Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამოუკიდებელი კომისია გაეროს ხელმძღვანელობას აკრიტიკებს


ანდრო ეული, პრაღა დამოუკიდებელმა კომისიამ შეერთებული შტატების ფედერალური ბანკის ყოფილი თავმჯდომარის პოლ ვოლკერის ხელმძღვანელობით ახლახან გამოაქვეყნა საანგარიშო მოხსენება,

რომელშიც გაეროს ხელმძღვანელობაა გაკრიტიკებული ერაყელი ხალხისთვის ჰუმანიტარული პროგრამის განხორციელებისას. ეს პროგრამა "ნავთობი სურსათის სანაცვლოდ" იმისთვის იყო გამიზნული, შეემსუბუქებინა მდგომარეობა ერაყელი ხალხისთვის, რომელსაც მძიმე ტვირთად დააწვა მეზობელ ქუვეითში სადამ ჰუსეინის თაოსნობით განხორციელებული ინტერვენციის საპასუხოდ გაეროს მიერ მიღებული ეკონომიკური სანქციები. ანდრო ეულს მოუსმინეთ

როგორც საანგარიშო მოხსენებაშია ნათქვამი, ჰუმანიტარულმა პროგრამამ "ნავთობი სურსათის სანაცვლოდ" სერიოზულად შელახა გაეროს ავტორიტეტი და დაასუსტა ეს საერთაშორისო ორგანიზაცია, ვინაიდან ამ პროგრამის განხორციელებისას ერაყში დაშვებულ იქნა მიუტევებელი შეცდომები და ხშირი იყო კორუფციის ფაქტები.

დამოუკიდებელი კომისია პოლ ვოლკერის ხელმძღვანელობით გაეროს ოფიციალურ პირებსა და უშიშროების საბჭოს ადანაშაულებს იმაში, რომ ნავთობი ერაყიდან კონტრაბანდის გზით გადიოდა მსოფლიო ბაზარზე, რამაც რვა მილიარდ დოლარზე მეტით გაამდიდრა სადამ ჰუსეინის რეჟიმი, მაშინ როცა გაეროს ჰუმანიტარული პროგრამით მხოლოდ შეზღუდული ოდენობით უნდა გაეყიდა ერაყს ნავთობი, ხოლო მიღებული თანხა სურსათითა და მედიკამენტებით მოსახლეობის მომარაგებაზე უნდა დახარჯულიყო. უშიშროების საბჭოს სხდომაზე პოლ ვოლკერმა განაცხადა {პოლ ვოლკერის ხმა}: "პროგრამას არ ჰყავდა ერთი კონკრეტული ხელმძღვანელი. გადაწყვეტილების დაყოვნებას ან უგულებელყოფას ქრონიკული ხასიათი ჰქონდა მიღებული. ადმინისტრაციული სტრუქტურა და სამდივნოსა და ცალკეული უწყებების საქმიანობა არ იყო სათანადო დონეზე. ამ სუსტ მხარეებს საუბედუროდ მაღალჩინოსანთა უმსგავსო და კორუმპირებული ქმედებები დაემატა".

პოლ ვოლკერმა განაცხადა, რომ პროგრამამ "ნავთობი სურსათის სანაცვლოდ", რომელიც 1996-დან 2003 წლამდე გრძელდებოდა, მიაღწია მთავარ მიზანს, სახელდობრ გამოკვება ერაყელი ხალხი და არ მისცა დიქტატორულ რეჟიმს მასობრივი განადგურების იარაღის შეძენის შესაძლებლობა. მაგრამ ამ პროგრამის განხორციელებისას დაშვებულმა შეცდომებმა გაეროს მმართველობის სისტემაში არსებული სერიოზული ხარვეზები წარმოაჩინა. ვოლკერს აუცილებლად მიაჩნია ქმედითი დამოუკიდებელი საბჭოს შექმნა, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს გაეროს საქმიანობას.

საანგარიშო მოხსენებაში აღნიშნულია, რომ გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა არასათანადოდ გამოიძია ის ბრალდებები, რაც ხსენებულ ჰუმანიტარულ პროგრამაში დასაქმებულ მის ვაჟს წაუყენეს. კოფი ანანმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე თავის თავზე აიღო ჰუმანიტარული პროგრამის ადმინისტრირებაში დაშვებული ხარვეზებისთვის პასუხისმგებლობა {კოფი ანანის ხმა}: "დამოუკიდებელმა კომისიამ ფარდა ახადა და შუქი მოჰფინა ჩვენს ორგანიზაციაში არსებულ ნაკლოვანებებს. გაეროს წევრ ქვეყნებს, სამდივნოს, უწყებებს, ფონდებსა და პროგრამებს, არცერთ ჩვენგანს არ შეუძლია იამაყოს იმით, რაც კომისიამ გამოაშკარავა".

კოფი ანანი დაეთანხმა ამასთანავე დამოუკიდებელი კომისიის რეკომენდაციას გაეროს მმართველობაში არსებითი რეფორმების აუცილებლობასთან დაკავშირებით. ამ აზრს იზიარებს შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ჯონ ბოლტონიც. მან თქვა, რომ "ათობით ქვეყნები" კვლავაც ეწინააღმდეგებიან გაეროს რეფორმირების წინადადებას. ჯონ ბოლტონს მიაჩნია, რომ დაუშვებელია გაეროში სატუს ქვოს შენარჩუნება {ჯონ ბოლტონის ხმა}: "ეს საანგარიშო მოხსენება გადაჭრით უარყოფს იდეას, რომ ყველაფერი უცვლელად დარჩეს გაეროში. ჩვენ იმგვარი რეფორმა გვესაჭიროება, რომელიც თავიდან აგვაცილებდა იმ სკანდალის განმეორებას, ერაყის ჰუმანიტარულ პროგრამას რომ მოჰყვა".

მომავალ კვირაში 170-ზე მეტი ქვეყნიდან ჩასული პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები ნიუ-იორკში შეიკრიბებიან გაეროს სამომავლო საქმიანობის შესათანხმებლად. ძირითადად დასავლეთის ქვეყნებს მიაჩნიათ აუცილებლად გაეროს მმართველობაში რეფორმების განხორციელება და საერთაშორისო შეთანხმებების დადება სურთ ადამიანის უფლებათა სფეროსა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.
XS
SM
MD
LG