Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გავრცელდა თუ არა ”მფრინავი მენინგიტი” სასჯელთაღსრულების დაწესებულებებში


ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 11-12 სექტემბერს სასჯელთაღსრულების დეპარტამენტის საავადმყოფოდან 55 პატიმარი სხვადასხვა საპატიმროში გადაიყვანეს.

ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით კი, ციხის საავადმყოფო 120-მდე პატიმარს დაატოვებინეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს, მათ შორის მძიმე ავადმყოფებიც. ერთერთი ვერსიით, პატიმრებს საავადმყოფო იმის გამო დაატოვებინეს, რომ მათგან გაჟონა ინფორმაციამ ციხეში ”მფრინავი მენინგიტის” დაავადების გავრცელების შესახებ.

ბოლო დღეებში ”სასჯელთაღსრულების დაწესებულებებში” შექმნილი მდგომარეობის გამო განგაში ატეხა არასამთავრობო ორგანიზაცია ”ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის ” ლიდერმა ნანა კაკაბაძემ. მისი განცხადებით, პატიმართა ეტაპირების განხორციელებამდე ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ”მენინგოკოკური” დაავადებით 2 პატიმარი გარდაიცვალა.

[ნანა კაკაბაძის ხმა] ”მოყვა ამას ის, რომ ციხეში დაიწყეს რეპრესიები, ანუ გამოძიება იმისა საიდან მოხვდა ეს ინფორმაცია ჩემთან და არა ის, რომ ამ დაავადების საწინააღმდეგოდ რაიმე ღონისძიებები გაეტარებინა ადმინისტრაციას.”

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კი ირწმუნება რომ სასჯელთაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებაში ეგრეთწოდებული ”მფრინავი მენინგიტის” ინფექციის გავრცელება არ დაფიქსირებულა და მხოლოდ ერთი ხანდაზმული პატიმარი გარდაიცვალა. ისიც - თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლილობის გამო. იუსტიციის სამინისტროს ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელის რამაზ ღულაძის განცხადებით კიდევ ერთი პატიმარი, რომელიც თითქოს მენინგიტით გარდაიცვალა, რადიკულო-ნერვიტითაა დაავადებული და თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს.

[რამაზ ღულაძის ხმა] ”ეგრეთწოდებული მფრინავი მენინგიტი - ეს გახლავთ სპეციფიკური მიკრობით გამოწვეული თავის ტვინის ანთება, მსგავსი არაფერი არ დაფიქსირებულა.”

თუმცა კი ნანა კაკაბაძის ინფორმაციით, რომელსაც სასჯელთაღსრულების სისტემის მონიტორინგის საბჭოც ადასტურებს, ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მენინგიტით დაავადებული 3 პატიმარია მოთავსებული.
ეს დაავადება გადამდები ხასიათისაა და, სრულებით შესაძლებელია, საავადმყოფოდან ეტაპირებულთა მეშვეობით მენინგიტი სხვა საპყრობილეშიც გავრცელდეს.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის ეკა ტყეშელაშვილის კომენტარი:

[ეკა ტყეშელაშვილის ხმა] ”თავისთავად ის ფაქტი, რომ ადამიანი შეიძლება სრულყოფილად ჯანმრთელი არ იყოს, არ ნიშნავს და არ არის იმის საფუძველი, რომ იგი მაინცდამაინც გადაყვანილი იყოს საავადმყოფოში.”

პატიმრებისადმი ასეთ მიდგომას ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევად აფასებს იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციური სისტემის მონიტორინგის საბჭო. საბჭოს ერთერთმა წევრმა თეა თუთბერიძემ 13 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პატიმართა უფლებების უხეში დარღვევაა ისიც, რომ მსჯავრდებულთა და განსასჯელთა საავადმყოფოდან ეტაპირება სამედიცინო დასკვნის გარეშე განხორციელდა.

[თეა თუთბერიძის ხმა] ”რეალურად იქ არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს დეპარტამენტის უფროსმა, რომ არ არის პრობლემა, დამერწმუნეთ, პრობლემა ნამდვილად არის იმ კვების პირობებში, რა კვებაც აქვთ პატიმრებს. იმ ფონზე, რომ 3 თეთრი არის გამოყოფილი პატიმრის წამლისთვის, რეალურად არსებობს ყველაფრის საშიშროება, ინფექციის გავრცელების და ყველა პატიმარი დღეს ზედმეტ-ნაკლებად დაავადებულია.”

ასეთი მდგომარეობის გამო მონიტორინგის საბჭო იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობისა და სასჯელთაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.
XS
SM
MD
LG