Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბაჟო ტერმინალთან დეპუტატების შესაძლო კავშირი პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს - ასეთია რეაქცია სტუდია ”რეპორტიორის” ფილმზე


სტუდია ”რეპორტიორის ” მიერ დეპუტატ კობა ბექაურის წინააღმდეგ მომზადებული ფილმის ჩვენების შემდეგ ფრაქცია ” ნაციონალური მოძრაობა” შეიკრიბა და მიიღო

გადაწყვეტილება, პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ შეისწავლოს საბაჟო ტერმინალ ”ოპიზას” საქმე. ფრაქციაში ერთხმად შეთანხმდნენ იმაზე, რომ საზოგადოებაში მოარულ შეკითხვას, რა კავშირი აქვს ”ოპიზასთან” კობა ბექაურს ან საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წარმომადგენლებს, დამაჯერებელი პასუხი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნამ უნდა გასცეს. ასეთია რეაქცია ”სტუდია” რეპორტიორის ფილმზე. საზოგადოებამ ის უკვე ნახა, ამდენად, დასკვნებიც უკვე გამოტანილია. მაყურებლის ნაწილს მიაჩნია, რომ ფილმი კარგად იყო მომზადებული და დეპუტატს კანონდარღვევაში ამხელს, თუმცა არსებობს განსხვავებული აზრიც და მას, პირველ რიგში, კობა ბექაურის თანაგუნდელები გამოთქვამენ.

სტუდია ”რეპორტიორის” ფილმზე აზრის გაზიარება ფრაქცია ” ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წარმომადგენელს ვთხოვე. მათ ერთმანეთისგან განსხვავებული შეხედულებები არ გამოუთქვამთ. ფრაქციაში აზრი ერთია და ის ასეთია: ფილმში არაფერია ისეთი, რაც დეპუტატს - კონკრეტულად, კობა ბექაურს, კანონდარღვევაში ამხელდეს და, ამასთან ერთად, პროფესიული თვალსაზრისითაც მოიკოჭლებს. ”ნაციონალური მოძრობის” გენერალურმა მდივანმა გიორგი არველაძემ ისიც კი გვითხრა: ” იმდენად ვერ გაამართლა ამ ფილმმა მოლოდინი, მისი ავტორი რომ ვიყო, ნამდვილად შემრცხვებოდაო. ” ”დეპუტატის ვალმა” შთაბეჭდილება ვერც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძეზე მოახდინა. წარსულში ის თავად იყო დაინტერესებული საგამოძიებო ჟურნალისტიკით და ამბობს, რომ ”რეპორტიორის” ფილმს საგამოძიებოს ვერ დაარქმევს:

[გივი თარგამაძის ხმა] ”ეს არის პუბლიცისტური ფილმი, რომელშიც არის მოყვანილი ის ფაქტები, რაც ისედაც გადიოდა სხვადასხვა სიუჟეტებში, ვერაფერი ახალი აქ ვერ დავინახე, მით უმეტეს, ვერ დავინახე კანონის დარღვევა. ”

თარგამაძის აზრს იზიარებს გიგა ბოკერიაც:

[გიგა ბოკერიას ხმა] ” 6 თვეში დაამზადეს ფილმი, სადაც ბექაურის მიერ დეკლარაციაში მოყვანილი ფაქტებია საჩვენებლად მომზადებული. ერთადერთი, ეს ფილმი აძლიერებს ეჭვებს, რომ მზადდებოდა შანტაჟისთვის, რადგან შეუძლებელია 6 თვე გჭირდებოდეს ასეთი მდარე მასალის მოსამზადებლად. ”

ფილმზე არცთუ ისე მაღალი წარმოდგენის მიუხედავად, ბექაურის თანაგუნდელებმა საჭიროდ მიიჩნიეს საბაჟო ტერმინალ ”ოპიზასთან” დეპუტატის კავშირის შესწავლა, უბრალოდ, საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად. ეს არის და ეს. კობა ბექაურს არც ფრაქციიდან უშვებენ და არც კიცხავენ.
ამ მხრივ, მოლოდინი არ მართლდება.

[გიორგი არველაძის ხმა] ”ფრაქციაში ერთსულოვანი პოზიციაა, სახელმწიფოში უნდა ისჯებოდნენ დამნაშავეები და არა ისინი, ვინც გამოავლენენ დამნაშავეებს. ”

ამბობს გიორგი არველაძე. ნათქვამში, გარკვეულწილად, ჩანს შექება დეპუტატისა, რომლის ბიზნესინტერესების შესასწავლად პარლამენტის საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას. ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებით, პარლამენტში დეპუტატების ბიზნესინტერესების გარკვევა ”ოპიზასთან” ბექაურის და სხვების შესაძლო კავშირის გამოძიებით უნდა დაიწყოს, ”ოპიზას” ”ალდაგის” საქმის შესწავლა უნდა მოჰყვეს მემარჯვენე ოპოზიციის ლიდერის ბიზნესინტერესების გასარკვევად და ასე შემდეგ. საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე პარლამენტი გადაწყვეტილებას პარასკევს მიიღებს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მასში უმრავლესობას უმრავლესობა არ ეყოლება.

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”უმრავლესობაში უმრავლესობა არ იქნება ამ კომისიაში. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ოპოზიციამ არ თქვას, კომისიის დასკვნა არაობიექტურიაო. ”

დაიწყება ”ოპიზათი”, გაგრძელდება “ალდაგით” და ასე შემდეგ. პარლამენტში დეპუტატების ბიზნესინტერესების შესწავლის - უფრო ზუსტად, გამოძიების -პროცესი იწყება.
XS
SM
MD
LG