Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ერთ-ერთ ქუჩას ჯორჯ ბუშის სახელი მიენიჭა


14 სექტემბერს საქართველოს დედაქალაქის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მოიწონა თბილისის მერიის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, დედაქალაქის ერთ-ერთ

ქუჩას აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის სახელი მიენიჭება. თბილისის მთავრობის ამ ნაბიჯს საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების კრიტიკა და პროტესტი მოჰყვა. რამ გამოიწვია ეს პროტესტი და რატომ გადაწყვიტა დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა ერთ-ერთი ქუჩისთვის აშშ-ის პრეზიდენტის სახელის მინიჭება?

[ისმის ქუჩის ხმაური]

თბილისის საერთაშორისო აეროპორტისკენ მიმავალი ავტომაგისტრალის დასაწყისში დამონტაჟებულია უზარმაზარი სარეკლამო დაფა, რომელზეც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის, მოღიმარი სახეა გამოსახული, სურათის გვერდით კი დიდი ასოებით წერია: ”ჯორჯ ბუშის ქუჩა”. ეს ქუჩა, რომელიც ბოლო დრომდე კახეთის ერთ-ერთი ძირძველი სოფლის, მელაანის, სახელს ატარებდა, კახეთის გზატკეცილის საწყის მონაკვეთს წარმოადგენს. რატომ მაინცდამაინც ეს ქუჩა? ამ კითხვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ზაზა ბეგაშვილს მივმართე. მისი თქმით, ჯორჯ ბუშის სახელის მისანიჭებლად ერთ-ერთი ჩვეულებრივი თბილისური ქუჩა შეარჩიეს:

[ზაზა ბეგაშვილის ხმა] ”ჩვენ მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი, ეს ჟესტი კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს იმას, რომ ქართველი ხალხისთვის, ამ ქვეყნის პრეზიდენტისთვის ორიენტირები არის მკვეთრად გამოხატული. და ჩვენ ძლიერი ქვეყნის მშენებლობის გზაზე აუცილებლად გვერდში გვედგება ისეთი დიდი მეგობარი, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები და მისი პრეზიდენტი. და ჩვენ ამით გამოვხატავთ ჩვენს განსაკუთრებულ პატივისცემას პრეზიდენტის მიმართ.”(სტილი დაცულია)

ხელისუფლების ამგვარ მიდგომას პრიმიტივიზმად მიიჩნევენ საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციები -“ლეიბორისტები” და “ახლები”. აი, რა განაცხადა “ახლების” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი მოსიძემ:

[გიორგი მოსიძის ხმა] ”ჩვენ გვყავს, სამწუხაროდ, ძალიან ”გოიმი” ხელისუფლება თავისი გადაწყვეტილებების პრიმიტიულობით და თვლიან, რომ სახელის დარქმევით ბუშის დამოკიდებულება ამ ქვეყნის მიმართ შეიცვლება. მე ვფიქრობ, რომ ჯობია დემოკრატიის განვითარებაზე მეტი ვიზრუნოთ და ბუშს არ ეწყინება, თუ მეტი დემოკრატია იქნება საქართველოში და მისი სახელი არ იქნება არც ერთ ქუჩაზე.”(სტილი დაცულია)

“ახლები” და “ლეიბორისტები” აცხადებენ, რომ რომელიმე ქუჩისთვის აშშ-ის მოქმედი ან ცოცხალი პრეზიდენტის სახელის მისანიჭებლად თავად მათი ნებართვაა საჭირო. ამ შემთხვევაში პრეზიდენტ ბუშის პოზიციის გასაგებად ოპოზიციურმა ფრაქციებმა სპეციალური წერილი მოამზადეს და აშს-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აფრინეს. სანამ პასუხი გახდება ცნობილი, მანამდე ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს თავად იმ ხალხის აზრის მოსმენა, რომელსაც ჯორჯ ბუშის ქუჩაზე ცხოვრება თუ საქმიანობა მოუწევთ. ჯერ ყოფილ მელაანის, ახლა კი ჯორჯ ბუშის ქუჩაზე სიგარეტებითა და გამაგრილებელი სასმელით მოვაჭრე ქალბატონს მოვუსმინოთ:

[მოქალაქის ხმა] ”საწინააღმდეგო რა უნდა მქონდეს, ბუში ისეთი პიროვნება არის, რომ... მე, მაგალითად, ძალიან მომწონს ეგ პიროვნება.”

აი, რას ამბობენ თვით მელაანის ქუჩაზე მცხოვრებნი:

[მოქალაქეების ხმა] ”ვინ არის ბუში ჩვენთვის? მე მგონი, არ არის ნორმალური. რახან ფულს გვაძლევს, ეს არ ნიშნავს, რომ მისი სახელი უნდა ვატაროთ...”(სტილი დაცულია)

”დროებით უმუშევარი ვარ, მელაანის მესამე შესახვევში ვცხოვრობ, ახლა - ჯორჯ ბუშის მესამე შესახვევში. - საამაყო არ არის? - ვის ეამაყება და ვის არა. საწყალ კაცს ის ეამაყება, ჰქონდეს ყოველდღიური შემოსავალი, ყოველდღიური საჭმელ-სასმელი და არ იფიქროს, რომ დღეს შვილებს რა ვაჭამო, ხვალ რა ვქნა და ზეგ რა. აი, რა არის საამაყო საქართველოსთვის...”(სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG