Accessibility links

logo-print

საქართველოს პრესის მიმოხილვა


დავით პაიჭაძე, თბილისი ქართული პრესა გასულ კვირაში დიდ ადგილს უთმობდა თავისი შევიწროების თემას, რასაც ირაკლი კაკაბაძის ცემასთან აკავშირებდა.

მაგრამ ჩვენ ვარჩიეთ, ისეთი მასალები მიმოგვეხილა, მოქალაქეთა სოციალურ წუხილს რომ ეხმიანება.

ნოემბერში ბენზინი 2 ლარი ეღირება, - წერდა გაზეთი “ხვალინდელი დღე” 7 სექტემბერს. ნავთობპროდუქტების გაძვირებით გამოწვეული სამომხმარებლო ფასების ზრდა კვლავაც გაგრძელდება და ამ პროცესს აუცილებლად მოჰყვება ფულადი მასის დეფიციტი. ეს ნიშნავს, რომ იქნება პროდუქტი, ხალხს კი მის შესაძენად არ ექნება ფული. ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი არ გამორიცხავს, რომ დეფიციტის შესავსებად ეროვნულ ბანკს ემისია დასჭირდეს, რაც დააჩქარებს ინფლაციურ პროცესებს და ეკონომიკას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

ქართული ეკონომიკის დაღმასვლა: საწვავის შემდეგ გაზიც ძვირდება, - ამცნობს მკითხველს გაზეთი “ახალი ვერსია”. “გაზპრომის” წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს აცნობეს, რომ 2006 წლის 1 იანვრიდან “გაზპრომი” ევროსტანდარტების შესაბამის საბაზრო ფასებზე გადადის და აპირებს, მომხმარებელ ქვეყნებს ბუნებრივი აირი გაუძვიროს. თუმცა საქართველოსთვის მისაწოდებელი ბუნებრივი აირის ფასი ჯერაც გაურკვეველი რჩება. ცნობილია, რომ 1 იანვრამდე “გაზპრომი” საქართველოსგან მოითხოვს ვალის დაფარვასაც - ვალი კი 12 მილიონ დოლარს შეადგენს.

ახლა შაბათის, 10 სექტემბრის, პრესას გადავხედოთ. “რეზონანსი” წერს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ადამიანების გატაცების შესახებ. უცნობმა პირებმა გაიტაცეს ვლადიკავკაზიდან ცხინვალში მიმავალი ავტობუსი, რომელიც დიდი ლიახვის ხეობის გავლით მოძრაობდა. მომხდარიდან საათ-ნახევარში შიდა ქართლის პოლიციის მთავარ სამმართველოს 5 გატაცებული ადამიანიდან 4 უკვე დაბრუნებული ჰყავდა. ცხინვალის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გატაცება ქართველთა ორგანიზებული იყო და თითქოსდა ისინი 6 ივლისს გატაცებული ქართველების, ხაჭაპურიძეების, ნათესავები არიან, თუმცა სამხარეო პოლიციის უფროსი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. მძევლობაში რჩებოდა ერთი პიროვნება, სომეხი ეროვნების მამაკაცი. დანარჩენ ოთხთაგან სამი ცხინვალელი იყო, ერთი ვლადიკავკაზელი. მოგვიანებით ქართველმა სამართალდამცავებმა ბოლო მძევლის გათავისუფლებაც შეძლეს. ეს ოპერაცია სულ სამ საათს გრძელდებოდა. აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ქართველი სამართალდამცველები კონფლიქტის ზონაში გატაცებული ოსი ეროვნების მოქალაქეებს ათავისუფლებენ, – აღნიშნავს “რეზონანსი”.

გაზეთი “ახალი თაობა” მკითხველს აცნობს დეპუტატ გიგა ბოკერიას მოსაზრებებს საქართველოში პოლიტიკური რეპრესიების შესახებ. “საქართველოში პოლიტიკურ რეპრესიებს ადგილი არა აქვს. ამაში საზოგადოებას თავად შეუძლია დარწმუნდეს. ჩავატაროთ ტესტი. სანამ საზოგადოება ხედავს გამყრელიძისა და ნათელაშვილის მოღიმარ სახეებს, ქვეყანაში რეპრესიებს ადგილი არ ექნება. როგორც კი ქვეყანაში რეპრესიები დაიწყება, ორივე მათგანს ხელისუფლების მომხრეებში იხილავთ ან ბუჩქებში დიდი ხნის გაქცეულებს,” – ასეთი ციტატა მოჰყავს “ახალ თაობას”.

ეს გაზეთი ფურცლებს ახალი მემარჯვენეებისა და ლეიბორისტების წარმომადგენლებსაც უთმობს. ლეიბორისტი ჯონდი ბაღათურია კითხულობს: როცა შალვა რამიშვილს იჭერენ იმისთვის, რომ, ვთქვათ, კობა ბექაურს ფული გამოართვა, რატომ არ იჭერენ ბექაურს, რომელიც იხდიდა ფულს თავისი კორუმპირებულობის დასამალად? ახალი მემარჯვენე ირაკლი იაშვილი კი ირწმუნება, რომ ფარულად უსმენენ არა მარტო დეპუტატებს, არამედ აბსოლუტურად ყველას. ადამიანებს შორის კონფიდენციალობა აღარ არსებობს. სამართალდამცავები ბევრ ინფორმაციას ისეთი გზებით მოიპოვებენ, რაც ნებადართული არ არის, ვკითხულობთ გაზეთში, თუმცა, დავძენ, რომ ირაკლი იაშვილს არ მოჰყავს ფარული მოსმენისა თუ თვალთვალის არც ერთი ფაქტი.

გაზეთი “ალია” კი უკრაინის მოვლენებს ეხმაურება. პრემიერ ტიმოშენკოს გადაყენებას ეს გაზეთი უკრაინაში მოსალოდნელი არჩევნების კონტექსტში განიხილავს, არჩევნებისა, რის შედეგადაც პრეზიდენტის ძალაუფლება უნდა შესუსტდეს და ქვეყანა საპარლამენტო მოდელზე გადავიდეს. უკვე გაზაფხულზე იყო შესაძლებელი იუშჩენკოს მთელი ძალაუფლება დაეკარგა და მთავარი ფიგურა ტიმოშენკო გამხდარიყო, წერს “ალია”. ბუნებრივია, ასეთი პერსპექტივა პრეზიდენტისთვის სულაც არ იყო მიმზიდველი და ტიმოშენკოც გრძნობდა, რომ ნარინჯისფერი ერთობა მალე დაირღვეოდა. ექსპერტები აცხადებენ, რომ ტიმოშენკომ, შესაძლოა, ოპოზიციური ნიშა შეავსოს და იუშჩენკოს არჩევნებზე სერიოზული დარტყმა მიაყენოს. თუ ადრე მოსკოვი ტიმოშენკოს ეძებდა კრიმინალური წარსულის გამო, ახლა, შესაძლოა, გამოიყენოს კიდეც და უკრაინის პრორუსულად განწყობილი ნაწილის ხმებიც კი მისცეს. ყველაფერი იუშჩენკოს პრინციპულობასა და გამბედაობაზეა დამოკიდებული. საფრთხე თუ იგრძნო, ყოფილი პრემიერ-მინისტრი შეიძლება პასუხისგებაშიც მისცენ. – შეგახსენებთ, ამას გაზეთი “ალია” წერს.
XS
SM
MD
LG