Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამთავრობო კრიზისი უკრაინაში


ანდრო ეული, პრაღა უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იური იეხანუროვი კონსულტაციებს ატარებს კიევში მთავრობის ახალი კაბინეტის შესაქმნელად.

ხუთშაბათს, პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ იულია ტიმოშენკოს მთავრობა სრული შემადგენლობით, აგრეთვე ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი პიოტრ პოროშენკო გადააყენა. ზოგიერთი მიმომხილველის აზრით, ახალ მთავრობაში ტექნოკრატების მოსვლით დამთავრდება ამჟამინდელი სამთავრობო კრიზისი უკრაინაში.

იულია ტიმოშენკომ სინანული გამოთქვა პრეზიდენტ იუშჩენკოს მიერ ხუთშაბათს მიღებული გადაწყვეტილების გამო {იულია ტიმოშენკოს ხმა}: "ის რაც ხდება - დიდი უსამართლობაა ყოველი ჩვენგანის მიმართ. ჩვენ ვართ პირველი ნარინჯისფერი მთავრობა, რომელმაც 7 თვეში იმაზე მეტის გაკეთება შესძლო, რასაც სხვა მთავრობები 14 წელიწადს ანდომებდნენ".

მიმომხილველები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ პრეზიდენტი იუშჩენკო ალბათ სერიოზულ პრობლემებს დაუპირისპირდება, თუ გადაყენებული პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო ოპოზიციას შეუერთდება. თუმცა კიევში დაფუძნებული რაზუმკოვის პოლიტიკურ და ეკონომიკურ კვლევათა ცენტრის თანამშრომელს ოლექსანდერ ლიტვინენკოს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ტიმოშენკო ოპოზიციას შეუერთდება, მით უმეტეს, რომ ნარინჯისფერი რევოლუციის დროს სწორედ იუშჩენკოს გვერდით დგომამ მოუტანა პოპულარობა და აღიარება უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს.

იური იეხანუროვს მიაჩნია, რომ დღევანდელი რთული ვითარების ფონზე ხალხი არ უნდა შეაშინოს კრიზისმა {იური იეხანუროვის ხმა}: "მაშ ასე, რთული პერიოდია. საქმე იმაშია, რომ ხალხს აშინებს სიტყვა კრიზისი. ყოველ კრიზისს გამოჯანმრთელება მოსდევს; ხდება კატარზისი, შედეგ გამოჯანმრთელება. ამიტომა ის, რაც ახლა მოხდა - მოხდა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ცხოვრება გრძელდება".

ოლექსანდერ ლიტვინენკო დარწმუნებულია იმაში, რომ იური იეხანუროვი წარმატებით გაართმევს თავს პრემიერ-მინისტრის მოვალეობას, ვინაიდან კარგადაა ჩახედული უკრაინის პოლიტიკაში, ხოლო ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკოსები მისდამი კარგად არიან განწყობილი. ლიტვინენკო აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ იეხანუროვი პრეზიდენტის პოლიტიკურ პარტიას ეკუთვნის და ვიქტორ იუშჩენკოს სრული ნდობით სარგებლობს; ამასთანავე მას არა აქვს ის პოლიტიკური ამბიციები, რაც იულია ტიმოშენკოს ახასიათებდა.

პრეს-კონფერენციაზე კიევში იური იეხანუროვმა განაცხადა {იური იეხანუროვის ხმა}: "მთავარია, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, რათა რიგითმა მოქალაქემ იგრძნოს, რომ ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი, მთავრობა, პარლამენტი და რომ ხელისუფლების საქმიანობა იმისკენაა მიმართული, რომ ამ ადამიანმა დაინახოს, რომ მთავრობა მასზე ზრუნავს".

ამასობაში ვიქტორ იუშჩენკოს გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ სხვადასხვა სახელმწიფოთა ლიდერები. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ საგანგაშოს ვერაფერს ხედავს იმაში, რაც უკრაინაში ხდება, და გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინელი ხალხი და სახელმწიფოს ლიდერები შექმნილი ვითარებიდან სწორ გამოსავალს მონახავენ.

ვიქტორ იუშჩენკოს მხარდაჭერა გამოუთქვეს ასევე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა და ევროპის კავშირმა.
XS
SM
MD
LG