Accessibility links

logo-print

ნავთობის გაძვირების შემდეგ საქართველოს გაზის მოწოდებაც უძვირდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოში საწვავის გაძვირებასთან დაკავშირებით არსებული ვნებათაღელვის პარალელურად სამთავრობო დელეგაცია მოსკოვში „გაზპრომთან“

ბუნებრივი აირის ახალ ტარიფზე მოლაპარაკებას აწარმოებდა. მოლაპარაკების დაწყების წინ ენერგეტიკის მინისტრს ნიკა გილაურს იმედი ჰქონდა, რომ გაზის მომწოდებელს ჩვენთვის სასურველ პირობებზე შეუთანხმდებოდა. ყოველ შემთხვევაში, მისი წინასწარი კომენტარები გაცილებით ოპტიმისტურად ჟღერდა, ვიდრე უკვე თბილისში დაბრუნების შემდეგ. არადა, რუსეთის განზრახვა გაზის ტარიფის გაძვირებისა და საერთაშორისო ფასებთან მისი მიახლოების შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ იყო ცნობილი. ცნობილი იყო ისიც, რომ რუსეთი ამ თემას, ტრადიციულად, პოლიტიკური ზეწოლისათვის გამოიყენებდა. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერი ლუბოვ სლისკა დუმაში გამოსვლისას საკუთარი ქვეყნის მთავრობას ორი თვის წინ მოუწოდებდა იმ ურჩი სახელმწიფოების დასჯას, რომლებიც რუსეთისაგან გაზს შეღავათიან ფასებში იღებენ, მაგრამ პარალელურად ანტირუსულ პოლიტიკას ატარებენ:

[ლუბოვ სლისკას ხმა] ”დაუშვებელია, როდესაც ქვეყნები, რომელთაც წლობით დაგროვილი ჩვენი ვალი მართებთ და მათ 1000 კუბურ მეტრ გაზს 50 დოლარად ვაწვდით, ღიად ეწევიან ანტირუსულ პოლიტიკას და არ ახსოვთ, თუ რამდენი მართებთ ჩვენი.”

ამ განცხადებების ფონზე საქართველოს ხელისუფლების ოპტიმიზმი უცნაურად გამოიყურება. რუსული ენერგოგიგანტი ”გაზპრომი” ოფიციალურად აპელირებს ეკონომიკურ მიზანშეწონილობასა და მსოფლიო სტანდარტებზე, რაც სრულიად ბუნებრივია, მით უმეტეს, თუ ამ სტრუქტურის კრემლის პოლიტიკასთან მეტისმეტ სიახლოვეს გავითვალისწინებთ. რუსეთი ცდილობს ყოფილი ”მოძმე რესპუბლიკების” მიმართ ეკონომიკური ბერკეტები უფრო ინტენსიურად აამუშაოს. ”გაზის სოციალიზმი” საქართველოსათვის მთავრდება. მიუხედავად ამისა, პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ოპტიმიზმს ინარჩუნებს და რუსეთის მიერ საქართველოსთვის გაზის საფასურის გაზრდაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს. ”რუსეთთან მოლაპარაკება ჯერ მხოლოდ ახლა იწყება. სწორედ ამიტომ ამაზე საუბარი ნაადრევია და ამ თემაზე პოლემიკა ჯერ არ არის საჭირო,“ - განაცხადა ნოღაიდელმა. მისი თქმით, ჯერჯერობით რუსეთს კონკრეტული წინადადებები გაზის საფასურის გაზრდასთან დაკავშირებით ქართული მხარისათვის არ მიუწოდებია. როგორც ჩანს, ხელისუფლება გაზის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით მოსახლეობის უკმაყოფილების გამოხატვას უფრთხის ან მთავრობა რომანტიზმითაა შეპყრობილი და ”რუსული კეთილშობილების” იმედი აქვს. არადა, წესით, ხელისუფლებას ოპტიმიზმისათვის არანაირი საფუძველი არ უნდა გააჩნდეს.

მოსკოვში მოლაპარაკებებზე ჩასულ ენერგეტიკის მინისტრს, წინასწარი შეთანხმების მიუხედავად, ”გაზპრომის” ხელმძღვანელის მილერის ნაცვლად, შვილობილი კომპანია ”გაზექსპორტის” გენერალურ დირექტორთან მოუხდა ურთიერთობა.

”გაზექსპორტის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრ მედვედევმა ნიკა გილაურს დაუდასტურა, რომ საქართველო გაზს 2006 წლიდან გაზრდილი ფასით მიიღებს. ტრანზიტის საფასური კი, საქართველოს გავლით სომხეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის, ნაღდი ფულით იქნება გადახდილი. ამასთანავე, საქართველოს გავლით რუსული გაზის ტრანსპორტირების ტარიფი საერთაშორისო ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს.
”გაზპრომის“ წარმომადგენლები ქართულ მხარეს 2006 წლის 1 იანვრამდე იმ მიმდინარე დავალიანების დაფარვასაც სთხოვენ, რომელიც მოხმარებული გაზის საფასურის სახით დაგროვდა. ეს თანხა, ჯარიმების ჩათვლით, 12 მილიონ დოლარს შეადგენს.
განზრახულია საქართველოსა და რუსულ კომპანიას შორის გაფორმდეს ახალი ხელშეკრულება, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი ორ მხარეს შორის სამომავლო ურთიერთობა.
ამჟამად რუსეთი საქართველოს 1000 კუბურ მეტრ გაზს 60 დოლარად აწვდის, ევროპული ფასები კი 100 დოლარს აღემატება. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსული მხარე გადავა გაზის მიწოდების საბაზრო ფასებზე, რომელიც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება და ჩვენთვის გაზი დაახლოებით 110 ან 120 აშშ დოლარი ეღირება.
ბუნებრივი აირის ღირებულების თითქმის გაორმაგების მიუხედავად, ოპტიმიზმს არ კარგავს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე გიორგი თავაძე, რომელიც მომხმარებლისათვის ტარიფის სერიოზულ მატებას არ ვარაუდობს:
[გიორგი თავაძის ხმა] ”გაზის ტარიფის მნიშვნელოვანი მატება არ მოხდება. თუ ის დღეს დაახლოებით 27 თეთრს შეადგენს, დღგ-ს ჩათვლით, მან შეიძლება დაახლოებით 34-35 თეთრამდე მოიმატოს, იმის მიხედვით, გაზის ფასი იქნება 110 თუ 120 დოლარი.”

”გაზპრომთან” მოლაპარაკება მომავალ კვირას კიდევ გაგრძელდება, თუმცა ამთავითვე ცხადია, რომ კომპანია, რომელიც ბუნებრივი აირის უალტერნატივო მომწოდებელია და, ამასთან, მის მიმართ არცთუ მცირე დავალიანება დაგვიგროვდა, ქართულ მხარესთან არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლიდან გაზი და, შესაბამისად, სხვა ენერგოშემცველები საქართველოს მოსახლეობას საგრძნობლად გაუძვირდება.
XS
SM
MD
LG