Accessibility links

გაეროს სამიტის მონაწილეები ამ ორგანიზაციის რეფორმაზე მსჯელობენ


ნიუ-იორკში იმართება თავყრილობა, რომელსაც უმაღლესი რანგის პოლიტიკოსთა სიმრავლით ვერც ერთი სხვა შეხვედრა ვერ გაუტოლდება: ეს არის გაეროს სამიტი

170-მდე ქვეყნის ლიდერების, მათ შორის საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტების მონაწილეობით. სამიტის მიზანია შეთანხმების მიღწევა გაეროს რეფორმირებაზე. გუშინ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა დეკლარაცია, რომელიც ითვალისწინებს გაეროს მუშაობის გაუმჯობესებას მრავალ სფეროში, იქნება ეს ადამიანის უფლებები, თუ მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობა. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით მუშაობენ გაეროს სამიტის მონაწილეები.

დეკლარაცია, რომელიც სამშაბათს დაამტკიცა გენერალურმა ასამბლეამ, გაეროს გენერალური მდივნის, კოფი ანანის შეფასებით მისაღები საფუძველია გაეროში რეფორმის წამოსაწყებად. კოფი ანანი კმაყოფილია, უწინარეს ყოვლისა, იმით, რომ ასამბლეამ მოიწონა გაეროს ორი ახალი უწყება: ადამიანის უფლებების საბჭო და კონფლიქტების შემდგომი რეკონსტრუქციის კომისია. თუმცა, კოფი ანანი უკმაყოფილების მიზეზსაც ხედავს.

[ანანის ხმა] “დიდი ნაკლია ის, რომ დეკლარაციაში არ არის შეტანილი იარაღის გაუვრცელებლობისა და განიარაღების საკითხები. ეს მართლაც სამარცხვინოა. წელს ორჯერ მოგვეცარა ხელი. ჯერ ეს საკითხი ვერ გავიტანეთ მაისში, ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების გადასინჯვისას. ხელი მოგვეცარა ახლაც. იმედი მაქვს, სამიტზე შეკრებილი ლიდერები ხელს მოჰკიდებენ ამ საქმეს და ამ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისას ჭეშმარიტი ლიდერობის უნარს გამოავლენენ”.

მაშ ასე, კოფი ანანი იმედოვნებს, რომ სამიტზე, რომელიც გაეროს დაარსების მე-60 წლისთავს ეძღვნება, შეკრებილები ერთსულოვნებას მიაღწევენ შეიარაღებისა და განიარაღების საკითხებში. რაც შეეხება უკვე მიღწეულ ერთსულოვნებას - ის ეხება გაეროს წევრი სახელმწიფოების ზომებს გენოციდის, ეთნიკური წმენდის თუ სხვა მასობრივი მკვლელობების შესაჩერებლად. დეკლარაციაში დაგმობილია ტერორიზმიც. გარდა ამისა, დეკლარაციის მიხედვით, დაგეგმილია გაეროს წევრი ქვეყნების დასახმარებლად, ე.წ. “დემოკრატიის ფონდის” გაზრდა, რასაც, უწინარეს ყოვლისა, აშშ ემხრობა. ამ და სხვა საკითხებზე მსჯელობენ სამდღიანი გენერალური ასამბლეის მსველობაში.

ამასობაში, ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა შეშფოთება გამოთქვეს ამ სფეროში გაეროში დაგეგმილი რეფორმის გამო: გაეროს ადამიანის უფლებების ამჟამინდელი კომისია, მართალია, დისკრედიტებულია არაეფექტიანობის გამო, და რეფორმას საჭიროებს - მაგრამ რეფორმის პროექტში ხარვეზებიაო, განმარტავენ ადამიანის უფლებების დამცველები. ცნობილ ორგანიზაცია “ჰიუმან რაითს უოჩს”, მისი წარმომადგენლის, პეგი ჰიკსის თქმით, არ მოსწონს, რომ რეფორმირებულ კომისიაში ფარული კენჭისყრების გამართვას აპირებს. ეს კი, შენიშნავს პეგი ჰიკსი, მოითხოვეს ბელორუსიამ, თურქმენეთმა, კუბამ, ვენესუელამ.

[პეგი ჰიკსის ხმა] “ქვეყნების ჯგუფი, რომელიც ღია კენჭისყრის წინააღმდეგ გამოვიდა, არის, ფაქტობრივად, იმ ქვეყნების კლუბი, რომელსაც აქვს საფუძველი, ეშინოდეს ადამიანის უფლებების ეფექტიანად და წარმატებულად მომუშავე კომისიისა. სხვაგვარად რომ ვთქვათ - თვით ამ ქვეყნებში მძიმე მდგომარეობაა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ”.

ზემოხსენებული ბელორუსიის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკა ხვალ გამოვა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნაზე, მოგვიანებით, თბილისის დროით, 20 საათისთვის, საქართველოს პრეზიდენტის მოხსენება იწყება.

ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, გენერალურ ასამბლეაზე განსაკუთრებული ინტერესით მოელიან ირანის ახალი პრეზიდენტის გამოსვლას: მაჰმუდ აჰმადინეჯადი პირველად გამოვა ასეთ წარმომადგენლობით საერთაშორისო ფორუმზე.
XS
SM
MD
LG