Accessibility links

ბალეტი და ხელისუფლება


თბილისში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან

დაკავშირებული პრობლემა სპეციალურმა კომისიამ უნდა გადაწყვიტოს. კონფლიქტი, შესაძლებელია, ისე გადაწყდეს, რომ ორივე მხარე კმაყოფილი დარჩეს - ხელისუფლებაც და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის პედაგოგები, აღსაზრდელები. თუმცა ბალეტისა და ხელისუფლების ურთიერთობის პრობლემა ასე ადვილად მაინც ვერ მოგვარდება. დღეს მინდა ერთ ნიშანდობლივ ტრადიციაზე გიამბოთ - როგორ ახერხებდა საბჭოთა ხელისუფლება ბალეტის მსახიობთა მანიპულაციას და როგორ იყენებდა ხელისუფლებას საბჭოთა ბალეტის ელიტა.

[საბჭოთა რადიოს ინფორმაცია]

”იქნებ ”გედების ტბა” დღევანდელი რუსეთის ჰიმნად დაგვემტკიცებინა? - იკითხა ”ნოვაია გაზეტას” ჟურნალისტმა ამ ორი წლის წინ, როცა 1991 წელს საბჭოთა კავშირში განვითარებული მოვლენები პუტინის რუსეთში შექმნილ მდგომარეობას შეადარა. 91 წლის აგვისტოში იმხანად ”ცენტრალურმა ტელევიზიამ” ხომ სწორედ ჩაიკოვსკის ბალეტით ”გააფორმა” გეკაჩეპეს ეს განცხადება. ხალხს გამოუცხადეს, რომ მიხეილ გორბაჩოვს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, აღარ აქვს უნარი მართოს ქვეყანა, მერე კი, განტვირთვისათვის, ”გედების ტბა” უჩვენეს. მრავალი წლის შემდეგ ფონდმა ”საზოგადოებრივი აზრი” მოსკოვში გამოკითხვა ჩაატარა: რა გახსენდებათ პირველ რიგში ”გეკაჩეპეს” გაგონებაზე? - ”გედების ტბა”, - იყო უმრავლესობის პასუხი.

”გედების ტბა” განსაკუთრებით უყვარდა საბჭოთა ხელისუფლებას... შეიძლება არც უყვარდა, მაგრამ ფაქტია, რომ, როგორც წესი, სწორედ ჩაიკოვსკის ბალეტის სანახავად ”დაჰყავდა” საპატიო სტუმრები ”დიდ თეატრში”... ერთი ნიკიტა ხრუშჩოვი იყო, რომელმაც მაია პლისეცკაიასთან საუბარში აღიარა, მომბეზრდა ეს “გედების ტბა”, ყველა სტუმარს ამ სპექტაკლზე ვპატიჟებ, მერე კი, ღამით, გედები მესიზმრება, ხან შავი და ხან თეთრიო. ხრუშჩოვს თურმე ოპერა უფრო უყვარდა, ვიდრე ბალეტი.

ხრუშჩოვს - ოპერა, ბრეჟნევს - ცირკი... აი, ბალეტის ნამდვილი თაყვანისმცემელი კი იოსებ სტალინი იყო. დღეს დანამდვილებით ვერავინ იტყვის, ვინ ჩაუსახა ბელადს ეს სიყვარული - საბჭოთა ბალეტის ვარსკვლავებმა თუ თანაპარტიელებმა, რომლებიც, ლენინისგან განსხვავებით, სწორედ ბალეტს აღიარებდნენ ”ყველაზე მნიშვნელოვან ხელოვნებად”.

[მუსიკა - ”გედების ტბა”]

არადა, საბჭოთა ეპოქა ბალეტისათვის ძალიან ცუდად დაიწყო. 1922 წელს ბოლშევიკებმა მოსკოვის დიდ თეატრს დახურვა დაუპირეს. ლუნაჩარსკიმ საგანგებოდაც მიმართა მოსახლეობას. “დიდ თეატრში მუშათა კლასი არ დადის. გვჭირდება კი ჩვენ ეს პარაზიტული დაწესებულება?” - იკითხა ლუნაჩარსკიმ, მაგრამ თავისი გეგმა ბოლომდე ვერ განახორციელა. დიდი თეატრის, უფრო სწორად, თეატრის საბალეტო დასის დამცველების როლში კალინინი და ენუქიძე მოგვევლინნენ... და არა იმიტომ, რომ ბალეტის ნიუანსებში ერკვეოდნენ კარგად, უბრალოდ, კალინინი და ენუქიძე - ბალერინებზე კარგავდნენ ჭკუას.

“ყველამ იცის, რომ ბალერინებში დაძვრები,” – უყვირია ერთხელ კალინინისთვის ზინაიდა რაიხს. ამბობენ, რომ სტალინს დეტალურად წარმოუდგენდნენ აბელ ენუქიძის თავგადასავლებს ბალეტის სამყაროში. ენუქიძემ ბალეტი გადაარჩინა, მაგრამ თავად სწორედ ბალეტმა დაღუპა. 1935 წელს იგი “მორალური გახრწნილობის გამო” პარტიიდან გარიცხეს.

გარკვეული თვალსაზრისით, სწორედ ბალეტის მსხვერპლი გახდა სტალინის კიდევ ერთი სერიოზული კონკურენტი - კიროვი. გავრცელებული ვერსიით, კიროვი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა პარტიის ლენინგრადის სამხარეო კომიტეტის სასადილოს ოფიციანტის, მილდა დრაულეს, მეუღლემ - ლეონიდ ნიკოლაევმა. მილდა დრაულე კიროვმა დიდ თეატრში გაიცნო, როცა მისი სატრფო ჯერ კიდევ ბალერინა იყო. მოგვიანებით, როცა სტალინმა ლენინგრადის ოპერის თეატრს კიროვის სახელი მიანიჭა, მოსკოვში ხუმრობდნენ, ახლა დიდი თეატრი კალინინის სახელობის გახდებაო.

ნიკოლაევმა აღიარა, რომ ტროცკისტებისა და ზინოვიელების დავალებით მოკლა კიროვი. ზინოვიევი და კამენევი დააპატიმრეს. ქვეყანაში ”ხალხის მტრებზე” ნადირობა გამოაცხადეს. ასე რომ, გარკვეული თვალსაზრისით, ყველაფერი ბალეტით, უფრო სწორად, ყოფილი ბალერინით დაიწყო.

საბჭოთა ხელისუფლების ასეთი, რბილად რომ ვთქვათ, ”არაგულგრილი დამოკიდებულება” ბალეტისადმი შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ: ბალეტი ხომ სრულიად მოკლებულია იდეოლოგიას? ამიტომ იგივე ”გედების ტბა” პროპაგანდისთვის ვერ გამოდგება. თუმცა რატომაც არ შეიძლება ბალეტი პრიორიტეტული გავხადოთ იქ, სადაც ხელისუფლებას კრიტიკა აღიზიანებს. კლასიკური ბალეტი ხომ - სწორედაც იმიტომ, რომ აპოლიტიკურია - არასდროს გახდება საშიში, ბალეტი არასდროს დაუპირისპირდება ხელისუფლებას. ამას წინათ ნინო ანანიაშვილმაც აღიარა ეს ერთ-ერთ რუსულენოვან რადიოსადგურთან ინტერვიუში:

[ნინო ანანიაშვილის ინტერვიუ. თარგმანი რუსულიდან] ”ჩვენი პროფესია ბავშვობიდან მორჩილებას გვაჩვევს - ჩვენ უნდა დავმორჩილდეთ ყოველთვის... არა აქვს მნიშვნელობა რამდენი წლისა ვარ, რამდენი წოდება მაქვს, ჩვენ მაინც უნდა დავმორჩილდეთ ვინმეს.”

ბალეტი და ჯარისკაცები... პატრიოტი ბალერინები და პატრიოტი ჯარისკაცები. განა შეიძლება ხელისუფლებას მწყობრში ჩამდგარი ადამიანები ხელს არ აძლევდეს? განა შეიძლება არ უყვარდეს კლასიკური ბალეტი, სადაც ყველა დისტანცია ზუსტადაა დაცული, სადაც გედები - კორდებალეტის თეთრი გედები - აბსოლუტურად ერთნაირად ტრიალებენ სცენაზე?

ამიტომ უცნაურია და გაუგებარი, რას ერჩოდა თურქმენეთის პრეზიდენტი საფარმურად ნიაზოვი ბალეტს, როცა განაცხადა, თურქმენს სისხლში არა აქვს ბალეტის საყვარული... მე არ მესმის, ბალეტი რაში მჭირდებაო.

მოსწავლეთა სასახლის შენობასთან დაკავშირებული მოვლენები ისე განვითარდა, რომ საქართველოში დღეს ნიაზოვის მოსაზრებას მოსახლეობის ერთი ნაწილიც იმეორებს. ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ეთერში ნინო ანანიაშვილმა ამ ხალხს დაახლოებით ასე მიმართა: არა უშავს, მე წავალ, რა მოხდა, ბალეტი ტანზანიაშიც არა აქვთო. ისე გამოდის, რომ ნინო ანანიაშვილის მოსვლამდე საქართველო - ტანზანიას ჰგავდა, ე.ი. აქ არ იყო ბალეტი... თუმცა ხელისუფლებისა და ბალეტის ერთობა იმდენად უძლეველია, რომ საეჭვოა ქართულმა ქორეოგრაფიამ თურქმენული ბალეტის ბედი გაიზიაროს. აკი გვითხრა კიდევ შესანიშნავმა ბალერინამ, საქართველოსა და რუსეთის სახალხო არტისტმა ნინო ანანიაშვილმა, რომელიც არცთუ ისე დიდი ხნის წინ ვლადიმირ პუტინმა ”სამშობლოსათვის გაწეული ღვაწლის გამო” სპეციალური ორდენით დააჯილდოვა:

[ნინო ანანიაშვილის ინტერვიუ] ”მე დავპირდი ბატონ პრეზიდენტს, რომ სამი წლის განმავლობაში ჩავაბარებ უმაღლესი დონის საბალეტო დასს და მან კი პირადად მომცა სიტყვა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს მართლა მოხდეს.”
XS
SM
MD
LG