Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარეგულირებლების რეფორმირების საკითხი მთავრობამ ვერ ”დაარეგულირა”


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი სახელმწიფო მინისტრმა კახა ბენდუქიძემ დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი კომისიების შესახებ კანონპროექტში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის

შესახებ საკითხი მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ დააყენა. ბენდუქიძის ვარიანტი ამ სფეროში სერიოზულ რეორგანიზაციას გულისხმობს, რომლის მიმართ აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც არ არის აზრთა ერთიანობა. რას გულისხმობს მარეგულირებელი ორგანოების რეფორმა და ვის არ მოსწონს ის?

როგორც ჩანს, დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების რეფორმისადმი დამოკიდებულება აღმასრულებელ ხელისუფლებაში სრულად არ არის ”დარეგულირებული”. ეკონომიკური რეფორმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრ კახა ბენდუქიძეს ეროვნული მარეგულირებელი კომისიების შესახებ კანონში ცვლილებებისა და დამატებების საკითხი მთავრობაზე განსახილველად კიდევ ერთხელ გამოაქვს. ბენდუქიძის რეფორმის პროექტს მთავრობის ნაწილიც სკეპტიკურად ხვდება, თუმცა ისინი თავისი უარყოფითი რეაქციის საჯაროდ დაფიქსირებისაგან, ტრადიციულად, თავს იკავებენ და მხოლოდ ზოგადი შენიშვნებით შემოიფარგლებიან.

”მარეგულირებლების” რეფორმის პროექტის მიხედვით, არსებული 5-დან მხოლოდ ორი – ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია და კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისია - დარჩება. კახა ბენდუქიძის ინფორმაციით, ამჟამად ქვეყნის ეკონომიკას კომისიების შენახვა წელიწადში 15 მლნ. ლარი უჯდება, ხოლო რეფორმის შემდეგ ეს თანხა 2-3 მლნ.-მდე შემცირდება, გამოთავისუფლებული თანხები კი ეკონომიკაში დარჩება. პროექტის თაობაზე მთავრობაში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას პროექტის ავტორი კახა ბენდუქიძე უარყოფს და აცხადებს, რომ აქ საუბარი მხოლოდ ბიუჯეტის განკარგვის მექანიზმებზეა:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”ამ საკითხზე საერთოდ არავითარი კამათი არ არის, ამ საკითხს ყველა ეთანხმება; ლაპარაკია იმაზე, იქნება თუ არა მარეგულირებელი კომისიები გამონაკლისი ბიუჯეტიდან, ანუ თვითონ შეაგროვებენ ფულს და თვითონ დახარჯავენ, როგორც უნდათ, თუ ეს იქნება გამჭვირვალე პროცესი და ჩართული იქნება ბიუჯეტის კონტროლის ყველა მექანიზმი, როგორც ეს არის სხვა შემთხვევაში. მთავრობის წევრები კარგად ხვდებიან ინიციატივას, ისინი თვლიან, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ბიუჯეტის უნივერსალობის პრინციპი.” (სტილი დაცულია)

ექსპერტთა ნაწილი მარეგულირებელი კომისიების დამოუკიდებლობის დაკარგვას უარყოფითად აფასებს და ფიქრობს, რომ ინვესტორები ნაკლებად შემოვლენ ქვეყანაში, სადაც ბუნებრივ მონოპოლიებზე პოლიტიკური ზეწოლა არსებობს. მეორე ნაწილი კი ყველა მარეგულირებელი კომისიის გაუქმების მომხრეა და მათ ზედმეტ რგოლად მიიჩნევს. მთავრობა რომ ამ თემასთან დაკავშირებით მთლად ერთსულოვანი არ არის, ამას ადასტურებს კომენტარიც იუსტიციის მინისტრ კოტე კემულარიასი, რომლის აზრითაც, კანონპროექტი ბევრ დაზუსტებასა და დახვეწას საჭიროებს:

[კოტე კემულარიას ხმა] ”ბევრი სამართლებრივი ნიუანსია შიგნით. გადავაქციოთ დამოუკიდებელი მარეგულირებელი ჩვეულებრივ უწყებად, რომელსაც კონტროლის პალატა ჩვეულებრივად ამოწმებს, ბიუჯეტიდან ფინანსდება და იქნება კიდევ ერთი სამინისტროს მსგავსი უწყება, - არც ეს არ არის სწორი.”(სტილი დაცულია)

დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიების რეფორმირების თემას აღმასრულებელი ხელისუფლება კიდევ დაუბრუნდება და კანონპროექტის საბოლოო ვარიანტს პარლამენტს წარუდგენს.
XS
SM
MD
LG