Accessibility links

logo-print

რატომ დაბრუნდა საქართველოში პარლამენტარი ვალერი გელაშვილი


12 სექტემბერს დეპუტატი და რესპუბლიკური პარტიის წევრი ვალერი გელაშვილი ლიტვიდან სამშობლოში დაბრუნდა. იგი ლიტვის დედაქალაქში, ვილნიუსში, მკურნალობის ინტენსიურ

კურსს გადიოდა. როგორც ცნობილია, 2 თვის წინ, ყაჩაღური თავდასხმის დროს, სასტიკად ნაცემი ვალერი გელაშვილი თბილისიდან ვილნიუსში სასწრაფო წესით გადაიყვანეს. გელაშვილზე ყაჩაღურ თავდასხმას წინ უსწრებდა მისი და საქართველოს პრეზიდენტის ”უზრუნველყოფის სამსახურის” კონფლიქტი. როგორ მოგვარდა ეს დაპირისპირება და როგორ გრძნობს თავს პარლამენტარი ვალერი გელაშვილი?

სამშობლოში დაბრუნებული ვალერი გელაშვილი საზოგადოების წინაშე 12 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე წარდგა და განაცხადა, რომ ვილნიუსიდან სრულიად გამოჯანმრთელებული დაბრუნდა:

[ვალერი გელაშვილის ხმა] ”ვილნიუსში ბევრი მეგობარი მეუბნებოდა, რომ არ დავბრუნებულიყავი. ვილნიუსში გადასვლას, დარჩენას მირჩევდნენ. მე ყველას ვეუბნებოდი, რომ ის, რაც დღემდე შემემთხვა, მაშინ ტყუილად გადავიტანე-მეთქი. ამიტომ ჩემი დაბრუნება აუცილებელი იყო.”(სტილი დაცულია)

შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს თბილისში მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის დროს სასტიკად ნაცემმა ვალერი გელაშვილმა განაცხადა, რომ მასზე მოწყობილ თავდასხმაში ხელისუფლების წევრებს ურევიათ ხელი. გელაშვილი ახლაც ამ აზრზე რჩება და ამბობს, რომ მასზე თავდამსხმელები პროფესიონალი სპეცრაზმელები იყვნენ და ამ თავდასხმის განხორციელება ”თვალთვალის სამსახურის” ჩარევის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ვალერი გელაშვილი თავდასხმის მიზეზებს ასე ხსნის:

[ვალერი გელაშვილის ხმა] ”ეს იყო მთლიანი კომპლექსი. ჩემი სტატიები, რესპუბლიკური პარტიის წევრობა, ჩემი სახლი... ამიტომ ვიღაცამ ჩათვალა, რომ უფრო ადვილი იქნებოდა ჩემი მოშორება და ყველა საკითხის მოგვარება.”(სტილი დაცულია)

როგორც ცნობილია, ვალერი გელაშვილის ცოლზე გაფორმებული სახლი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მშენებარე რეზიდენციის წინ დგას. პრეზიდენტის აპარატის უზრუნველყოფის სამსახურსა და გელაშვილს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, აღნიშნული სახლი პრეზიდენტის რეზიდენციის ერთიან კომპლექსში უნდა შესულიყო, მშენებლობას კი გელაშვილის კერძო კომპანია განახორციელებდა.
თუმცა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის უზრუნველყოფის სამსახურმა შეთანხმებული თანხის გადახდაზე უარი განაცხადა, გელაშვილის კომპანიამ საამშენებლო სამუშაოები შეაჩერა და დაპირისპირებაც აქედან დაიწყო.

ახლა ვალერი გელაშვილი აცხადებს, რომ 2 თვის მანძილზე გამართული სატელეფონო მოლაპარაკებისას ყველაფერი გაირკვა და პრეზიდენტის უზრუნველყოფის სამსახურთან შეთანხმებას მიაღწიეს. ამ შეთანხმების მიხედვით, 1 თვის მანძილზე გელაშვილი კუთვნილ თანხას, დაახლოებით 5 მილიონ ლარს, მიიღებს, ხოლო მისი სახლი პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკუთრება გახდება.

ამ კომერციული ურთიერთობის გარკვევის გარდა, გელაშვილი იმის გარკვევითაც არანაკლებაა დაინტერესებული, თუ ვინ მოაწყო მასზე თავდასხმა და რამდენადაა უზრუნველყოფილი მისი უსაფრთხოება:

[ვალერი გელაშვილის ხმა] ”ეს თვითონ ხელისუფლებას სჭირდება, რომ დაამთავროს ეს გამოძიება, რათა დაამტკიცოს, რომ ეს მისი მოწყობილი არ არის.”

გამოძიებას კი ჯერჯერობით წინ მნიშვნელოვნად არ წაუწევია. სამართალდამცავ სტრუქტურებში კარგად არც კი იციან, ვის წარმოებაშია გელაშვილის საქმე. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა გურამ დონაძემ რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში განაცხადა, რომ გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს. პროკურატურის პრესმდივანმა ხათუნა ცხვედიაშვილმა ხელი შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ გაიშვირა.
XS
SM
MD
LG