Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სადამ ჰუსეინი აღიარებს თავის დანაშაულს


ანდრო ეული, პრაღა ერაყის პრეზიდენტმა ჯალალ თალაბანიმ ეროვნული ტელეხედვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყნის დამხობილმა პრეზიდენტმა სადამ ჰუსეინმა გამომძიებელთან შეხვედრისას აღიარა მის მიერ ჩადენილი ყველა დანაშაული, რაც საკუთარი ხელმოწერითაც დაადასტურა.

ერაყის მთავრობამ გასულ კვირაში გამოაცხადა, რომ სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესი 19 ოქტომბერს დაიწყება.


როგორც ჯალალ თალაბანიმ აღნიშნა თავის სატელევიზიო გამოსვლაში, სადამ ჰუსეინმა გამომძიებელს უთხრა, რომ პირადად მისი ბრძანებით იქნა ჩადენილი ყველა ის დანაშაული, რისთვისაც იგი უნდა წარსდგეს მომავალ თვეს მათრლმსაჯულების შინაშე {ჯალალ თალაბანის ხმა}: "მე შევხვდი გამომძიებელს, რომელმაც სადამი დაჰკითხა. მე მას მოვუწოდე განაგრძოს ამ საქმის გამოძიება, და გამომძიელებმა სასიხარულო ამბავი მაცნობა. მან თქვა, რომ მნიშვნელოვანი აღიარება მიიღო სადამ ჰუსეინისაგან, რაც ხელმოწერითაც დაადასტურა დამხობილმა პრეზიდენტმა".

თალაბანიმ, რომელიც ქურთია, თქვა, რომ სადამმა უყოყმანოდ აღიარა ის ფაქტი, რომ პირადად მისი ბრძანებით განხორციელდა "ალ-ანფალი", ანუ ანტი-ქურთული კამპანია 80-იანი წლების მიწურულს, რამაც ათასობით ქურთის სიცოცხლე შეიწირა {ჯალალ თალაბანის ხმა}: "რაც შეეხება დანაშაულებს, რაც მან აღიარა, მაგალითად ანტი-ქურთული კამპანიის შესახებ, რასაც ათასობით ადამიანის სიკვდილით დასჯა მოჰყვა, სადამ თქვა: "ბრძანება მე გავეციო". სადამი 20 სასიკვდილო განაჩენის ღირსია. ასი მიზეზია იმისთვის, რომ სადამ ჰუსეინი სიკვდილით დაისაჯოს".

ლონდონში დაფუძნებული ორგანიზაციის, "ჯეინის საინფორმაციო ჯგუფის" ექსპერტმა ახლო აღმოსავლეთის საკითხებში დევიდ ჰარტველმა ჩვენი რაიოსათვის მოცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სადამის გასამართლება პოლიტიზებულ ვითარებაში ხდება. მისივე თქმით, ჯალალ თალაბანის განცხადება შესაძლოა ერაყელი სუნიტების უმცირესობაზე ზეწოლის მოსახდენადაა გამიზნული.

სუნიტები წინააღმდეგი არიან ერაყის ახალი კონსტიტუციის პროექტისა, რომელიც 15 ოქტომბერს, ანუ სუნიტი სადამ ჰუსეინის სასამართლოს დაწყებამდე ოთხი დღით ადრე იქნება გატანილი ეროვნულ რეფერენდუმზე. სუნიტები არ დაეთანხმნენ კონსტიტუციის პროექტში წამოყენებული ფედერალიზმის იდეას, რაც შიიტი უმრავლესობის, აგრეთვე ჩრდილოეთში მცხოვრები ქურთებისთვის, უფლებამოსილებათა გაფართოებას ითვალისწინებს.

პირველი ბრალდება, რომელსაც სადამს წაუყენებენ სასამართლოზე, ეხება შიიტების მასობრივ დახოცვას ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ დუჯაილში 1982 წელს, მას შემდეგ, რაც იქ განხორციელებული თავდასხმა სადამზე, მისი მოკვლის მიზნით, წარუმატებლად დამთავრდა.

ჯალალ თალაბანის მრჩეველმა ჰივა ოსმანმა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ერაყის პრეზიდენტს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ სადამ ჰუსეინი ღირსია სიკვდილით დასჯისა, თუმცა შესაბამის ბრძანებას ხელს არ მოაწერს {ჰივა ოსმანის ხმა}: "თალაბანიმ არაერთგზის განაცხადა, რომ ხელს არ მოაწერს არანაირ სასიკვდილო განაჩენს, მაგრამ არც ვეტოს დადებას აპირებს ამასთანავე, ამგვარ გადაწყვეტილებაზე.
მან თავის მოადგილეს, ვიცე-პრეზიდენტს დოქტორ ადელ აბდელ მეჰდის მიანდო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება".

სადამ ჰუსეინის ვექილები ცდილობენ გადადონ მომავალი თვისათვის დანიშნული სასამართლო პროცესი და აცხადებენ, რომ მეტი დრო სჭირდებათ მოსამზადებლად.

ასოშიეიტედ პრესის სააგენტომ ოთხშაბათს გამოაქვეყნა სადამ ჰუსეინის ოჯახის მ რჩეველი ვექილის, აბდელ ჰაქ ალანის ნათქვამი იმის შესახებ, რომ თავის დამველ ვექილებთან შეხვედრისას, ორშაბათს, სადამს არაფერი უთქვამს ჩადენილი დანაშაულის აღიარების შესახებ.
XS
SM
MD
LG