Accessibility links

logo-print

აშშ-მა საქართველოს თითქმის 300 მლნ დოლარის დახმარება გამოუყო


წუხელ აშშ-ში ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომელიც, მასზე ხელისმომწერთა განცხადებით, ასი ათასობით ადამიანის ცხოვრებაზე იქონიებს გავლენას საქართველოში - ფრიად დადებით გავლენას!

ლაპარაკია მსხვილ ფულად დახმარებაზე, 295,3 მილიონი დოლარის გრანტზე, რომელიც ამერიკულმა ფონდმა “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ” გასცა საქართველოსთვის და რომლითაც გამიზნულია ცხოვრების პირობების გაუმჯობესება ქვეყნის სიდუხჭირით გამორჩეულ რეგიონებში.

ვიდრე დეტალებს შევეხებოდეთ, ზოგადი ინფორმაცია ფონდ “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციაზე”. ის აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის ინიციატივით შეიქმნა და ფულით ეხმარება ღარიბ ქვეყნებს, რომლებიც “სწორ გზას ადგანან” - ახორციელებენ პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს. აქამდე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ გრანტები გამოუყო მადაგასკარს, კაპ ვერდეს, ჰონდურასსა და ნიკარაგუას.

ასე, რომ საქართველო მეხუთე ქვეყანაა, რომელსაც “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისაგან” ფული ერგო, და ერგო - როგორც დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიაზე აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა - საქართველოსამდი ვაშინგტონის გრძელვადიანი ინტერესის, მხარდაჭერის ნიშნად.

ასევე კონდოლიზა რაისის თქმით: [კონდოლიზა რაისის ხმა] “ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო განმტკიცდება საქართველოში კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის, დამოუკიდებელი მასმედიის, თავისუფალი ეკონომიკის, მთავრობის ეფექტიანად მოქმედი უწყებების განვითარების ფონზე”.

თითქმის 300-მილიონიან გრანტის ორი მესამედი მოხმარდება რეგიონებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. დაგეგმილია, მაგალითად, სამცხე- ჯავახეთზე გამავალი საავტომობილო გზის რემონტი, ასევე მაგისტრალური გაზსადენის რემონტი, რეგიონებში წყალგაყვანილობის, კანალიზაციის სისტემის, ისევდაისევ გზების შეკეთება. [კონდოლიზა რაისის ხმა] “ქვეყანა აღადგენს რეგიონულ სატრასნპორტო სისტემას ისე, რომ სოფლებიდან თბილისამდე მგზავრობის დრო, საშუალოდ, 43 პროცენტით შემცირდება. ეს გლეხებსა და მცირე მეწარმეებს გაუადვილებს ნაწარმის ბაზარზე ჩატანას, მეტ მოქალაქეს მისცემს სოციალური სამსახურებით სარგებლობის საშუალებას”.

აქვე უნდა ითქვას, რომ “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისაგან” გრანტის მისაღები წინაპირობები ორ ნაწილად იყოფა - ხელშეკრულების გაფორმებამდე შესასრულებელი და ხელშეკრულების გაფორმების შემდგომი. შესაბამისად, საქართველოში სამუშაოები, რომელსაც ათასწლეულის პროგრამაში ჩართვა მოითხოვს, დაწყებულია. თუმცა, მათი მთავარი ნაწილი ჯერ კიდევ უნდა დაიწყოს - როგორც ჩვენმა ნიუ-იორკელმა კორეპსონდენტმა შეიტყო, მომავალი წლის გაზაფხულზე.

ჩვენი კორესპონდენტი იუწყება ასევე, რომ ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიაზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეაქო “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია” ყველაზე უფრო ეფექტიანი და მიზანმიმართული მიდგომისთვის, რომელიც კი უნახავს გრანტების გამცემ უწყებებს შორის. ამიტომ სააკაშვილს ეჭვი არ ეპარება, რომ ათასწლეულის პროგრამას კარგი შედეგები მოჰყვება - ახლა, როცა საქართველოში გადამწყვეტი მნიშვნელობის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “მთელს ქვეყანაში რეკონსტრუქცია მიმდინარეობს: ვაშენებთ გზებს, ვარემონტებთ ენერგოსისტემას, ვაშენებთ საავადმყოფოებს, სკოლებს, წყალმომარაგების სისტემას და მთელს ინფრასტრუქტურას, რომელიც სასწრაფოდ გვჭირდება”.
XS
SM
MD
LG