Accessibility links

საშემოდგომო სესიის პირველი დებატები უხერხულ თემებზე


საშემოდგომო სესია ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის ცოტა არ იყოს უხერხულ თემებზე დებატებით დაიწყო. თემები ასეთი იყო - საკუთარი მეუღლის

მიზეზით ეშინია თუ არა პარლამენტის თავმჯდომარეს შინაგან საქმეთა მინისტრისთვის მწვავე შეკითხვების დასმა, როდიდან და საიდან მოსდგამს ნინო ბურჯანაძის ოჯახს ქონება, ჩაანცვლა თუ არა ლევან მამალაძე ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის ძმამ ”მადნეულში”... ეს და სხვა შეკითხვები რა თქმა უნდა ოპოზიციიდან წამოვიდა. უხერხულ თემებზე საკამათოდ უმრავლესობის ლიდერების ყველაზე აქტიურად გამოწვევა მემარჯვენე ოპოზიციის ლიდერმა დავით გამყრელიძემ მოახერხა. მისი და სხვა ოპოზიციონერი დეპუტატების შეკითხვებს პასუხი გაეცა, მათ შორის იმითაც, რომ არ დაკმაყოფილდა მემარჯვენეების მოთხოვნა ბექაურისა და რამიშვილის სკანდალური საქმის შესასწავლად პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე.

მემარჯვენეების ინიციატივას პარლამენტში მხოლოდ 25 მხარდამჭერი გამოუჩნდა. ბექაური -რამიშვილის სკანდალური საქმის შესასწავლად პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგ ხმა 34-მა დეპუტატმა მისცა. უმრავლესობის უმრავლესობას კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღიათ. მმართველ ძალაში მიიჩნიეს, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა ხელს შეუშლიდა გამოძიებას, რომელიც ტელეკომპანია ”202” -ის დამფუძნებლების დაკავების შემდეგ მიმდინარეობს. უმრავლესობა კონკრეტულ სკანდალურ საქმეში ჩაძიებაზე უარს ამბობს. მის წარმომადგენლებს ურჩევნიათ საგამოძიებო კომისია დეპუტატების ბიზნეს-ინტერესების შესასწავლად შეიქმნას, ასეთი ინიციატივა პარლამენტში, წესით, არ უნდა ჩავარდეს.

დეპუტატების ბიზნეს-ინტერესების შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით რამდენიმე დღის წინ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი გამოვიდა. ამით მან პასუხი გასცა მემარჯვენე ოპოზიციის და კონკრეტულად ოპოზიციის ამ ნაწილის ლიდერის დავით გამყრელიძის მოთხოვნას ბექაური-რამიშვილის საქმესთან ერთად კარგად შესწავლილიყო მიხეილ მაჭავარიანის ბიზნეს-ინტერესები. ხსენებულ ინტერესებში, როგორც ცნობილია, იგულისხმებოდა საბაჟო ტერმინალ ”ოპიზასთან” მაჭავარიანის შესაძლო ინტერესები. ”იყოს ასე, ოღონდ შესაწვლილ იქნას გამყრელიძის ბიზნეს-ინტერესებიც”, - იყო მაჭავარიანის პასუხი გამოწვევაზე და პაექრობა ამ ორ დეპუტატს შორის, რაღა თქმა უნდა, საშემოდგომო სესიის პირველსავე პლენარულ სხდომაზეც გაგრძელდა:

[დავით გამყრელიძის ხმა] ”ზუსტად მაჭავრიანზეა ნათქვამი ”მე შაირი არ მინდოდა შენ ამტეხე ძალადაო ”. ვის და ვის და ბატონ მაჭავრიანს არ უნდა აწყობდეს წარსულის ქექვა. როდის იყო მის წარსულში ნათელი დღეები? მაშინ როცა მოქალაქეთა კავშირში გენერალური მდივანი იყო და არჩევნებს აყალბებდა, თუ შევარდნაძის მინისტრი რომ იყო და სხვა და სხვა მაქინაციებით ბიუჯეტს სერიოზულ ზარალს აყენებდა.”

დავით გამყრელიძე უფრო შორს წავიდა და თქვა, რომ მიხეილ მაჭავარიანის ძმა ”მადნეულში” ლევან მამალაძეს ჩანაცვლებია. მაჭავარიანს ნათქვამზე რეაგირება აუცილებლად უნდა მოეხდინა. მან გადაწყვიტა არ აყოლოდა გამყრელიძეს კინკლაობაში, მასზე მაღლა დამდგარიყო და ეთქვა:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] ” შენს სულში ჩაიხედე, ამ სიმართლით იარე დათო!. ”

13 სექტემბერს გამყრელიძე არ დაუწყევლია პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს, არადა მემარჯვენე ოპოზიციის ლიდერმა თავის გამოსვლაში ოჯახის წევრი მასაც უხსენა მაშინ, როცა საშემოდგომო სესიის გახსნასთან დაკავშირებით გამოსვლა და საერთოდ საქმიანობა გაუკრიტიკა.

[დავით გამყრელიძის ხმა] ”თუნდაც ის ფაქტი, რომ პარალმენტის წევრზე თავდასხმა განახორციელა და ის ამბობს თავდასხმა უშიშროებიდან მოდიოდა, საკმარისი იყო იმისთვის, რომ მწვავე შეკითხვები დაგესვათ ვანო მერაბიშვილისთვის, მაგრამ შეიძლება იმის გამო, რომ თქვენი მეუღლე იქ მუშაობს, გეშინიათ რომ მასზე ზეწოლა არ მოხდეს და ასე შემდგ. ”

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ” ბატონო დავით, აღარ მოგწყინდათ ჩემს მეუღლეზე საუბარი... ”

გაირკვა, რომ დეპუტატების ერთ ნაწილს პარლამენტის თავმჯდომარის ოჯახის წევრებზე ლაპარკი არ მოსწყინდა და არა მარტო ლაპარაკი: დეპუტატმა გოჩა ფიფიამ პარლამენტის სხდომიდან საზოგადოებას აუწყა, რომ მაღალი თანამდებობის პირების არადეკლარირებული უძრავ-მოძრავი ქონების შესწავლას აპირებს და მისი ამ განცხადების შემდეგ ოჯახზე და ოჯახის ქონებაზე ნინო ბურჯანაძე ახლა უკვე საკუთარი ინიციატივით ალაპარკდა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”თუ მოინდომებთ, იმასაც გაარკვევთ 20-30 წლის წინ, 100 წლის წინ ჩემს ოჯახს რა ქონება ჰქონდა და სირცხვილია ამდენი წლის შემდეგ ამ თემაზე ლაპარაკი. ”

ვისგან რაზე ლაპარაკია სამარცხვინო, - ამის შესახებ ოპოზიციის წევრების გასაგონად განმარტება უმრავლესობიდან გიორგი არველაძემაც გააკეთა. თუმცა, მისთვის არავის შეუხსნებია არის თუ არა, სულ ცოტა, უხერხული დეპუტატისთვის პრეზიდენტის ადამინისტრაციის აპარატის ხელმძღვანელის პოსტის შეთავსება.
XS
SM
MD
LG