Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბიტურიენტთა ნაწილი განათლების სამინისტროს სასამართლოში უჩივლებს


უახლოეს სამ-ოთხ დღეში - სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოს - ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება. მრავალთვიანი ვნებათაღელვის

შემდეგ გაირკვევა, ვინ მოხვდა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა სიაში და, შესაბამისად, ვინ გახდა სტუდენტი. საყოველთაო შეფასებით, პირველი ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით, მაგრამ ხარვეზებით ჩატარდა. ერთ-ერთი ასეთი ხარვეზის გამო, შესაძლოა, განათლებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი, მოპასუხის რანგში, სასამართლოშიც კი დაიბარონ. საინფორმაციო ბაზაში შეტანილი ნაგვიანევი ცვლილებების გამო, უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულთა წინასწარი სიებიდან 71 აბიტურიენტი ამოვარდა. სწორედ ისინი და მათი მშობლები აპირებენ განათლების სამინისტროს წინააღმდეგ ჩივილს.

ტექნიკური ხარვეზი, რომლის თაობაზეც საჯაროდ 11 სექტემბერს გაცხადდა, აბიტურიენტთა 0,3 %-ს ანუ 71 ადამიანს შეეხო. საუბარია ფასიან სექტორზე მოხვედრილ აბიტურიენტებზე, რომლებიც, მშობლებთან ერთად, მილოცვების ეიფორიის გასვლის შემდეგ, უკვე იმის თადარიგში იყვნენ, სად და როგორ მოეგროვებინათ სწავლის საფასური.

[მშობლის ხმა] ”მოგეხსენებათ, რა ძნელია სწავლის საფასურის გადახდა. ხომ უნდა მოიძიო ეს თანხები. ამის გამო რაღაცას გაყიდი ოჯახში, რაღაც გარკვეულ რიცხვამდე უნდა შეგვეტანა ეს გადასახადი. ამის გამო ათასი რაღაც ღონისძიება ხომ მივიღეთ ოჯახში. ამის შემდეგ მოდიან და გეუბნებიან, რომ თურმე ბავშვი ჩარიცხული არ არის და თავიანთი დაშვებული შეცდომაა.”(სტილი დაცულია)

განათლების სამინისტროში შეცდომას აღიარებენ, თუმცა, მეორე მხრივ, კატეგორიულად ამტკიცებენ, რომ ამით სამართლიანობა არ დარღვეულა, პირიქით:

[ლევან გახელაძის ხმა]” უფრო მეტი უსამართლობა იქნებოდა, დამერწმუნებით, რომ ჩვენ ეს ხარვეზი არ აღმოგვეჩინა და ვიღაცა მოხვედრილიყო დაუმსახურებლად უმაღლეს სასწავლებელში და ადამიანებმა, რომლებმაც დაიმსახურეს, - ზუსტად იმავე რაოდენობაზეა ლაპარაკი, ალბათ, ხვდებით, - დარჩენილიყვნენ გარეთ. ჩვენ, ვინც ვიყავით ამის მესვეურები, რა ნამუსით უნდა გვეცხოვრა მთელი დარჩენილი ცხოვრება?”(სტილი დაცულია)

ეს განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან გახელაძეა. მისი თქმით, ტექნიკური ხარვეზი საინფორმაციო ბაზის შედგენის დროს გაიპარა. ამ შეცდომების განმარტება კი განათლებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის დირექტორს მაია მიმინოშვილს ვთხოვეთ.

[მაია მიმინოშვილის ხმა]” ერთ შემთხვევაში, როდესაც ჩარიცხვები უკვე განხორციელებული იყო, ერთი ხაშურელი აბიტურიენტი დაგვიკავშირდა და ერთი ბათუმელი, რომელთაც შეუცვლიათ თურმე რეიტინგული ჩამონათვალი სპეციალობების, შეუცვლიათ პირველ გამოცდაზე და, სამწუხაროდ, ამან ჩვენამდე არ ჩამოაღწია. ესე იგი ისინი სამართლიანად ითხოვდნენ მათ ჩარიცხვას მეორადი, შეცვლილი რეიტინგული სიით.”(სტილი დაცულია)

ჩარიცხულთა საბოლოო ბაზაში ცვლილება განაპირობა ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე მომხდარმა შემთხვევამაც, როდესაც გამსვლელ სიებში აღმოჩნდა ორი ისეთი აბიტურიენტი, რომელსაც სავალდებულო საგანი, მათემატიკა, ჩაბარებული არ ჰქონდა.

მოკლედ, ტექნიკური ხარვეზების კორექტირების შემდეგ ამოქმედდა ეგრეთ წოდებული ”დომინოს პრინციპი” - ცვლილება აბიტურიენტთა ნულ მთელ, სამ მეათედ პროცენტს შეეხო. განათლების სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ეს 71 ადამიანი კი არ დაისაჯა, საწყის პოზიციას დაუბრუნდა. ინციდენტის განმუხტვის მიზნით, სამინისტრომ მათთვის მეორადი განაცხადების წარდგენის ვადა გაახანგრძლივა. არსებითად ეს არის ერთადერთი შეღავათი, რაც განათლების სამინისტრომ დაზარალებულთა მიმართ გასწია. განათლებისა და შეფასების ცენტრში აცხადებენ, რომ მეორადი განაცხადი სამოცდათერთმეტივე ადამიანმა შეიტანა. საწინააღმდეგოს ამბობენ აბიტურიენტები და მათი მშობლები.

[მშობლის ხმა]”განაცხადებში არ არის ის სპეციალობა, რაც ჩემს შვილს უნდა. ჩემი შვილი ჩაირიცხა უცხო ენებზე - ინგლისური ენა და ლიტერატურა. ახლა გადავიყვანო მეაბრეშუმეობაზე, შავ მეტალურგიაზე? გაქვს შანსიო. ეს არის შანსი? ეს არის მოტყუება. ეს არის მომავალი სტუდენტების ფსიქოლოგიურად ნერვების დანგრევა.”(სტილი დაცულია)

სიებს მიღმა დარჩენილი აბიტურიენტები გამოცდების შედეგებს საბოლოო მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ გაასაჩივრებენ. მათი ძირითადი მოთხოვნა სასურველ ფაკულტეტებზე ადგილების დამატებაა. კანონმორჩილებითა და პრინციპულობით ცნობილი განათლების სამინისტრო დათმობას არც ამ კონკრეტულ შემთხვევაში აპირებს.
XS
SM
MD
LG