Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეულ ბიბლიოთეკაში, მოგეხსენებათ, ქართულ ენაზე თარგმნილ წიგნებსაც ვეხებით ხოლმე. ამჯერად


დავით პაიჭაძე, თბილისი ყოველკვირეულ ბიბლიოთეკაში, მოგეხსენებათ, ქართულ ენაზე თარგმნილ წიგნებსაც ვეხებით ხოლმე. ამჯერად წარმოგიდგენთ წიგნს, რომელიც ქრისტიანული თეოლოგიისა

და კულტურის ცენტრმა გამოსცა და ჰქვია “რა სწამს მას, ვისაც არ სწამს?” წიგნი შედგება უმბერტო ეკოსა და კარდინალ კარლო მარია მარტინის ეპისტოლარული კამათისაგან, რომელსაც სხვა იტალიელ ინტელექტუალთა გამოხმაურებები ახლავს. დავით პაიჭაძე შეეცდება ახსნას, რით არის ეს წიგნი საინტერესო არამხოლოდ მკითხველთა ვიწრო წრისათვის.

წიგნის რედაქტორსა და გამომცემელს, ქრისტიანული თეოლოგიისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს, მერაბ ღაღანიძეს ვკითხე, რისთვის გამოსცა კარდინალ მარტინისა და უმბერტო ეკოს საჯარო მიმოწერა, რომელ მკითხველზე გამიზნა ეს წიგნი:

[ღაღანიძის ხმა] “ქრისტიანული თეოლოგიისა და კულტურის ცენტრი ბეჭდავს იმგვარ წიგნებს, რომელიც ქართველი მკითხველისათვის ხელმიუწვდომელია - ეს იქნება ევროპული ქრისტიანული კულტურული ტრადიცია თუ დღევანდელი ქრისტიანული აზრი. ამ წიგნის გამოცემა ბუნებრივი იყო, რადგან ის მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა ნათარგმნი, წიგნის მაღაზიებში გამოჩენისთანავე ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებდა ცნობილ წიგნებს შორის. ამ მხრივ, მისი გამოცემის მიზეზი ნათელია.”

არის სხვა მიზეზიც. მერაბ ღაღანიძის თქმით, მას სურდა ქართველი მკითხველისთვის ეჩვენებინა დისკუსიის კულტურა ევროპელ ინტელექტუალებს შორის, თუნდაც დისკუსიის დროს ერთიმეორის პირისპირ იყვნენ რადიკალურად დაპირისპირებული ადამიანები და შეხედულებები.

[ღაღანიძის ხმა] “მაგრამ უპირველესი, ალბათ, ის იყო, რომ გვინდოდა მიგვეწოდებინა ქართველი მკითხველისათვის ევროპული აზროვნების ის ხედვა, რომელიც ჩვენთვის, შესაძლოა, ცოტა უცხოც არის: ათეისტური ხედვა, სამყაროს დანახვა სწორედ ათეისტური, აბსოლუტურად ღვთისაგან განდგომილობის პოზიციიდან. ეს არ არის უმბერტო ეკოს პოზიცია, მაგრამ იქ არიან ავტორები, ამას რომ გამოხატავენ. მეორე მხრივ, გვსურდა გვეჩვენებინა, რომ ამ საკითხებზე ქრისტიანულ ეკლესიას აქვს თავისი პოზიცია და პასუხები, რომელიც დადასტურებულია სწორედ ქრისტიანული ეკლესიის მოძღვრების საფუძველზე.”

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ კიკნაძე მიანიშნებს, რომ ქართულ ენაზე ამ წიგნის გამოცემამ საქართველოში შეიძლება მსგავსი დისკუსიები წაახალისოს: აქ ხომ საერო და სასულიერო პირები, ინტელექტუალები, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან იშვიათად ელაპარაკებიან ერთმანეთს:

[კიკნაძის ხმა] “ასეთი ხასიათის წიგნი, მგონი, საქართველოშიც უნდა შეიქმნას, თუმცა ამის ნიადაგი ჯერ არ არის გასუფთავებული მენტალურად. მაგრამ ეს აუცილებელია. ადამიანი, რომელსაც არ სწამს და მეორე, რომელიც არის რწმენაში, თავისუფლად საუბრობენ, ერთმანეთს არ აღიზიანებენ თავიანთი პრეტენზიებით. კარდინალიც უშვებს იმას, რომ ადამიანს შეიძლება არ სწამდეს და ეკოსაც რაღაც ეჭვები აქვს.”

და მაინც, რა საკითხებზე კამათობენ ერთმანეთთან კარდინალი და მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი და მწერალი? ფილოლოგიის დოქტორი ზაზა შათირიშვილი ამბობს, რომ აქ წამოჭრილი საკითხები საინტერესოა არა მხოლოდ დასავლეთისათვის, არამედ მთელი კაცობრიობისათვის:

[შათირიშვილის ხმა] “პირველ რიგში დავასახელებ ბიოეთიკას, რომელიც ნამდვილად არ არის ვიწრო წრის საქმე. ისეთი ბიოეთიკური პრობლემები, როგორიცაა აბორტი ან ევთანაზია, პირდაპირ ეხება კანონმდებლობას, იურისპრუდენციას. მხოლოდ ინტელექტუალების საქმე არ არის ქალთა უფლებები და ქალთა ემანსიპაცია. მოკლედ, ყველაზე საჭირბოროტო ბიოეთიკის საკითხია.”

ამ წიგნის ერთ-ერთი ავტორი, მილანის ყოფილი ეპისკოპოსი, კარდინალი კარლო მარია მარტინი საქართველოში ნამდვილად ნაკლებ არის ცნობილი, ვიდრე მეორე ავტორი, უმბერტო ეკო, რომელსაც მსოფლიო იცნობს. მაგრამ მერაბ ღაღანიძე ევროპაში წიგნის წარმატებას მხოლოდ ავტორთა პოპულარობას არ მიაწერს:

[ღაღანიძის ხმა] “ევროპელი მკითხველისათვის ძალიან მნიშვნელოვანია სახელი კარდინალ მარტინისა, რომელიც ახლა უკვე გადადგა თანამდებობიდან და იერუსალიმში, განდგომილობაში, ცხოვრობს, იქ აგრძელებს თავის მეცნიერულ და ლიტერატურულ საქმიანობას. მაგრამ მკითხველის ინტერესი წარმოშვა ამ წიგნის ფუნდამენტურმა და მარადიულმა საკითხებმა, მცდელობამ, გაეცეს მათ პასუხი. მე მგონია, რომ პასუხები ნაპოვნია მე-20 საუკუნის ადამიანის თვალსაწიერიდან და სხვა დროს ეს შეუძლებელია დაწერილიყო. ამით არის ეს აქტუალური. სწორედ მე-20 საუკუნის, ერთი მხრივ, ათეისტისა და, მეორე მხრივ, ქრისტიანი მოაზროვნის პასუხები ამ კითხვებზე ასე კომპაქტურად, გამჭვირვალედ და გასაგებად სხვა წიგნში, ვფიქრობ, არ ჩამოყალიბებულა.”

ზოგი საკითხი გადაცემაში უკვე ვახსენეთ. მთავარი კი მაინც ის შეკითხვაა, ყდაზე რომ გახლავთ დატანილი: რა სწამს მას, ვისაც არ სწამს? რას უნდა დაეფუძნოს ეთიკა, თუ არა რელიგიას? კარდინალ მარტინის ციტატას მოვიხმობ: “თუ მათაც კი უჭირთ ეთიკური ნორმების დაცვა, ვისაც ეთიკური ქცევის მყარი საფუძველი აქვს, იმათ რაღა ქნან, ვისი საფუძველიც სუსტი, ბუნდოვანი და ცვალებადია?” ზაზა შათირიშვილს ვკითხე, თუ მიაგნო ამ კითხვის პასუხს:

[შათირიშვილის ხმა] “მართალი გითხრათ, ჩემთვის ეს ყოველთვის პრობლემა იყო და დღესაც პრობლემაა. არსებობს ერთი არაეკლესიური პასუხი, ანუ ეკლესიაში არდაბადებული პასუხი, თუმცა ის დაიბადა ქრისტიანული კულტურისა და აზროვნების წიაღში. ჩემთვის ასეთი მაგალითია მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფია, რომლის ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვაა, რა საფუძველი აქვს მორალს. მამარდაშვილს ხშირად ჰქონდა, ერთი შეხედვით, პარადოქსული, მაგრამ, თუ დავაკვირდებით, ღრმა პასუხი, რომ მორალს არავითარი საფუძველი არა აქვს საზოგადოებაში, მორალის საფუძველი არის თვითონ მორალში, ანუ ის უკვე უნდა იყოს. მას ახასიათებდა ასეთი პასუხები. რა სწამს მას, ვისაც არ სწამს? მე არ მესმის, როგორ შეიძლება ეთიკა დაფუძნდეს ამა თუ იმ რელიგიის გარეშე; როგორ შეიძლება ეთიკა იყოს რელატივისტური, ამაზე, მართალი გითხრათ, პასუხი არ მაქვს.”

მაგრამ წიგნში სხვაგვარ პასუხსაც იპოვით. მაგალითად, მანლიო ზგალამბროს მოკლე წერილში ასეთ სიტყვებს წაიკითხავთ: “კეთილი აქტი ღმერთის აბსოლუტურ უარყოფას შეიცავს. სიკეთე ვერ დაეფუძნება ღმერთს, რაღაც ისეთს, რამაც მარადიულ ურთიერთჟლეტაზე დამყარებულ სამყაროს დაუდო სათავე. ჩვენთვის, მოკვდავთათვის, ვინმეს სიყვარული ნიშნავს, არ გვინდოდეს მისი სიკვდილი. მაშ როგორ შეიძლება ეს აქტი ემყარებოდეს ღმერთს, რომელიც თავისკენ გვიხმობს? იგი მკვლელი იყო იმთავითვე. გინდოდეს სიკეთე სხვისთვის, ნიშნავს, არ გინდოდეს მისი სიკვდილი. როგორ შეიძლება დაუკავშირო სიკეთე ღმერთს, რომელიც თავად სიკვდილია? ვფიქრობ, ღმერთისა და სიკვდილის ხატებანი იმდენადაა ერთმანეთთან შერწყმული, რომ თანაბრად შეგვიძლია ვიხმაროთ როგორც ერთი, ისე მეორე სახელი.”

ამგვარი მიდგომის საპირისპიროდ, მერაბ ღაღანიძე იხსენებს წიგნის კიდევ ერთ პუბლიკაციას “რწმენის უქონლობის, როგორც უსამართლობის, შესახებ”. მისი ავტორია ინდრო მონტანელი, ევროპული ჟურნალისტიკის პატრიარქი, ათეული წლების მანძილზე “კორიერე დელა სერა”-ს რედაქტორი, ისტორიკოსი, რომელმაც მარტომ დაწერა იტალიის ისტორია 22 ტომად. ის ახლახან გარდაიცვალა 100 წელს მიტანებულ ასაკში.

[ღაღანიძის ხმა] “ის ამბობს: “რწმენის უქონლობა სასოწარკვეთით არ განმიცდია და არც ახლა განვიცდი ასე. ყოველთვის ვგრძნობდი და ვგრძნობ მას, როგორც ღრმა უსამართლობას, რომელიც ახლა, როცა საბოლოო ანგარიშის ჟამი დამდგომია, ყოველგვარ აზრს ართმევს ჩემს ცხოვრებას. თუ იმიტომ მოვედი ამქვეყნად, რომ ისე დავხუჭო თვალი, ვერც კი გავიგო, საიდან, რისთვის მოვსულვარ და საით მივდივარ, ალბათ, არც ღირდა მისი გახელა. იმედი მაქვს, კარდინალი მარტინი ამ აღსარებას თავხედობად არ ჩამომართმევს. მე მხოლოდ საკუთარი კრახის გამოცხადება მსურდა.” ეს მეოცე საუკუნის ათეისტური აზროვნების ფორმულადაც მეჩვენება, იმიტომ რომ მეოცე საუკუნეში ათეისტური აზროვნება წამყვანი იყო და, მე მგონი, თანდათან, ახლა ხდება შემობრუნება ამ აზროვნებისაგან.”

პროფესორი ზურაბ კიკნაძე კი ამბობს, რომ წიგნში მან ვერ იპოვა მთავარი კითხვის “რა სწამს მას, ვისაც არ სწამს?” პასუხი. სწორედ მისი სიტყვებით დავასრულებთ ჩვენს გადაცემას:

[ზურაბ კიკნაძის ხმა] “ეს კითხვა მუდმივი კითხვაა, ეს თან სდევს ადამიანს. რწმენა ადამიანის განუყოფელი ნაწილია, ადამიანი არის რწმენის არსება. რწმენა არის, მე ვფიქრობ, იმედის გაგრძელება. ადამიანი, რომელსაც რაიმეს იმედი და სასოება არა აქვს, ვერ წარმომიდგენია, არსებობდეს. ამიტომ რწმენასაც განვითარება სჭირდება და ჩვენს საზოგადოებაში ამ განვითარების პირობები, შესაძლოა, არც არსებობდეს, რადგან ტოტალური დაპირისპირებაა ვითომ ურწმუნობასა და რწმენას შორის. ურწმუნობა, საერთოდ, არ არსებობს. მე ასე ვფიქრობ.”
XS
SM
MD
LG