დაწყებული. რეგიონალური მედია არის ძალიან, ძალიან ცუდ დღეში საქართველოში.” (სტილი დაცულია)

დონორები, რომლებიც ქართულ მედიას ეხმარებოდნენ, მიიჩნევენ, რომ ეს სფერო განვითარებულია და აღარ გვეხმარებიან, - ამბობს ირინა ცინცაძე, რომელსაც თუნდაც 23 ტელეკომპანიის არსებობა განვითარების ნიშნად არ მიაჩნია. რეგიონული მედიის დახმარების მიზნით ასოციაცია დონორების სპეციალურ შეხვედრას გეგმავს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG