Accessibility links

logo-print

კრიმინალურ შემთხვევათა რიცხვი მატების ტენდენციით ხასიათდება


გასული ორი დღის კრიმინალური ქრონიკა საჯარო პირების თავს გადახდენილი ისტორიებით დატვირთული და, შესაბამისად, გამორჩეული აღმოჩნდა. თბილისში,

ზაჰესის დასახლებაში, დაუდგენელი ყაჩაღები პუბლიცისტ ნოდარ ლადარიას ოჯახს დაესხნენ თავს. ყაჩაღებმა ბინა მეპატრონეების თვალწინ გაქურდეს. სავარაუდოდ, 10 სექტემბერს საბურთალოს ქუჩაზე გაიძარცვა დეპუტატ დავით ბერძენიშვილის ბინაც. ქურდობის დროს ბინის მეპატრონეები შინ არ იმყოფებოდნენ. თბილისიდან შორს, ბათუმში, მაგნიტოფონის გატაცების მიზნით გატეხეს კონსერვატორთა ლიდერის, დეპუტატ კობა დავითაშვილის მანქანა. საგამოძიებო ორგანოები დამნაშავეების დაკავების პირობას დებენ, საზოგადოებაში კი დაუცველობის გრძნობა დღითი დღე იზრდება.

ჩვენ მიერ ჩამოთვლილი სამი ცნობილი ადამიანის საკუთრებაზე განხორციელებული თავდასხმის შემთხვევების განზოგადებისას ერთი უდავოა: საქართველოში დამნაშავეთა მსხვერპლი სულ უფრო მეტი ადამიანი ხდება - უჩინოც და ჩინიანიც. სხვა საკითხია, რომ ჩინიანებს, განსაკუთრებით ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა წრეებიდან, სულ უფრო ეძნელებათ იმის დაჯერება, რომ კრიმინალურ ხელწერაში არ არის პოლიტიკური ანგარიშსწორების კვალი. დავით ბერძენიშვილს, მაგალითად, თავისი მოსაზრება აქვს იმაზე, თუ რატომ წაიღეს უცნაურმა ქურდებმა მხოლოდ რამდენიმე საგანი - მისი ნოუთ-ბუქი, ოჯახურ რელიკვიად ქცეული შვეიცარიული საათი და მისი და მისი ძმის სკოლის დამამთავრებელი ოქროს მედლები. ნოდარ ლადარიას შვებას ვერ ჰგვრის ის ფაქტი, რომ კომპიუტერთან ერთად გამქრალი მისი ლამის მთელი ცხოვრების ნაშრომი და ნააზრევი, თავისუფალ სიტყვას კი არა, კრიმინალებს ემსხვერპლა. დაბოლოს, თითქმის შეუძლებელია კობა დავითაშვილის დარწმუნება შემთხვევითობაში, ანუ იმაში, რომ გასაქურდად თავდამსხმელებს მაინცდამაინც მისი მანქანა მოუვიდათ თვალში. თუმცა ამ შემთხვევითობის დასასაბუთებლადაც არსებობს არგუმენტები: ამ ათიოდე დღის წინ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის თავმჯდომარეს, მაია ნადირაძეს, საკუთარი ავტომანქანიდან შუქნიშანზე შეჩერების დროს მოსტაცეს ხელჩანთა, რომელშიც დაახლოებით სამი ათასი ლარი და რამდენიმე ოქროს სამკაული იდო. მოკლედ, კრიმინალთა თარეშის ობიექტები არიან პოლიტიკოსებიც და რიგითი ადამიანებიც, რომლებიც დანაშაულებათა ზრდის აღმავლობის ტენდენციას შეუიარაღებელი თვალით, აშკარად ხედავენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ტენდენციას შემდეგნაირად ხსნიან:

[გურამ დონაძის ხმა] ” ხშირად ხდება არევა. როდესაც დანაშაული იმალება, - ეს ხდებოდა ადრე, - არ ფიქსირდება სტატისტიკურ მონაცემებში. ახლა დანაშაული ფიქსირდება, აღრიცხვა ხდება თითოეული დანაშაულის და ციფრები იწერება. ყველას ჰგონია, რომ მაჩვენებელი გაიზარდა. მაჩვენებელი არ გაზრდილა.”(სტილი დაცულია)

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის გურამ დონაძის არგუმენტს გარკვეულწილად იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელი თეა თუთბერიძე. მისი თქმით, აღრიცხვიანობის მოწესრიგება, მართლაც, ფაქტია, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში დანაშაულის რიცხვის ზრდაც აშკარაა.

[თეა თუთბერიძის ხმა]” ჩემი ინფორმაციით, წვრილმან დანაშაულებათა რიცხვი არის გაცილებით მაღალი. ხოლო რაც შეეხება მსხვილ დანაშაულებებს, ამის კლებაა. მე შემიძლია მოგცეთ ბოლო ორი თვის მონაცემები. მარტო ნომერ პირველ საპყრობილეში, 2005 წლის 1 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, შეყვანილია 963 ადამიანი.”

როგორც თეა თუთბერიძე ფიქრობს, საქართველოში წვრილმანი დანაშაულის აღმავლობა, თუ ეს სიტყვა შეიძლება დანაშაულს მიესადაგოს, საზოგადოების უაღრესად დაბალი სოციალური მდგომარეობის ბრალია. მისივე თქმით, დანაშაულის ამ სახეობების, კერძოდ, ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის სტატისტიკა საგრძნობლადაა გაუარესებული, არათუ წინა წლებთან, გასულ წელთან შედარებითაც კი.
XS
SM
MD
LG