Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტიდან 650 გრამი გამდიდრებული ურანია დაკარგული


საქართველოს ხელისუფლების კონტროლს მიღმა დარჩენილ ტერიტორიებზე, კერძოდ კი, აფხაზეთში აქტუალურია რადიოაქტიური ნარჩენების უსაფრთხო შენახვისა და დაცვის საკითხი.

ადგილობრივი ხელისუფლება და ექსპერტები არ უარყოფენ, რომ ტერიტორია დაბინძურებულია რადიოაქტიური ნივთიერებებით, რომელთა აღმოჩენა და სათანადო პირობებში შენახვა საკმაოდ ტევად და ძვირად ღირებულ სამუშაოსთანაა დაკავშირებული. ცალკე საუბრის თემაა სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში არსებული რადიოაქტიური ნივთიერებებისა და სპეციფიკური ხელსაწყოების მოვლა-პატრონობის საკითხი. დგას თუ არა აფხაზეთი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე და რამდენად კარგად იცავენ ჯანმრთელობისათვის სახიფათო ნივთიერებებს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში?


რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, აფხაზეთში რადიაციული დაბინძურების საფრთხეს სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი ქმნის. საკავშირო მნიშვნელობის ეს კვლევითი დაწესებულება 60 წლის წინ, 1945 წელს, გაიხსნა და, როგორც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე მერაბ ბოკუჩავა ამბობს, მასში საბჭოთა ატომური ბომბის შექმნაზე მსოფლიო მასშტაბის გერმანელი ფიზიკოსები - ნობელის პრემიის ლაურეატი გუსტავ ჰერცი და პროფესორი მანფრედ ფონ არდენე - მუშაობდნენ:

[მერაბ ბოკუჩავას ხმა] „ინსტიტუტი ჩამოყალიბდა 1945 წელს. თავის დროზე მუშაობდნენ პირველი ატომური ბომბის შექმნაზე, კერძოდ, ურანის იზოტოპების განცალების საკითხზე. ასევე აქტუალური იყო ურან-235-ის სამრეწველო გზით მიღების ტექნოლოგიის დახვეწა.“

გერმანელმა ფიზიკოსებმა დასმულ ამოცანას თავი წარმატებით გაართვეს. მეტიც, მათი ხელმძღვანელობით შეიქმნა მსოფლიოში პირველი მასსპექტრომეტრი. თუმცა ამ მოვლენებიდან საკმაოდ დიდი დრო გავიდა. დღეის მდგომარეობით, ინსტიტუტი მხოლოდ ფორმალურად ფუნქციობს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტთა ჯგუფი კი ინსტიტუტის ლაბორატორიებში არსებული რადიოაქტიური გამოსხივების წყაროების შენახვისა და დაცვის პირობებით არის შეშფოთებული. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის უფროსის იოსებ კაკუშაძის თქმით, რადიოაქტიური ნივთიერებები ინსტიტუტის ტერიტორიაზე სახელდახელოდ მოწყობილ ბუნკერშია განთავსებული:

[იოსებ კაკუშაძის ხმა] „ბეტონის ბუნკერს კარი ერთი მხრიდან ჰქონდა მხოლოდ, დანარჩენი მხრიდან მიწის საფარი ჰქონდა. კარის წინაც დაწყობილი იყო ბეტონის ფილები, რათა მისადგომად ძნელი ყოფილიყო. ჩვენ როცა გახსნა დაგვჭირდა აღწერისთვის, დაახლოებით ერთი დღე მუშაობდა ამწე.“

ქართველმა მეცნიერებმა სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში ინვენტარიზაცია უკანასკნელად 1993 წლის ზაფხულში ჩაატარეს. 9 წლის შემდეგ იგივე გააკეთეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებმა. პროფესორ გურამ ბოკუჩავას თქმით, სააგენტოსათვის საინტერესო 250 ნივთიდან დაკარგულია ყველაზე მნიშვნელოვანი - გამდიდრებული ურანის აბები:

[გურამ ბოკუჩავას ხმა] „ნივთებს შორის იყო 655 გრამი გამდიდრებული ურანი, აბების სახით. ის არის მნიშვნელოვანი, რომ 2002 წელს იყვნენ ჩამოსული „მაგატეს“ წარმომადგენლები და მათ აღწერაში ყველა ნივთი მოხვდა, გარდა ამ გამდიდრებული ურანის აბებისა.“

ამ ფაქტის გათვალიწინებით, უცნაური არაა, რომ სხვადასხვა წყაროები ადასტურებენ აფხაზეთში რადიაციული ნარჩენების არსებობის ფაქტებს. მეტიც, პეტერბურგელ მეცნიერთა ჯგუფმა, აფხაზეთში ჩატარებული რადიაციული გამოკვლევების მასალებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუდაუთა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ყველაზე დაბინძურებული ადგილია და რადიაციული დაბინძურების დონით მხოლოდ ჩერნობილს ჩამოუვარდება. ინფორმაციის სიმწირის გამო, ამ საკითხთან დაკავშირებით ქართველი სპეციალისტები კომენტარს არ აკეთებენ. თუმცა ის ფაქტი, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო მიზანშეწონილად მიიჩნევს აფხაზეთის ტერიტორიაზე რადიოაქტიურ ნივთიერებათა სამარხის მშენებლობას, უდავოდ, პრობლემის სიმწვავეზე მიანიშნებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG