Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შეიცვალა 11 სექტემბრის შემდეგ მსოფლიოსა და საქართველოში სამხედრო კუთხით


11 სექტემბრის საავიაციო ტერაქტის შემდეგ მსოფლიოში

ხაკისფერმა იმძლავრა. ეს არა მარტო სამხედრო ხარჯების ასტრონომიულ ზრდაში გამოიხატა, არამედ ორ გლობალურ ანტიტერორისტულ სამხედრო ოპერაციაში ავღანეთსა და ერაყში, რომლის კვალობაზეც მნიშვნელოვანი კორექტივები შედის ომის წარმოებაში. ცვლილებები მოხდა საქართველოს უსაფრთხოების სისტემასა და სამხედრო მშენებლობაში, რომელსაც მეორე სუნთქვა სწორედ 11 სექტემბრის ტერაქტის შედეგად განვითარებული პროცესების შემდეგ გაეხსნა.

თუ ”ცივი ომის“ დასრულების შემდგომ მსოფლიო სამხედრო ხარჯებმა რადიკალურად იწყო შემცირება, 1998 წელს კვლავ ზრდის ტენდენციამ იჩინა თავი. ბოლო მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით სამხედრო დანახარჯები მხოლოდ 6 პროცენტით ჩამორჩება ”ცივი ომის” დროინდელ ციფრს. შვედეთის სტოკჰოლმის მშვიდობის შემსწავლელი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2004 წელს სამხედრო დანახარჯებმა ერთ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს ნიშნავს, რომ პლანეტაზე მცხოვრებ თითოეულ ადამიანზე საშუალოდ 162 დოლარი მოდის. ხსენებული გამოკვლევის თანახმად, სამხედრო დანახარჯების ლამის ნახევარი - დაახლოებით 47 პროცენტი - ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის. კერძოდ, გასულ წელს ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტი 12 პროცენტით გაიზარდა და 455 მილიარდ დოლარს მიაღწია. ვაშინგტონის მიერ სამხედრო ხარჯების გაზრდა დაკავშირებულია ტერორიზმის წინააღმდეგ გამოცხადებულ ომთან ერაყსა და ავღანეთში. სამხედრო ხარჯების ზრდის კვალად, შეიცვალა ომის წარმოების სტრატეგია და ტაქტიკა, შეიქმნა ახალი ტექნოლოგიები, სადაც ლიდერის როლში ამერიკის შეერთებული შტატებია, ამბობს თადარიგის ბრიგადის გენერალი, ამერიკის თავდაცვის უნივესიტეტის მაგისტრი გიორგი გოგაშვილი.
[გიორგი გოგაშვილის ხმა]

სამხედრო ოპერაციების წარმოების ტაქტიკისა და სტრატეგიის შეცვლა განპირობებულია იმითაც, რომ ერაყსა და ავღანეთში კოალიციური ჯარები აწყდებიან პარტიზანული ბრძოლის მეთოდს, რომელსაც, სამხედრო ტერმინოლოგიით, “ასიმეტრიული საფრთხე” ეწოდება. ასეთი არაპირდაპირი საფრთხის წინააღმდეგ კი სამხედრო ძალის გამოყენება არაეფექტურია, რაც დასავლეთის ქვეყნებს კარგად დაანახვა რუსეთის არმიის მწარე გაკვეთილებმა ჩეჩნეთში. გერმანიის გენერალური შტაბის უმაღლესი აკადემიის კურსდამთავრებული პოლკოვნიკი ალექსი ბარბაქაძე მიიჩნევს, რომ ასიმეტრიული საფრთხის გასანეიტრალებლად ასევე არაპირდაპირი მეთოდების გამოყენება ხდება საჭირო, რის გამოც წინა პლანზე გამოდიან სპეცდანიშნულების ძალები.
[ალექსი ბარბაქაძის ხმა]

დამოუკიდებელი ექსპერტები ერთხმად მიუთითებენ ერთ ტენდენციაზე, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ასიმეტრიული საფრთხის წინააღმდეგ გლობალური ოპერაციებისას გამოიკვეთა: ექსტრემისტული დაჯგუფებებიც ცვლიან და სრულყოფენ სადივერსიო და ტერორისტული ომის ტაქტიკას და ცდილობენ დარტყმა ზესახელმწიფოებს ყველაზე მგრძნობიარე ადგილებზე მიაყენონ, ამბობს გიორგი გოგაშვილი.

[გიორგი გოგაშვილის ხმა]

11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა საქართველოს უსაფრთხოების სისტემასა და არმიის მშენებლობაში. სწორედ 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ დააფინანსა პენტაგონმა ანტიტერორისტული სამხედრო დახმარება რამდენიმე ქვეყანაში. მათ შორის ერთ-ერთი იყო “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამა, რომელმაც სტარტი საქართველოში 2002 წლის გაზაფხულზე აიღო. 64 მილიონ დოლარად ღირებული პროგრამით მომზადება 2500-ზე მეტმა ქართველმა ჯარისკაცმა და ოფიცერმა გაიარა. გერმანიის ბუნდესვერის აკადემიის კურსდამთავრებული ალექსი ბარბაქაძე კიდევ ერთ მნიშვნელოვან სარგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

[ალექსი ბარბაქაძის ხმა]

სწორედ ქართველი ინსტრუქტორები წვრთნიან ამჟამად კრწანისის სამხედრო პოლიგონზე, თბილისთან ახლოს, ახალ პროფესიულ ქვედანაყოფებს - პოლიგონზე, რომელიც, შესაძლოა, ერთადერთი იყოს მსოფლიოში 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლთა სახელობის.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG