Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ წყალს სვამენ ვაზიანის სამხედრო ბაზის ჯარისკაცები


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აჟიოტაჟი ატეხა ერთი შეხედვით მისთვის უჩვეულო თემის გამო. ამ კარგად ცნობილმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საზოგადოების

სამსჯავროზე გამოიტანა ვაზიანის სამხედრო დასახლების წყლით მომარაგების საკითხი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ვაზიანის ბაზის სამხედრო მოსამსახურეები და იქ განსახლებული ლტოლვილები ჯანმრთელობისათვის საზიანო სასმელი წყლით მარაგდებიან. ვინ და რატომ ამარაგებს ვაზიანის სამხედრო ბაზას სასმელად უვარგისი წყლით და რატომ დუმს თავდაცვის უწყება?

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას დახმარებისთვის მიმართა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე დისლოცირებული სამხედრო ნაწილ 10-43 -ის სამედიცინო სამსახურიდან გათავისუფლებულმა უფროსმა ლეიტენატმა გიორგი ლილუაშვილმა. ლილუაშვილი ამტკიცებს, რომ სამსახურიდან 2004 წლის მიწურულს გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც არაერთხელ აიმაღლა ხმა სამხედრო ნაწილში შექმნილი ინფექციური მდგომარეობის გამო:

[გიორგი ლილუაშვილის ხმა] ”დაავადებები საკმაოდ ხშირი იყო ამ ნაწილში, იყო ინფექციური დაავადებები, თუნდაც კომანდოს ბატალიონი ერაყში როდესაც მიემგზავრებოდა, 1/3 ჰეპატიტის გამო დაიბრაკა. მაგრამ ისინი შემოწმებულები იყვნენ და ჯანმრთელები იყვნენ მოსულები შეიარაღებულ ძალებში.”(სტილი დაცულია)

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური გამოძიების გზით არ უცდია. ლილუაშვილი ამბობს, დაავადების ფაქტები არც ოფიციალურ დოკუმენტებშია აღნუსხული, რადგან ავადმყოფ ჯარისკაცებს შინ შვებულებაში უშვებდნენო. ლილუაშვილისვე თქმით, ინფექციური დაავადებების მთავარი მიზეზი სასმელად გამოუსადეგარი წყალია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ვაზიანის სამხედრო ბაზის და სამხედრო დასახლების წყალმომარაგების სისტემიდან სინჯები აიღო და ექსპერტიზისათვის ნათაძის სახელობის სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში გადაგზავნა. თუ როგორი არის ამ ინსტიტუტის დასკვნა, ასოციაციის წარმომადგენელ თამარ ხიდაშელისგან შეიტყობთ.

[თამარ ხიდაშელის ხმა] ”დასკვნა არის კატასტროფული...
... მხოლოდ და მხოლოდ გადადუღების შემდეგ შეიძლება ეს წყალი გამოდგეს სარეცხის გასარეცხად.”

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, რომ ვაზიანის სამხედრო ბაზის წყლით მოსამარაგებლად ”თბილწყალკანალმა” მიმდინარე წლის ივლისის თვეში ახალი მილსადენი გაიყვანა. მე თბილგაზის წარმომადგენელს გოცა ჯელიას დავუკავშირდი. აი, რა მიპასუხა მან:

[გოჩა ჯელიას ხმა] ”ვაზიანი თბილწყალკანალის მიერ არ მარაგდება, ეს არის გარდაბნის წყალმომარაგების სისტემა.”

გარდაბნის წყალმომარაგების სისტემის სანიტარული მდგომარეობის შესახებ განმარტების მისაღებად ამ რაიონის გამგებელს დავით მაღრაძეს დავურეკე.

[დავით მაღრაძის ხმა] ”ვაზიანს საერთოდ წყალი არ მიეწოდებოდა და როგორ დაბინძურდა? მანდ წყალი არ აქვს მოსახლეობას, ცისტერნები შედის და იქიდან ყიდულობს მოსახლეობა წყალს.”

როგორც ირკვევა, სამხედრო ბაზა წყალმომარაგების ავტონომიური სისტემიდან მარაგდება. არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ამ სისტემაში არსებული ხარვეზების გამო სასმელ წყალს შეიძლება შეერიოს მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ინფექციური საავადმყოფოს ღია სამარხის თუ ჩერნობილის რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის გრუნტის წყლები. ამ ეჭვების გაქარწყლებას ესაჭიროება სერიოზული ექსპერტული კვლევა, რომლითაც აქამდე თავდაცვის სამინისტრო თავს არ იწუხებდა. ის მხოლოდ გიორგი ლილუაშვილის სამსახურიდან გათავისუფლებით შემოიფარგლა.
XS
SM
MD
LG