Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ფიქრობენ თბილისელები სტუდია „რეპორტიორის“ მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებაზე


სტუდია „რეპორტიორის“ მიერ მომზადებული ფილმი, რომელიც დეპუტატ კობა ბექაურის კომერციულ საქმიანობას შეეხება, ტელეკომპანია „202“-ის მაყურებელმა 13 სექტემბერს

ღამის ეთერში იხილა. არადა, ფილმის არსებობის შესახებ საზოგადოებამ ჯერ კიდევ ორი კვირის წინ, 27 აგვისტოს, შეიტყო, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტარ კობა ბექაურისა და „202“- ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, შალვა რამიშვილის, საუბრის ფარული ჩანაწერი გაავრცელა. ოპერატიული მასალიდან მაყურებელმა შეიტყო, რომ დეპუტატი თანახმა იყო ფილმის გაუშვებლობის სანაცვლოდ 100 ათასი ამერიკული დოლარი გადაეხადა, თუმცა სტუდია „რეპორტიორის“ პროდუქციამ დღის სინათლე მაინც იხილა. რა შთაბეჭდილება მოახდინა ჟურნალისტურმა გამოძიებამ თბილისელებზე?

თბილისელებმა დეპუტატ კობა ბექაურის კომერციული საქმიანობის შესახებ გადაღებული ფილმი 13 სექტემბერს, საღამოს 9 საათზე, იხილეს. ტელეკომპანია „202“-ის მაყურებელთა დიდ ნაწილს ჟურნალისტების მიერ მოპოვებული და ეთერში გაშვებული დოკუმენტური მასალა დამაჯერებლად ეჩვენა.

[მამაკაცის ხმა] „ძალიან კარგი იყო! ძირითადი რაც იყო, ის ათქმევინეს. ათქმევინეს, წილი მაქვსო, ეს იყო მთავარი.“

[ქალბატონის ხმა] „ხარისხიანი იყო, კი. კარგად იყო ფილმი გაკეთებული!“

ეწევა თუ არა ჟურნალისტების მიერ მიზანში ამოღებული დეპუტატი აკრძალულ კომერციულ საქმიანობას? გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ კობა ბექაურმა კანონი დაარღვია.

[მამაკაცის ხმა] „კომისია უნდა შეიქმნას ამ საკითხის შესასწავლად, მაგრამ რატომ აყოვნებენ კომისიის შექმნას, არ ვიცი. ისე, ჩემი აზრით, დამნაშავეა ბექაური!“

[მამაკაცის ხმა] „დასაჭერია, მაგრამ ვინ დაიჭერს. ლომს როდის იყო კატა ერეოდა.“

[მამაკაცის ხმა]„ჩემი სიტყვა ეს არის: დასაჭერია. რა უნდოდა საცოდავ კაცთან, ქრთამი შეუგდო და გააფუჭა.“

თუმცა არიან ისეთი მოქალაქეებიც, რომლებსაც პარლამენტის წევრი ჟურნალისტების მიერ მოწყობილი შანტაჟის მსხვერპლი ჰგონიათ.

[მამაკაცის ხმა]„ბექაურს რატომ ამტყუნებენ, რატომ? ქურდული რესპუბლიკაა და იმიტომ. ჩაუშვაო, ამბობენ. რამიშვილს რომ ჩაეჯინა, ეგ არაფერი იქნებოდა? ბექაურმა რომ გამოიჭირა, ატყდა ერთი ამბავი. დამნაშავე უნდა დაისაჯოს!“(სტილი დაცულია)

თბილისელები ფიქრობენ, რომ დეპუტატი, თუ დანაშაული დაუმტკიცდა, სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს. თუმცა მოქალაქეები არ არიან დარწმუნებულები, რომ ხელისუფლება პრინციპულობას გამოიჩენს:

[მამაკაცის ხმა]„ვინ დასჯის? დამსჯელები თვითონ სჩადიან დანაშაულს ყოველდღე. ვინ დასჯის, ვინ!“

[ქალბატონის ხმა]„მე მგონი,პარლამენტში ყველა ბექაურია.“

დაბოლოს: დეპუტატ კობა ბექაურის საქმიანობის შესახებ სტუდია „რეპორტიორის“ მიერ მომზადებულ ფილმს თბილისელები კიდევ ერთხელ იხილავენ, ამჯერად უკვე საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველი არხის ეთერში, 14 სექტემბერს, 22 საათზე.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG